გიორგი სულაშვილმა, მაკო გომურმა, კობა ლეთოდიანმა და კიდევ 12-მა მძიმედ დაშავებულმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრება მოითხოვეს. კანონი სასამართლოს ამ ტიპის საქმეების შეზღუდულ ვადაში განხილვას ავალდებულებს, თუმცა სარჩელების განხილვა არც კი დაწყებულა. დაზარალებულთა ნაწილი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ელოდება პასუხს, ზოგმა სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ 2021 წელს შეიტანა.
რას იძიებს პროკურატურა?
საქართველოს გენერალური პროკურატურა მესამე წელია იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელმაც უნდა დაადგინოს, 2019 წლის 20-21 ივნისს ვინმემ გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას, როცა აქციის მონაწილეები ძალით, იარაღით დაშალეს. რაიმე შემაჯამებელ დასკვნამდე გენერალური პროკურატურა არ მისულა. საია-ს ცნობით, გამოძიების დაწყებიდან 2021 წლამდე მხოლოდ ერთ სამართალდამცავს წაუყენეს ბრალი.„ამნისტიის კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების პირობებს ადგენს … არარად აქცევს 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებას… მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/დადამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ემუხლით მიმდინარეობს, რომელიც, 2021 წლის 07 სექტემბრიდან უკვე ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულია. ამრიგად, პერსპექტივა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება რაიმე შედეგს გამოიღებს, პრაქტიკულად აღარ არსებობს”, - ნათქვამია საია-ს დღეს, 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
20 ივნისის საქმე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში
20-21 ივნისს დაზარალებული 22 ადამიანის სარჩელს ევროპული სასამართლო განიხილავს. სტრასბურგშიც ეს საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წაიღო პარტნიორ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად. სტრასბურგში მოსარჩელეებიდან 10 დემონსტრანტი, 11 ჟურნალისტი და 1 მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი პირია. ისინი სახელმწიფოს, ერთი მხრივ, ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი, არაეფექტურ გამოძიებაში. სარჩელში მითითებულია ისიც, რომ დაკავების შემდეგ დემონსტრანტებს არასათანადოდ მოექცნენ. ჟურნალისტები ჩივიან იმის გამოც, რომ მათ ხელი შეუშალეს დემონსტრაციის გაშუქებაში.
წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო 2021 წლის 07 ივნისს.
20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 ტიპის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს. დაშავებულთა მკურნალობას 2020 წლამდე ფონდი „ქართუ” აფინანსებდა, 2021 წლიდან მკურნალობის ხარჯების დაფარვა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. 20 ივნისის აქციის დარბევიდან 3 წლის შემდეგაც არიან დაზარალებულები, რომლებიც ამ თემაზე საჯაროდ საუბარს დუმილს ამჯობინებენ.