Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მივულოცოთ საქართველოს“ - Z-პროპაგანდისტები ამერიკული 95 მილიონი დოლარის შეჩერებაზე ქილიკობენ


უკრაინაში შეჭრის მაქებარმა Z-ბლოგერებმა ბლინკენის სიტყვები აიტაცეს. ისინი აქებენ საქართველოს, მათი თქმით, დასავლეთზე ხელის აღებისთვის და ამტკიცებენ, რომ აშშ “ქართული ოცნების” დამორჩილებას ცდილობს.
უკრაინაში შეჭრის მაქებარმა Z-ბლოგერებმა ბლინკენის სიტყვები აიტაცეს. ისინი აქებენ საქართველოს, მათი თქმით, დასავლეთზე ხელის აღებისთვის და ამტკიცებენ, რომ აშშ “ქართული ოცნების” დამორჩილებას ცდილობს.

“ქართული ოცნება” აშშ-სგან ვერ მიიღებს 95 მილიონ დოლარს. Z-ბლოგერებს ეს ახარებთ. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გადაიფიქრა და ამის გამო ისჯება.

“საქართველო სწორი გზით მიდის. ქრისტიანებს ლგბტ საქათმეში არაფერი ესაქმებათ”, - ამ ჰომოფობიური პოსტით აქებს ხელისუფლებას “ვეტერანის წერილები”, პოპულარული Z-ტელეგრამარხი.

ეს მისი რეაქციაა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე.

31 ივლისს, ბლინკენმა თქვა, რომ “საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და სიცრუის შემცველი განცხადებები ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია”.

აშშ-მა “ოცნების” ხელისუფლებას 95 მილიონი დოლარის დახმარება გაუყინა და ეს საქართველოსთან თანამშრომლობის “ყოვლისმომცველი გადახედვის” შედეგია.

უკრაინაში შეჭრის მაქებარმა Z-ბლოგერებმა ბლინკენის სიტყვები აიტაცეს. ისინი აქებენ საქართველოს, მათი თქმით, დასავლეთზე ხელის აღებისთვის და ამტკიცებენ, რომ აშშ “ქართული ოცნების” დამორჩილებას ცდილობს.

ბლინკენი “იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველო პატრონს არ დაემორჩილა”, - წერს “რიდოვკა”, პროპაგანდისტული არხი ორმილიონნახევრიანი აუდიტორიით.

თვეებია, „რიდოვკა” ამბობს იმავეს, რასაც კრემლი: აშშ-მა ვერ გადახარშა “ოცნების” დამოუკიდებლობა და აპრილ-მაისში მისი ჩამოგდება სცადა. მაგრამ ქართველები დასავლეთს აღარ ენდობიან, რადგან იციან, “რომ აშშ-ის მორჩილება სახიფათოა”.

“ყველაფერი სწორად გააკეთეს - ქვეყნის მტრები მოიშორეს”, - შეაქო არხმა ქართველები.

“მივულოცოთ საქართველოს, ქვეყანა მტკიცედ მიდის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ”, - წერს არხი “მორდორის ხმა”.

მორდორი ბნელი ბატონის სამფლობელოა ინგლისელი მწერლის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის რომანებში.

პროპაგანდის თანახამად, რატომ ვერ ინელებს დასავლეთი “ოცნების” დამოუკიდებლობას? იმიტომ, რომ ცდილობს, საქართველო რუსეთთან აომოს. “ოცნება” კი უარზეა.

“აგენტების კანონი მხოლოდ საბაბია. ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ საქართველომ უარი თქვა, რუსეთს დაუპირისპირდეს“, - წერს საშა კოცი, ე.წ. სამხედრო ჟურნალისტი. ათ წელიწადზე მეტია, ის ტირაჟირებს კრემლის პროპაგანდას აღმოსავლეთ უკრაინასა და იქ მიმდინარე ომზე.

კოცი ამტკიცებს, რომ “ადრე საქართველო ოკეანის გადაღმა ბრძანებებს ბრმად ემორჩილებოდა, ახლა კი საკუთარი ეროვნული ინტერესები არჩია”.

იმავეს იმეორებს “Z-სპეცრაზმის მთავარანგელოზი”, რომელსაც 1.1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ხელისუფლებამ “აშშ-ს უარი უთხრა რუსეთთან ღია კონფლიქტის დაწყებაზე, რაც აშკარად ხდება ურთიერთობების გაყინვის მიზეზი”, - წერს ის.

აშშ “ამზადებს დარტყმას [საქართველოს] საპარლამენტო არჩევნებზე… შემოდგომა დაძაბული იქნება”, - ირწმუნება ანდრეი პონომარი, წამყვანი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ფლაგმანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ტელეარხზე.

“ოცნება” - პრორუსული თუ დამოუკიდებელი?

“საქართველო რუსული გავლენის სფეროს უბრუნდება?” - მარჩიელობენ ბლოგერები.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება არ არის ეფექტური ბერკეტი საქართველოს დასაყოლიებლად, - ამტკიცებს კიდევ ერთი მსხვილი პუტინისტური ტელეგრამარხი.

საქართველოს “ორი წელია გამოკვეთილი საგარეო-პოლიტიკური კურსი აქვს” და არ სურს “შეუერთდეს [რუსეთის საწინააღმდეგო] სანქციებს საკუთარი ეკონომიკის საზიანოდ”, - წერს ის.

“არ გამიკვირდება, პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ხალხი რუს მეფესთან გამოწვდილი ხელით თუ მოხოხდება დახმარებისა და შენდობის სათხოვნელად”, - წერს ანონომი ავტორი, რომელიც ამტკიცებს, რომ ავღანეთის ომის ვეტერანია.

ეს არ არის პროპაგანდის გამოკვეთილი ხაზი. მართალია, დროდადრო “ქართულ ოცნებას” “პრორუსულს” ეძახიან, მაგრამ, ჯერჯერობით, Z-პროპაგანდა ფრთხილობს მისი პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებისას.

შესაძლოა, ყოყმანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ “ოცნებას” ოფიციალურად უარი არ უთქვამს ევროინტეგრაციაზე.

ბოლო დროს, დასავლელი პოლიტიკოსებიც ხშირად ადანაშაულებენ ხელისუფლებას კურსის ცვლილებასა და კრემლის პროპაგანდის ტირაჟირებაში. ამას აკეთებს, მაგალითად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი.

31 ივლისს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასმა გააზიარა სტატია სათაურით “ნუღარ ეპყრობით საქართველოს, როგორც აშშ-ისა და დასავლეთის ქმნილებას”, რომელიც ბრიტანელ პოლიტოლოგ ანატოლ ლივენს ეკუთვნის.

ლივენი წერს, რომ დასავლეთში ბოლო დროს დამკვიდრებული მოსაზრება “ოცნების” პრორუსულობის შესახებ მცდარია, “და სინამდვილე გაცილებით რთულია”.

“დიდი ალბათობით, ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პოლიტიკური კრიზისი მოიცავს, აშშ და ევროკავშირი კი მასში ღრმად იქნებიან ჩართულები”, - ვარაუდობს ლივენი.

ლივენი ევრაზიის პროგრამის დირექტორია ამერიკულ ორგანიზაცია “საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრიობის ქუინსის ინსტიტუტში”. თებერვალში მან ასევე გამოაქვეყნა წერილი, სათაურით “უკრაინა ვერ მოიგებს ომს”.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG