2019 წლის 20 ივნისის “გავრილოვის ღამე”, იქამდე - რუსი კომუნისტი დეპუტატის საქართველოში შემოშვება, ბიძინა ივანიშვილის "უხილავი" ჩარევა - გახარიას პოსტიდან გადადგომამდე განვითარებული მოვლენები დეტალურად განიხილეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის ხანგრძლივ და ხმაურიან სხდომაზე.
გიორგი გახარია თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ნაწილად ქცეული ახლო წარსულის ახლებურ, “ფართო კონტექსტში” წარმოდგენას შეეცადა და სრული სურათის აღსადგენად, სხვებთან ერთად - “ქართული ოცნების” საპატიო მილიარდერი თავმჯდომარის გამოკითხვაც მოითხოვა. საკომიტეტო მოსმენა დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა, თუმცა, პოლიტიკური კომენტატორების აზრით, თვისობრივად ახალი ბევრი არაფერი თქმულა.
ყოფილმა თანაგუნდელებმა გახარიას არაერთხელ უხსენეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება და რომ 20 ივნისის საქმესაც ხელახლა გამოიძიებენ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებების შესაბამისად. “ოცნების“გუნდის ყოფილმა პრემიერმა რამდენჯერმე მიანიშნა, რომ “ოცნების” ხელისუფლებისგან არც მისი დაჭერა არ გაუკვირდება.
2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი, პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში, გასამართლებით დაემუქრა როგორც თავად გიორგი გახარიას, ასევე მისი ოპოზიციური პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] წარმომადგენლებს. „ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება… რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - თქვა ივანიშვილმა და დააკონკრეტა, რომ სასამართლოს დონეზე უკვე ყველა დოკუმენტი დალაგებული აქვთ. გახარია, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ მოღალატედ შერაცხეს.
“ფართო კონტექსტით”
საგამოძიებო კომისიაზე გამოსვლა გახარიამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების განახლებული შეფასებით დაიწყო; თქვა, რომ “იდიოტურ შეცდომად” აღარ თვლის რუსი დეპუტატის, გავრილოვის “აღმოჩენას” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და, “დასაბუთებული და გონივრული ეჭვის” საფუძველზე, დღეს უკვე ფიქრობს, რომ 20 ივნისის პროცესებშიც “უჩინარი კაცი” [ბიძინა ივანიშვილი - რ.თ.] ჩაერია ისევე, როგორც 2021 წლის თებერვალში, მისი გადადგომის დროს. “პროცესები… 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს”, - თქვა მან.
ასეთი პარალელების ფონზე გახარიამ გაიხსენა, რომ თანაგუნდელები და კონკრეტულად თეა წულუკიანი [ვიცე-პრემიერის რანგში] სრულად იზიარებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში დაკავების რისკებს და მისი თვალსაწიერიდან უცებ “გაქრნენ” მას შემდეგ, რაც პროცესში “უჩინარი კაცი” ჩაერია და აღარც პოლიტსაბჭოს სხდომა შედგა.
მოგვიანებით გახარიამ განმარტა, რომ “უჩინარ კაცში” ივანიშვილს გულისხმობდა და რომ ვისაც მისი გადადგომის მიზეზები გაუკვირდა ანდა მოულოდნელად ეჩვენა, მან არ იცის, რა ხდებოდა გადადგომამდე.
„მარტივი რამ მოხდა, პროცესში სამართავად შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე აიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად, ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო, ასეთი პრემიერი არავის სჭირდებოდა. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია“, -გახარიამ ივანიშვილის ჩარევაზე მკაფიოდ, მინიშნებების გარეშე, პირველად ილაპარაკა. სხდომაზე განმარტა, რომ გადადგომისას ამის შესახებ არაფერი უთქვამს იმიტომ, რომ “სახელმწიფო ინსტიტუტებს” გაუფრთხილდა.
პოლიტიკური არენიდან 2013 წელს გასული ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის მაისში დაბრუნდა - “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე. შესაბამისად, 2018 წლის თებერვალში, რა პერიოდსაც გახარია აღწერს, ივანიშვილი, ოფიციალურად, პოლიტიკური სცენიდან გასული იყო და ხაზგასმით უარყოფდა პოლიტიკაში ჩარევის ბრალდებებს.
გახარიას გადადგომის მიუხედავად, სააკაშვილის პარტიის მაშინდელი ლიდერი ნიკა მელია 2018 წლის თებერვალში მაინც დააკავეს - ხმაურიანი სპეცოპერაცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარდა. მოგვიანებით მელია საერთაშორისო პარტნიორების ჩარევით გაათავისუფლეს.
გახარიამ უთხრა სადავო პარლამენტის კომისიას, რომ ოპოზიციაში ივანიშვილის გამო აღმოჩნდა და თუკი უფრო მეტის გაგების ინტერესს გულწრფელად გამოამჟღავნებენ, მზად იყო დეტალების მოსაყოლადაც. ამ მიმართულებით კომისიის წევრებს დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ.
წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, შეხვდა თუ არა ის "რომელიღაც უცხოელს, დიპლომატს", რომელმაც მას ნიკა მელიას დაკავება გადააფიქრებინა და ამიტომ მიატოვა გუნდი და „სხვის ჭკუაზე” დაიწყო სიარული; ანდა თუ შეხვდა "ისეთ უცხოელებს, რომლებმაც შემდეგ მელიას გირაოს ფული შეუგროვეს და გადაუხადეს?!"
“ოცნების" კომისიის წევრები გახარიას სხდომის ბოლომდე, პირდაპირ თუ ირიბად, ადანაშაულებდნენ გუნდის ღალატსა და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში.
“თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი, გააკეთეთო! - თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! მე ამიტომ გადავდექი“, - უთხრა ყოფილ თანაგუნდელებს გიორგი გახარიამ.
გახარიამ რამდენჯერმე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ეჭვები 20 ივნისის პროცესებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ ამ ჭრილში მსჯელობა აღარ განუვრცია.
ამ მიმართულებით "ფართო კონტექსტის" გასააზრებლად, მან კომისიას ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის წინადადებით მიმართა და ჩამოთვალა სხვებიც - რომლებიც, მისი აზრით, ასევე უნდა დაიბარონ:
- “გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა" - [მოგვიანებით განმარტა, რომ გულისხმობდა ირაკლი კობახიძეს - რ.თ.] .
- “გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული”.
- სუსის ხელმძღვანელი, “რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის”.
“მე არ ვიცი,თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად - ტყუილი სიმართლე“, - თქვა სხდომაზე გახარიამ.
რა ითქვა (ახალი) 20 ივნისთან დაკავშირებით?
კომისია დაინტერესდა პროცესის მართვითა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, რამაც 2019 წლის 20 ივნისის ღამით არაერთი მოქალაქის ჯანმრთელობა დააზიანა.
20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ ორი ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო.
გახარიამ თქვა, რომ ბრძანება გასცა მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაზე; ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე არ არსებობდა არც მისი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის და არც მისი მოადგილეების ბრძანება. მან დააკონკრეტა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს შორის შუალედში და როდესაც ამის შესახებ შეიტყო, რაციით გადასცა შესაბამის პირებს, რომ შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება. თუმცა ამის შემდეგ გამოყენება კვლავ გაგრძელდა:
თეა წულუკიანი - “შესაბამისად თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა, წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენ გაზს გარდა, ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებაზე“.
გიორგი გახარია - “მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ”.
თეა წულუკიანი - “შესაბამისად, თქვენს ნაცვლად ასეთი ბრძანება არავის გაუცია”.
გიორგი გახარია - “შესაბამისად, მე ამის შესახებ არ ვიცი”.
თეა წულუკიანი - “ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა [ბრძანება], [როცა] თქვენ იყავით შს მინისტრი?”
გიორგი გახარია- “მე არაფერი არა მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად - მე არ ვიცი”.
“ბრძანებაში საერთოდ არ წერია რეზინის ტყვიები… რაც აქ არ წერია, ის საშუალებები ადგილზეც არ უნდა იყოს”, - თეა წულუკიანმა სხდომაზე შს მინისტრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი ბრძანება წარმოადგინა, თქვა, რომ ფურცლების ნაწილი ცარიელია და დაამატა, რომ აქვს ეჭვი, ბრძანება არა სპეცოპერაციამდე, არამედ სპეცოპერაციის შემდეგ არის შედგენილი.
გახარიამ ბევრჯერ სცადა იმის ახსნა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება პოლიციელებს საკუთარი გადაწყვეტილებითაც შეეძლოთ და ეს კანონიერი იქნებოდა. ამას ის მანამდეც, წლების განმავლობაში აღნიშნავდა და 20 ივნისის ღამის მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
კომისიის წევრებმა შეკითხვა ბევრჯერ დასვეს - პასუხი არ აკმაყოფილებდათ. იყო ასეთი შეკითხვაც - თუკი პოლიციელს შეუძლია სპეცსაშუალება თვითნებურად გამოიყენოს, მაშინ რა აზრი აქვს ბრძანების გაცემასო?!
“როგორ შეიძლება ერთმა პოლიციელმა ცალკე გამოიყენოს წყლის ჭავლი… მას აქვს უფლება თვითმოგერიების - როდესაც მის სიცოცხლეს და მოქალაქის სიცოცხლეს [ემუქრება საფრთხე] - გამოიყენოს… სპეციალური საშუალება და პოლიციის შესახებ კანონში ეს სპეციალური საშუალებები ჩამოთვლილია და ეს დახურული სიაა… შემდეგ კიდევ ერთხელ რომ ამას [შეკითხვას] დამისვამთ, გავაკეთებ მინიშნებას, რომ - წაიკითხეთ პოლიციის კანონი”, - განმარტა გახარიამ.
გამოიყენეს თუ არა პოლიციელებმა ვანო მერაბიშვილის დროს ნაყიდი უფრო “მკვრივი” ტყვიები? - დაინტერესდა “ხალხის ძალის” წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი. გახარიამ თქვა, რომ არ იცის, რადგან ასეთ საკითხებს სისტემაში თავისი კურატორები ჰყავს და თუკი ეჭვი არსებობდა, ეს და სხვა საკითხებიც ექვსი წლის წინ დაწყებულ და დღემდე დაუსრულებელ გამოძიებას უნდა დაედგინა.
ეს მან არაერთხელ გაიმეორა; თქვა ისიც, რომ არ ეთანხმება 20 ივნისის საქმეზე გამოცემულ ამნისტიას.
“ხომ არ ახდენდით ზეწოლას პროკურატურაზე, რომ ამ საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო?” - წულუკიანის შეკითხვაზე 20 ივნისის გამოძიების შესახებ გახარიას პასუხი იყო მოკლე - არა.
საიდან მართავდა ოპერაციას?
ნაწილობრივ სამინისტროდან და შემდეგ უკვე პარლამენტის შენობიდან - განმარტა გახარიამ.
“[პარლამენტის შენობა] დაცლილი იყო, სხვათა შორის…გატენილი იყო “ნაცებით” და არცერთი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი აქ არ იყო. შემდგომ ძლივს ვეძებეთ და ასე ცალ-ცალკე ვეცადეთ, რომ “ოცნების” წარმომადგენლები შენობაში დაგვებრუნებინა. ესეც სიმართლეა”, - თქვა გახარიამ. სხდომაზე დაბნეულობა და გაღიზიანება გამოიწვია მისმა სიტყვებმა, რომ პარლამენტის შენობაში მისულ დეპუტატებს შორის ზოგს დამშვიდება სჭირდებოდა და ზოგსაც ყავის დალევა.
“ხალხის ძალის” წარმომადგენელი სოზარ საუბარი ცდილობდა გახარიასთვის გაეხსენებინა, რომ იმ ღამით ვიცე-სპიკერის ოთახში სხვებთან ერთად ისიც იყო და პირადად სთხოვა, რეზინის ტყვიების გამოყენება არ დაეშვა. რესპონდენტმა ეს ვერ გაიხსენა.
"არ მახსოვს", - ეს ფრაზა გიორგი გახარიამ არაერთხელ გაიმეორა.
სუბარი და სხვები ყოფილ შს მინისტრს მრავალმნიშვნელოვნად ახსენებდნენ, რომ პარლამენტის შენობაში იმ ღამით მასთან ერთად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც იყვნენ.
“ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?!”
გახარიას სხდომაზე არავინ ჰკითხა, როგორ შემოვიდა და ვინ შემოუშვა გავრილოვი საქართველოში? ეს შეკითხვები მან თავად დასვა, წულუკიანმა კი მიანიშნა, საზღვრებს შსს აკონტროლებს, ხოლო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფებოდაო.
გიორგი გახარიამ გაიხსენა, რომ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციაში სერგეი გავრილოვის გარდა, იყო კიდევ 10-ზე მეტი “ოდიოზური” პირი, რომელთა ქვეყანაში შემოშვებასაც შს სამინისტრო და სუსი არ ეთანხმებოდნენ; ისინი გავრილოვის შემოშვებაზეც ამბობდნენ უარს, მაგრამ:
“ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში - იმიტომ რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო - მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის [გავრილოვის] შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე - თქვენ კი ამბობთ, ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი, კაცო, გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის იმაში [თავმჯდომარის სავარძელში]?!... ამათ საღამოს მოუწყვეს იქ რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ”, - გახარიას თქმით, “საერთაშორისო სკანდალში გახვევით” დაუწყეს მას შანტაჟი და გავრილოვი ასე შემოაშვებინეს, ხოლო 20 ივნისს, როდესაც ხმაური ატყდა, პასუხისმგებელი პირები მიუწვდომლები იყვნენ.
19 ივნისს ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ღამით სტუმრებს გაუმასპინძლდა. ამ წვეულებას გავრილოვიც ესწრებოდა. 20 ივნისს, სპონტანური სახალხო მღელვარების გამო, გავრილოვმა და სხვა სტუმრებმა თბილისი სასწრაფო წესით დატოვეს.
თეა წულუკიანი და სადავო კომისიის სხვა წარმომადგენლები გახარიასთან საუბრისას ხაზს უსვამდნენ, რომ გავრილოვის მასპინძლობაზე პასუხისმგებელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში იყო საქართველოს დელეგაციის მაშინდელი ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, სადეპუტატო მანდატი დატოვა და პოლიტიკური ველიდან გაქრა. მაშინ თანმდებობიდან გადადგა ირაკლი კობახიძეც.
გახარიასთან კამათში, წულუკიანმა დაადასტურა, რომ მას ეკუთვნის სიტყვები: “ეს კაცი [ირაკლი კობახიძე] ცოტა ადრე რომ გადამდგარიყო, შეიძლება ეს უბედურება არც მომხდარიყო”.
"კი, ეგ ჩემი სიტყვებია, იმიტომ რომ კობახიძის გადადგომამ ძალიან ბევრი დაძაბულობა მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროს არ იყო ქვეყანაში და არც მასპინძელი იყო… სწორად, არასწორად, მაგრამ მან აიღო ეს პასუხისმგებლობა”, - უპასუხა გახარიას წულუკიანმა.
“კი არ აიღო, ააღებინეს”, - შეუსწორა გახარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძე 2019 წლის 21 ივნისს გადადგა, აქციის დარბევის მეორე დღეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, საღამოს დაწყებულ საპროტესტო აქციაზე. ხალხი კობახიძეს აკისრებდა პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის რუსი დეპუტატისთვის დათმობის გამო.
არის თუ არა გახარიას მისვლა კომისიის და პარლამენტის აღიარება?
სხდომის დასაწყისში წულუკიანმა კომისიის სხდომაზე გახარიას მისვლა ამ კომისიის და ზოგადად - პარლამენტის ლეგიტიმაციად ჩათვალა:
“მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი - ჩვენ ჩვენს დეპუტატის უფლებამოსილებებში. ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს”, - ოდნავ მოგვიანებით კი, წულუკიანმა შეახსენა გახარიას, რომ მის პარტიას უარი არ უთქვამს სადეპუტატო მანდატებზე, რაც სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გააკეთეს.
“მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ… მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს [კომისიაში ეკუთვნით კვოტით - რ.თ.] და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია - ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს”, - ასეთი იყო გახარიას პასუხი. მისი შეფასებით, სადავო საგამოძიებო კომისიას “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებზე “ჰიბრიდული ომისთვის - საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის”- იყენებს და “ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის [გიორგი] ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში”.
სადავო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე ვიღაცის “პიარს” “უაზროდ ” შეეწირა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს; ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს; კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას; 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“. კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია; ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლები. 27 მარტს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფართოვდებოდა კომისიის მანდატი და აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით.
“რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს “ნაცების” წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით. თქვენ არ აპირებთ ნაცების გასამართლებას ან აკრძალვას. მე არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ... საქმე ისე მიდის, ისევ მე მომიწევს ნაცების პოლიტიკური დასრულება”, - მიმართა გახარიამ კომისიის 14 აპრილის სხდომაზე თეა წულუკიანს.
გიორგი გახარიას სადავო პარლამენტის კომისიის სხდომაზე მისვლას საზოგადოების ერთი ნაწილისა და ოპოზიციური სპექტრის უკმაყოფილება მოჰყვა.
ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც წულუკიანის კომისიაში სხვადასხვა დროს დაიბარეს, არ მივიდნენ. მათი საქმეები პროკურატურას გადაეცა და ახლა სამართლებრივი განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არიან - მაგალითად, “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში სასამართლო პროცესები გაიმართა და თითოეულს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილსაც.
დანარჩენებიც გასამართლების გზის სხვადასხვა ეტაპზე არიან - მათ შორის ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები.
„ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ!“ - დაწერა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე, კომისიის სხდომაზე გახარიას მისვლასთან დაკავშირებით.
ოპოზიციაში ასევე მიუთითებენ შეთანხმების დარღვევაზეც - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შეხვედრების ფარგლებში.
“შეთანხმება დაირღვა”, - ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკპოსტში აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევის დროს, როგორც ჩანს, "გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა”.
ასევე, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, „პრინციპულად არასწორია, პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე”.
სხდომის მიმართ საკმაოდ დიდი იყო მაყურებელთა ინტერესი. გიორგი გახარიას ფეისბუკგვერდზე, ლაივში მიმდინარე სხდომას დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მუდმივად ადევნებდა თვალს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შესასწავლად, „ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისია სადავო პარლამენტში 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. მას 2004-2012 წლების მოვლენები უნდა შეესწავლა. მარტის მიწურულს კი „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ აფართოებს კომისიის მანდატს და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით აღარ შემოიფარგლება. სწორედ ამ გაფართოებული მანდატის ფარგლებში დაიბარეს გახარია სხდომაზე.
"ქართული ოცნების" ლიდერები და თავად ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური ველიდან უპირებდნენ გაქრობას "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას", რომელშიც ისინი ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას გულისხმობენ.
ფორუმი