Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მრისხანე მგელი აღადგინეს, ვინ და რა იქნება შემდეგი?

მრისხანე მგელი აღადგინეს, ვინ და რა იქნება შემდეგი?


„ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ახალი სიტყვა ბიოლოგიის მეცნიერებაში. ფანტასტიკის დონეზე ჩატარდა ეს ექსპერიმენტი“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
„ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ახალი სიტყვა ბიოლოგიის მეცნიერებაში. ფანტასტიკის დონეზე ჩატარდა ეს ექსპერიმენტი“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

2024 წლის 1 ოქტომბერს მეცნიერებმა პირველად ისტორიაში გენური ინჟინერიით აღადგინეს გადაშენებული ცხოველი - მრისხანე მგელი. პირველი ლეკვები უკვე ექვსი თვის არიან. ამ მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩნდება საშუალება, სხვა სახეობებიც აღადგინონ.

ოქტომბერში დაბადებულ რომულუსს და რემუსს თამაში, ცელქობა და მოფერება უყვართ. როცა სულ პატარები იყვნენ, რბილ სათამაშოებთან ეძინათ და რძეს საწოვრით სვამდნენ. ვერაფრით შეატყობდი, რომ მათი სახეობის ბოლო ეგზემპლარი ჯერ კიდევ მაშინ მოკვდა, როდესაც ადამიანები ხელნაკეთი შუბებით დარბოდნენ.

მოგვიანებით დაიბადა მესამე ლეკვიც. მგლის ძუძუთი გამოკვებილი რომის დამაარსებლებისგან განსხვავებით, მას ჰალისი დაარქვეს. ჰალისი ძუა, პირველი ორი - ხვადი.

ექსპერიმენტი ჩაატარა ამერიკულმა კომპანია Colossal Biosciences-მა, რომელიც 2021 წელს ბენ ლემმა და მსოფლიოში ცნობილმა გენეტიკოსმა ჯორჯ ჩერჩმა დაარსეს. კომპანია გენურ ინჟინერიასა და სახეობების კონსერვაციის საკითხებზე მუშაობს. გაეროს მონაცემებით, დღეს ცხოველებისა და მცენარეების მილიონი სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა. საფრთხის ქვეშაა წყლის ცხოველების მესამედზე მეტი.

რა პერსპექტივას გვაძლევს ეს ექსპერიმენტი? რადიო თავისუფლება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, აღგვიწერეთ პოპულარულ ენაზე მრისხანე მგლის „გაცოცხლების“ პროცესი.

- ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ახალი სიტყვა ბიოლოგიის მეცნიერებაში. ფანტასტიკის დონეზე ჩატარდა ეს ექსპერიმენტი. მოიპოვეს მრისხანე მგლის ორი თავის ქალა, ერთი 13 ათასი წლის და მეორე 72 ათასი წლის. ამ თავის ქალებიდან, კონკრეტულად კი ყურის ძვლიდან, დნმ ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ყურის ძვალი დნმ-ის კარგი საცავია. გამოიყენეს ჩვეულებრივი რუხი მგლის სისხლი შესადარებლად და გენური ინჟინერიით მგლის გენი შეცვალეს. რუხი მგლის გენომი მრისხანე მგლის გენომს დაამსგავსეს, უფრო სწორად მისი იდენტური გააკეთეს. მხოლოდ 14 გენში იყო სხვაობა, მაშინ, როცა ძაღლისნაირების გემონი მთლიანად 19 ათასი გენისგან შედგება.

შეცვლილი გენომი მოათავსეს ძაღლის საშვილოსნოში. ძაღლი და მგელი გენეტიკურად დიდად არ განსხვავდებიან, მაგრამ ძაღლთან მუშაობა გაცილებით ადვილია. დაიბადა სამი ლეკვი. ორი ხვადი და ერთი - ძუ. მესამე ჯერ ძალიან პატარაა.

ზურაბ გურიელიძე მრისხანე მგლების აღდგენაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00

- როდის ბინადრობდა მრისხანე მგელი?

- 10 ათასი წლის წინ გადაშენდა. ადამიანს მოესწრო. მრისხანე მგელი გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობის საკმაოდ დიდი არეალი ჰქონდა - კანადიდან ჩრდილოეთ ვენესუელამდე. გადაშენების ზუსტი მიზეზი უცნობია.

- როგორი იყო ეს მგელი?

-ჩვეულებრივი მგლის მსგავსი, ოღონდ უფრო დიდი და მძიმე. სიგრძეში 6 ფუტამდე (1 მეტრი და 82 სანტიმეტრი) აღწევდა, სიმაღლეში - 4 ფუტამდე (1 მეტრი და 20 სანტიმეტრი). მაგალითად, გერმანული ნაგაზი და მოზრდილი პუდელი რომ შევადაროთ.

- ახლა დაბადებული ლეკვების შეჯვარება შესაძლებელია?

- ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თეორიულად - კი. მესამე ძუ ლეკვი და ხვადები ნათესავები არ არიან. ჯერ მითითებული არ არის, რას გააკეთებენ, აპირებენ თუ არა ამ სახეობების ბუნებაში გამრავლებას. თუმცა ეს ტექნოლოგია ერთმნიშვნელოვნად გამოადგება იმ სახეობების აღსადგენად, რომლებიც ჩვენ თვალწინ გადაშენდნენ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა ბოლო ჩრდილოური, თეთრი მარტორქა. მისი გენეტიკური მასალა შენახულია.

ახლა ლაბორატორიებში მამონტის აღდგენაზე მუშაობენ, ტასმანიური, ე.წ. ჩანთოსანი მგლის აღდგენაზეც. ჩანთოსანი მგელი მეოცე საუკუნეში გადაშენდა, ზოოპარკებშიც კი ჰყავდათ. უამრავი სახეობა ქრება თვალსა და ხელს შუა.

ჩვენ კიდევ არ ვიცით, სახეობების გადაშენება მომავალში რა პრობლემებს გამოიწვევს, რა მოხდება ეკოსისტემაში. შეიძლება ძალიან რთული შედეგები მივიღოთ, რაც შემდეგ ადამიანზეც აისახება. სახეობების შენარჩუნებაზე ზრუნვა ადამიანზე ზრუნვაა.

ეს პირველი ცდა არ არის. ადრე პირინეულ თხაზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი, მაგრამ მან დიდხანს ვერ იცოცხლა. ასეთი ძველი ცხოველის აღდგენა მაინც სხვა დონის მიღწევაა. როდესაც ეს ტექნოლოგია გამოქვეყნდება და მკვლევრებისთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, სხვა სახეობების აღდგენაც გახდება შესაძლებელი.

1500 საათი მგლებთან
please wait

No media source currently available

0:00 0:22:11 0:00

- დინოზავრების აღდგენაც შეიძლება?

- ალბათ დინოზავრებზეც მუშაობენ. ვიცი, რომ აშშ-ში მუშაობენ მამონტის აღდგენაზე. მამონტის ნამარხი წლების წინ იპოვეს. ალბათ, სხვა მასალებიც არის. რაც შეეხება დინოზავრებს, აქ რამდენიმე მილიონ წელზეა ლაპარაკი. ნაშთები მთლიანად გაქვავებულია და მათში დნმ უკვე აღარაა. ალბათ უნდა იპოვონ რამე, სადაც დნმ იქნება. მთავარი პრობლემა არის დნმ.

- მეცნიერებს ყველაზე მეტად რომელი ცხოველის გადაშენებაზე გწყდებათ გული?

- ყველაზე. ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ ეს ცხოველები, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო, რთულია. მათი მოძებნა, შეწყვილება, ბუნებაში დაბრუნება... რაც უფრო გონიერია ცხოველი, მით უფრო ძნელია. მაგალითად, კეთილშობილი ირმის წყვილის შექმნას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მასაც გადაშენება ემუქრება. დღეს გვყავს უკვე ირმების ჯგუფი, რომელიც შეიძლება ველურ ბუნებაში დაბრუნდეს და დაბრუნდება კიდეც.

ეს ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა, არა მხოლოდ ცოცხალი ინდივიდების გამრავლება შევძლოთ, გადაშენებულებიც აღვადგინოთ.

- გადაშენებული ცხოველებიდან ყველაზე მცირე ინფორმაცია რომელზე გვაქვს? ისეთი, რომელზეც ყველაზე ნაკლებად ვიცით, სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა?

- პალეობიოლოგიის საშუალებით ძალიან ბევრი ცხოველის დიდი სიზუსტით აღდგენა შეიძლება. თუმცა, მაგალითად, ჩვენ ისიც არ ვიცით, დინოზავრები ერთი ფერისები იყვნენ თუ გველებივით ფერადები. ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ ბუმბულიც ჰქონდათ. თუ აღდგება ეს სახეობები, უკვე დავინახავთ, როგორები იყვნენ სინამდვილეში.

- შეიძლება სულ სხვა სურათი მივიღოთ?

- შეიძლება. იგივე მრისხანე მგლის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველი თეთრი ყოფილა, თუმცა ელოდნენ, რომ რუხი იქნებოდა.

- თქვით, რომ მთავარი მაინც ადამიანია. მართალია ადამიანს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, მაგრამ...

- დარწმუნებული ხართ? რამდენიმე წლის წინ კოვიდის გამო სახლებში ვისხედით, რომ არ ამოვმწყდარიყავით.

- უფრო ვგულისხმობ იმას, რომ დღეს, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არსებობს, რა შეიძლება ადამიანის ხაზით გენურმა ინჟინერიამ აღადგინოს?

- ნამარხი ფორმები, ჰომო ერექტუსები. ტექნოლოგია და მეთოდი ერთია - იქნება ეს მგელი, თაგვი თუ ადამიანი. გენურ ინჟინერიას, პირველ რიგში, სწორედ ადამიანზე გამოცდიდნენ, მაგრამ უამრავი ფაქტორის გამო ეს აკრძალულია. თუმცა გენურ ინჟინერიას შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს მედიცინაში, თუნდაც ცალკეული ორგანოების გამოზრდის კუთხით.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG