Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჩემი იქ მისვლის შემდეგ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს, აღარ აგკრძალავთო, მადლობა მაინც მითხრან - გახარია

ჩემი იქ მისვლის შემდეგ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს, აღარ აგკრძალავთო, მადლობა მაინც მითხრან - გახარია


გიორგი გახარია დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკაზე: „ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს“.
გიორგი გახარია დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკაზე: „ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს“.

ექსპრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, უკავშირებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებას.

„ჩემი იქ მისვლის შემდეგ თუ გამოვიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს, რომ აღარ აგკრძალავთო, მადლობა ერთი მაინც მითხრან და დამთავრებულია ამით საქმე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

„იმის მაგივრად, რომ „ოცნებასთან“ ერთად ერთი და იმავე სიტყვებით [მაკრიტიკონ]. ერთნაირად გვესხმიან თავს. ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს“, - განაცხადა გახარიამ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.

  • „ქართული ოცნება“ თვეებია საუბრობს არა მხოლოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე, არამედ არაერთ პარტიაზე, რომლებსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს;
  • „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნება“ გახარიას პარტიასაც მოიაზრებს;
  • ეს ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 2024 წლის 23 აგვისტოს დაადასტურა, როდესაც ჟურნალისტებმა იმ პარტიების დაკონკრეტება სთხოვეს, რომელთა აკრძალვის დაპირებასაც გასცემდა საარჩევნოდ.

გიორგი გახარიამ 15 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია ემზადება ერთდროულად ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის 2025 წლის ოქტომბერში.

კითხვაზე, „თუ არ დაინიშნება“, რას აპირებს, უპასუხა: „აი, რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას“.

„ქართული ოცნების“ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერსა და პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, ყოფილმა თანაგუნდელებმა 14 აპრილს ექვსი საათის განმავლობაში არაერთ საკითხზე დაუსვეს კითხვები.

თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე საგამოძიებო კომისიის ხანგრძლივ და ხმაურიან სხდომაზე განიხილეს გახარიას პოსტიდან გადადგომამდე განვითარებული მოვლენები: 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“, იქამდე - რუსი კომუნისტი დეპუტატის საქართველოში შემოშვება, ბიძინა ივანიშვილის „უხილავი“ ჩარევა და სხვა საკითხები.

მას შემდეგ, რაც 14 აპრილს გიორგი გახარია პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე მივიდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ის გააკრიტიკეს იმის გამო, რომ დაარღვია სალომე ზურაბიშვილთან „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში არსებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პარტიები არ მონაწილეობენ კომისიის სხდომებში, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG