ირაკლი კობახიძის განცხადებები, ექსპერტების თვალით, რუსეთისთვის ხელსაყრელი მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. საერთო სურათის ნაწილია - ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯის 4 წლით შეჩერება, აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულება, უცხოელ პარტნიორებსა და ელჩებზე შეტევა, სამოქალაქო საზოგადოებაში “უცხო ძალის აგენტების” ძიება და პოლიტიკური ოპონენტების გაქრობის გეგმა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილს არ მისულან რუსთაველის გამზირზე, სადაც ღამენათევი მომიტინგეები იდგნენ. “ოცნების” ხელისუფლება სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.
"უცხოური ძალა"
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ”, - ასე იწყება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის მიერ 9 აპრილს, დილით გამოქვეყნებული 4-აბზაციანი ფეისბუკპოსტი, 1989 წლის სისხლიანი ღამის შესახებ, როდესაც საბჭოთა რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მომიტინგეების რიგებიდან.
ამ განცხადების შემდეგ პასაჟში ირაკლი კობახიძე პარალელებს ავლებს და ტოლობის ნიშანს სვამს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროდასავლურ აქციებთან:
- “დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას”;
- "დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას”.
არავის გამოჰპარვია, რომ "ქართული ოცნების" პრემიერის ტექსტში არც საბჭოთა არმია იყო ნახსენები და არც თავად რუსეთი, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და ამ დრომდე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს მტრობდა, ეომებოდა.
ირაკლი კობახიძის პოსტზე ათასობით უარყოფითი რეაქცია დაგროვდა, მწვავე კომენტარებით. ფეისბუკზე წერდნენ, რომ პოსტის ქვეშ უარყოფითი კომენტარები იშლებოდა; ზოგმა კი აღმოაჩინა, რომ სამთავრობო საიტმა „დაბლოკა“.
საზოგადოება ბრაზს სხვადასხვაგვარად გამოხატავდა:
- “ღმერთო, ისე არ გამაჭირვო, რომ ასე გავიყიდო და 9 აპრილსაც ვერ ამოვილუღლუღო, რომ რუსეთმა გაჟლიტა უდანაშაულო ქართველები და რომ რუსეთი მტერია”;
- “ირაკლი, ეს უცხოური ძალა თქვენი მშობლიური რუსეთია”;
- “ისტორიის გადაწერა კი უნდათ მაგრამ ეგ არ მოხდება იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჯანსაღი აზრის და არამონური ფსიქიკის მქონე ადამიანები ვარსებობთ და ბევრნი ვართ”;
- “12 წელია, ყოველდღე უფრო და უფრო სცილდებით იმას რისთვისაც 9 აპრილს გმირებმა თავი გასწირეს”;
- “როგორ უტიფრად იტყუებიან !!! რუსეთი ოკუპანტია ! დიდება გმირებს !”;
- “რუსეთმა დაუწერა ტექსტი და ათარგმნინა”.
“რომელმა უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა 36 წლის წინ - დიპ სტეიტმა?!” - კომენტარებს შორის ასეთი შეკითხვებიც იყო.
რამდენიმე საათში, სამების ტაძარში მისულმა კობახიძემ პროსახელისუფლებო არხების კამერების წინ განმარტა, რომ თავის განცხადებაში სწორედ "დიპ სტეიტს" გულისხმობდა, რომ სწორედ ტოლობის ნიშანს სვამს დღევანდელ "დიპ სტეიტისა" და მაშინდელ საბჭოთა “კაგებეს” შორის - მისთვის ორივე “გარე ძალაა”.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს არც ამჯერად უხსენებია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მთავარი შემოქმედი - რუსეთი, რომელსაც საბჭოთა ჯარი ექვემდებარებოდა. “საბჭოთა კაგებეს” კი მან ძირითადად “ქართული საზოგადოების გახლეჩაში” დასდო ბრალი.
კობახიძემ შეუტია ევროკავშირის ცენტრს - ბრიუსელს და შედარებით შეარბილა წინა დღეებში ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მოკავშირეების მიერ გამოხატული ხისტი რეაქციები:
“ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების, მანამდე მოქმედებდა, ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია დღემდე გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და დავალება, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას”, - ირაკლი კობახიძემ თქვა ასევე, რომ “ევროპულ ბიუროკრატიას” საქართველოს არევის საშუალებას არ მისცემენ.
36 წლის წინანდელი მოვლენების მონაწილე, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ერთ-ერთი ლიდერი - ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც საბჭოთა რეჟიმს 80-იან წლებში პერმის ზონაში ოთხი წლით ჰყავდა გამოკეტილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები არ უკვირს, რადგან “ქართული ოცნების” დღევანდელ პოლიტიკას ასახავს, როცა პარტნიორები მტრებად ცხადდებიან, ხოლო რუსეთის ქმედებების გაკეთილშობილება ხდება.
“ძალა რომელიც ჩვენ 9 აპრილს გვებრძოდა, სამწუხაროდ, ისევ გვებრძვის, მაგრამ რუსეთი ახლა ამას აკეთებს “ქართული ოცნების” ხელით და არა უშუალოდ თავისი სახელითა და გვარით, როგორც მაშინ. არავითარი უცხოური ძალა დღეს რუსთაველზე არ დგას. ჩვენი ამოცანა დღესაც და მაშინაც [36 წლის წინ], გარდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა, იყო ევროპასთან ინტეგრაცია… ყველას ესმოდა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონოდა კავშირი მხოლოდ დასავლეთთან. ეს საკამათო თემაც არ იყო მაშინ და არც დღეს არის ეს საკამათო.
თავად ირაკლი კობახიძეს კი შეუძლია გადახედოს მისი ვიზიტების გეოგრაფიას და ნახავს, საით მიდის თვითონაც და საით მიჰყავს ქვეყანაც და რა უცხოურ ძალებზეა ლაპარაკი”, - ეუბნება ძაბირაძე რადიო თავისუფლებას და განმარტავს, რომ შეუძლებელია საქართველომ ილაპარაკოს “სტერილურ დამოუკიდებლობაზე”, რადგან მოკავშირეები ყოველთვის და ყველგან დიდ იმპერიებსაც სჭირდებოდათ და “თუკი ჩვენ ევროპას ვწყდებით, რა დამცავი მექანიზმები გვრჩება?!”
- რუსთაველის გამზირზე უწყვეტი აქციები უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს და ეს პროცესი მოჰყვა სწორედ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 4 წლით, 2028 წლამდე, გადავადების შესახებ.
- საზოგადოების პროდასავლურმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაცხადებულ უარად აღიქვა - რადგან დაპაუზების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებლად გასავლელ პროცედურას უკავშირდება.
ირაკლი კობახიძის მსგავსი მესიჯებია სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ პოსტშიც. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ, როგორც ადრე, დღესაც "უცხო ძალა" ცდილობს საქართველოს "ფუნდამენტის მორყევას".
"1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას“, - საბჭოთა კავშირსა და რუსეთს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერს, არც შალვა პაპუაშვილი ახსენებს.
ის ტოლობის ნიშანს სვამს საბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულსა და პროდასავლელ მომიტინგეებს შორის - რომლებიც ქუჩაში ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ბრაზმა გამოიყვანა.
ფართო სურათი და შეტევა დასავლელ დიპლომატებზე
“ფართო სურათს რომ შევხედოთ, ცხადია, რომ ეს არის არა მათი [“ქართული ოცნების” ხელისუფლების - რ.თ.] მოფიქრებული ქმედებები, არამედ მოსკოვში დაწერილი სცენარი. განცხადებები, რომლებიც მათი სახელით ვრცელდება, პირდაპირ არის რუსული ნარატივი. “უცხოური ძალაზე” ლაპარაკობენ. ვერ გაბედეს რუსეთის ხსენება, ვერც საბჭოთა კავშირის - თითქოს 9 აპრილი უცხოპლანეტელებმა მოაწყვეს…
ეს არის ისტორიის გადაწერა რუსების მიერ, რათა არ გამოჩნდნენ აგრესორად და ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის “ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელი საერთო სურათის ნაწილად განიხილავს “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯს - შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში.
“ვის აწყობს საქართველოს ჩამოშორება ცივილიზებული სამყაროსგან?! ვის აწყობს დასავლეთისგან იზოლირება?! ვის აწყობს დასავლეთის ქვეყნების ელჩებზე შეტევა?! ეს არის რუსეთი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აჩვენებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან”, - გვეუბნება ზურაბ ბატიაშვილი.
ასევე რუსეთის ინტერესებს უკავშირებენ ექსპერტები და პროდასავლური საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას, სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ. ვიდრე კომისია მუშაობას დაიწყებდა, “ქართულ ოცნებას” უკვე გამოტანილი ჰქონდა დასკვნები, რომ - 2008 წლის ომი დაიწყო ქართულმა მხარემ, გარე ძალების დაკვეთით.
შარშან აპრილში, რუსთაველის გამზირზე, სამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ საპატიო მილიარდერმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში არა რუსეთს, არამედ [მოგვიანებით დიპ სტეიტად წოდებულ] “გლობალური ომის პარტიას” დასდო ბრალი, რომ მან „ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“.
დასავლელ პარტნიორებთან თბილისის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ბოლო თვეებია, “ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები, უცხოელი პოლიტიკოსების გარდა, განსაკუთრებით უტევენ უცხოელ დიპლომატებს, ელჩებს.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს, პრაქტიკულად კორუფციაში დასდო ბრალი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც უზბეკეთში მყოფი, ჟურნალისტებთან გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე ლაპარაკობდა და იქვე - უცხოელი დიპლომატების მიმართ საერთო ბრაზიც გამოხატა.
“ზოგიერთ დიპლომატს ქართველი ხალხი სულელი ჰგონია და თვალში რომ ნაცარს აყრის, ესეც აჩვენებს, რომ ქედმაღლური, რაღაც ზემოდან გადმოხედვაა და ასეთი სახის გრანტები ამასაც აჩვენებს, ქართველი ხალხის ჭკუის მასწავლებლად რომ უნდა დადგნენ”, - პაპუაშვილმა ასევე გაიმეორა, რომ “ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში” და რომ საჭიროა, უცხოური გრანტები ამიერიდან მთავრობამ გააკონტროლოს.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა სანქციების მორიგი პაკეტი. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამჯერად, ეკონომიკური სანქციები დაუწესა ორ მოსამართლეს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს - “სერიოზულ კორუფციაში” ჩართვისა და სასამართლო სისტემაზე გავლენის გამო - “პირადი სარგებლის მიღების მიზნით”. “ეს ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და საზოგადოების მხრიდან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის არსებობას”, - წერია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
“დიდი ხანია უკვე, გადალახა ეს „წითელი ხაზები“ და ჩანს, რომ ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში… დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გადაიტვირთება, მოხდება ამ სიტუაციის პოზიტიური ნიშნულით დაწყება და შემდგომი დიპლომატიური წარმომადგენლები ევროკავშირიდან საქართველოში იქნებიან დიპლომატიური მისიის რეალურად შემსრულებლები”, - ეს “ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის სიტყვებია - ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შესახებ.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თებერვლის ბოლოს, გერმანიის ელჩს „ჩვეულებრივი მავნებელი“ უწოდა; ხოლო ზოგადად, ევროპელ ელჩებზე ასევე თქვა, რომ ისინი "დიპ სტეიტს" წარმოადგენენ და საქართველოში “საზოგადოების გახლეჩას” ემსახურებიან.
"ჩვენს ქვეყანაში ამ დიპლომატების არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს არის „დიფთ სთეითის“ წარმომადგენლები საქართველოში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ უწოდებ თავიანთი განცხადებებიდან, ქმედებებიდან გამომდინარე… თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, ეს არის ზუსტად მათი დამსახურება და იმ მიდგომების, დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ - თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის რაღაცა შენიღბული, შეფუთული პერფორმანსები, ვითომ ეს იყო დემოკრატიის ნაწილი”, - ელჩების მიმართ ბრალდებებში კალაძემ “ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაც” დაასახელა.
“ქართული ოცნება” უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ევროპული და ამერიკული ფულით საქართველოში რევოლუციური გეგმები ფინანსდებოდა. ბრალდებები სამართლებრივად არ დადასტურებულა.
დასავლელი დიპლომატები, ისევე როგორც ელჩები ყოველ ჯერზე გამოხატავენ დიდ წუხილს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის, დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო; აკეთებენ განცხადებებს ევროინტეგრაციის მიზნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ. მათი ძირითადი რეკომენდაციები, ყველა ეტაპზე, რეფორმების მხარდაჭერა იყო.
დღეს უკვე შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან. თბილისთან საუბარი ძირითადად სანქციების ენით მიმდინარეობს.
ამერიკისა და ევროპული ქვეყნების ელჩები 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ყვავილებით მივიდნენ. გამოქვეყნდა სპეციალური განცხადებებიც - საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით.
“თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ასევე არასწორია გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს გასული 30 წლის გამოცდილებიდან“, - გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებას, მას შემდეგ, რაც მან 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გვირგვინი მიიტანა.
ელჩი ფიშერი ასევე წერს, რომ "გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლულ ქართველებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციას მართავდნენ” და რომ ამავე მიზეზით დემონსტრაციები იმართებოდა აღმოსავლეთ გერმანიაშიც, შემდეგ კი - “1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა”.
ფორუმი