საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს 9 აპრილთან დაკავშირებულ პოსტს, რომელშიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამ დღესთან დაკავშირებული ნარატივის გამო აკრიტიკებს. ზურაბიშვილის პოსტს წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელშიც ის რუსეთს არ ახსენებს და წერს, რომ როგორც 36 წლის წინათ, დღესაც "უცხოური ძალები" ძალადობენ რუსთაველზე.
"სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობა: “რუსები” იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი და გმობს როგორც რუსულ ომს, ისე რუსულ ძალადობას.
"9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა!
9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა!
მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა!
იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა!" - ასე ეხმაურება პრეზიდენტი 9 აპრილს.
სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც. ჩიქოვანი, ისევე როგორც "ოცნების" სხვა წარმომადგენლები, რუსეთს არ ახსენებს და წერს, რომ ქედს იხრის "9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე". ის ამ დღეს თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითს უწოდებს.
"თავდაცვის მინისტრიც, რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! და ოცნების ჯერ კიდევ მხარდამჭერეებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწყმოსი და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს? სიმართალით თუ კონფორმიზმით მნიშვნელობაა აღარ აქვს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის მინისტრის პასუხად.
სალომე ზურაბიშვილს დღეს დაგეგმილი აქვს მიმართვა ჩეხეთის სენატში - ჩეხეთში ვიზიტის გამო ის 9 აპრილის მემორიალთან პირადად არ ყოფილა.
9 აპრილის ღამე პარლამენტთან გაათენეს აქციების დროს დაკავებულთა, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა. აქციის მონაწილეების მიზანი იყო 9 აპრილის მემორიალთან არ მიეშვათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები. 9 აპრილის დილას ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა "ოცნების" მხარდამჭერებსა და დემონსტრანტებს შორის შელაპარაკებებისას.
საჯარო მოხელეები დემონსტრანტებს მართულებად და არეულობის მოსურნეებად მიიჩნევენ, აქციის მონაწილეები კი საჯარო მოხელეების ქმედებებს და მათთვის ნათქვამ ფრაზებს შეურაცხმყოფელ პროვოკაციად აღიქვამენ.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ფორუმი