Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვფიქრობ, ეს ტრამპის არასწორი წაკითხვაა“ - რას ამბობენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოზე


კამალა ჰარისი, დონალდ ტრამპი
კამალა ჰარისი, დონალდ ტრამპი

3 ნოემბერს, საქართველოში გასამართი არჩევნებიდან 9 დღეში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩატარდება არჩევნები - ამერიკელები აირჩევენ პრეზიდენტს, სენატის მესამედსა და წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას.

აშშ-ის წლევანდელ არჩევნებს დანარჩენ მსოფლიოში დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ამის მთავარი მიზეზი დონალდ ტრამპია, რომელიც უკვე მესამედ იყრის კენჭს თეთრ სახლში მეორედ მოსახვედრად. სოციოლოგების თანახმად, დღევანდელი გადმოსახედიდან, ტრამპს გამარჯვების არცთუ დაბალი შანსი აქვს.

მისი გამარჯვების შემთხვევაში კი აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არაერთი მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ჯერაც ბოლომდე უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და რამდენად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

მეტად პროგნოზირებადია ტრამპის მეტოქის, დემოკრატი კანდიდატის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის პოზიცია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნაკლები შანსია, მან პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო კურსს გადაუხვიოს.

ამერიკულ არჩევნებს საქართველოშიც ადევნებენ თვალს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ მათ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის ახლანდელი პოლიტიკის შერბილების იმედი აქვთ. ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებისა და დემოკრატიის მდგომარეობის გამო, აშშ-ის მთავრობამ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა, საქართველოს მთავრობას კი პირდაპირი ფინანსური დახმარება შეუჩერა.

რადიო თავისუფლებამ ამერიკელ მიმომხილველებს ჰკითხა, არის თუ არა გამართლებული „ოცნების“ იმედები და რას უნდა ველოდეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისგან ქართული და ამერიკული არჩევნების შემდეგ.

თითიდან გამოწოვილი“

„ვფიქრობ, "ქართული ოცნების" იმედები, რომ ტრამპი მოვა და როგორღაც საქართველოსადმი პოლიტიკას შეცვლის, თითიდან გამოწოვილია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში.

„ერთი - არა მგონია, ადარდებდეს. მეორეც, მისი პოლიტიკა უფრო იზოლაციონისტური, ნაკლებად აქტიური იქნება, დანამდვილებით შემცირდება საგარეო დახმარება“.

ლორა თორნტონი
ლორა თორნტონი

„არ ველოდები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გზიდან გადაუხვევს და უკან წაიღებს გადაწყვეტილებებს“, - თქვა ლორა თორნტონმა.

იმავე აზრზეა დიპლომატი კურტ ვოლკერიც, რომელსაც „რესპუბლიკურ პარტიასთან“ თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს - უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ის აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას კი - აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში.

„ვფიქრობ, ეს ტრამპის არასწორი წაკითხვაა, - თქვა კურტ ვოლკერმა საქართველოს მმართველი პარტიის მოლოდინზე, რომ დონალდ ტრამპმა შეიძლება საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალოს, - ყველაზე დიდი შეცდომა კი იმაზე ფიქრია, რომ ტრამპი საქართველოზე საერთოდ იფიქრებს“.

ვოლკერი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხელახლა გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი, პირველ რიგში, შიდა საკითხებით იქნება დაკავებული, საგარეო პოლიტიკის კუთხით კი, „დიდი საკითხებით“ - რუსეთით, ჩინეთით, ირანითა და ახლო აღმოსავლეთით.

ლორა კელი, გამოცემა The Hill-ის საგარეო პოლიტიკის რეპორტიორი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს ნოემბრის არჩევნებში თუ კამალა ჰარისი, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება.

„კონგრესში უამრავი რესპუბლიკელია - სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, დემოკრატიას საქართველოში და გაბრაზებულნი არიან "ქართულ ოცნებაზე" იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს“, - ეუბნება ლორა კელი რადიო თავისუფლებას.

„მიუხედავად იმისა, მიაქცევს თუ არა ტრამპი საქართველოს ყურადღებას, არსებობს კანონმდებლების კოალიცია, დემოკრატებისაც და რესპუბლიკელებისაც, რომლებიც საქართველოზე არიან ფოკუსირებული. ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება „ქართულმა ოცნებამ“.

ანალიტიკოსები იმაზეც თანხმდებიან, რომ აშშ-სთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა ექნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებასაც. 2023 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გაირკვა ისიც, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანიები აშენებენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსაც, რომელიც აქამდე ამერიკული კომპანიების მონაწილეობით უნდა აშენებულიყო.

„აშშ-ს ჩინეთის მიმართ ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება როგორც ტრამპის, ისე ჰარისის შემთხვევაში, რომელიც არ უნდა აირჩიონ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან კურტ ვოლკერი.

კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

როგორც ის აღნიშნავს, აშშ თავის მოკავშირეებს უკვე ახალისებს, რომ ჩინეთის მიმართ პოლიტიკა გაამკაცრონ:

„ჩვენ ამას უკვე ვხედავთ ნატოსა და ევროკავშირთან და ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც [აშშ-ის] ხაზს არ მიჰყვებიან, აშშ-სგან ნაკლებად მეგობრულ მოპყრობას მიიღებენ“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

გააგრძელებს ჰარისი ბაიდენის პოლიტიკას?

„დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც საგარეო პოლიტიკაზეც იყო საუბარი, სიმართლე რომ გითხრათ, [ჯონ] მაკკეინისნაირად ჟღერდა“, - გვითხრა ლორა თორნტონმა, რომელიც ახლა სწორედ ჯონ მაკკეინის სახელობის ინსტიტუტის უფროსი დირექტორია, კამალა ჰარისის შესახებ.

სენატორი ჯონ მაკკეინი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინი, რომელმაც ვიეტნამის ომის დროს ხუთწელიწად-ნახევარი ტყვეობაში გაატარა, აქტიურ საგარეო პოლიტიკას ემხრობოდა და საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი იყო.

„დღეს ყველანი ქართველები ვართ“, - თქვა მან 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრა.

დონალდ ტრამპის გალიდერების პარალელურად, აშშ-ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ იზოლაციონისტური ფრთა გაძლიერდა. მათ შორისაა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვანსიც.

ამ ფონზე, 23 აგვისტოს დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, კამალა ჰარისის ტონი რესპუბლიკელების ტრადიციული ფრთისას წააგავდა, რომელსაც ჯონ მაკკეინი წარმოადგენდა.

„როგორც მთავარსარდალი, უზრუნველვყოფ, რომ ამერიკას მუდამ ჰყავდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, ყველაზე მომაკვდინებელი ძალები“, - თქვა მაშინ კამალა ჰარისმა.

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ასეთი მკაცრი სიტყვების გაჟღერებამ ბევრი გააკვირვა - როგორც წესი, დემოკრატები უფრო რბილი მიდგომებით გამოირჩეოდნენ.

საბოლოო ჯამში, ანალიტიკოსები ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკა ჯო ბაიდენისგან განსხვავებული იქნება - ის გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მოერიდება კონფლიქტს მოკავშირეებთან და იმუშავებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

„ვფიქრობ, [ჰარისისგან] განგრძობითობას ელიან. მე მგონი, ძირითადი პრინციპები ცნობილია. ეს არის რწმენა მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართ და მათთან ურთიერთობის მნიშვნელობა რაღაცების გასაკეთებლად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლორა კელიმ.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG