ცხოველების მასობრივი გაქრობა პლანეტაზე პირველად როდი ხდება. 450 მილიონი წლის განმავლოაბში ასეთი რამ 5-ჯერ მოხდა. თუმცა, ახლანდელი, მეექვსე დანარჩენებისგან განსხვავდება. მეცნიერები მას ანთროპოგენურს, ანუ ადამიანის მოქმედებით გამოწვეულს უწოდებენ.
უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში პირისაგან მიწისა ცხოველების 900 სახეობა აღიგავა. სახეობების გადაშენების ტემპი დღეს განსხვავდება, მაგალითად, პერმის დიდი გადაშენებისგან, რომელიც ათეულობით ათასი წელი გრძელდებოდა. მაშინ დედამიწამ ზღვის სახეობების 95% და ხმელეთზე მცხოვრები ხერხემლიანების 70% დაკარგა.
საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციების მონაცემებით, მხოლოდ 1970 წლიდან გარეული ცხოველების რაოდენობა 69%-ით შემცირდა - ძირითადად მათი საბინადრო ადგილების განადგურების გამო, ასევე ნადირობისა და გარემოს დაბინძურების შედეგად.
ახლა საფრთხის ქვეშაა ცხოველებისა და მცენარეების 40 ათასი სახეობა: ამფიბიების 40% და ძუძუმწოვრების 24%. ისინი შესაძლოა 2050 წლისთვის გადაშენდნენ.
„კედარი“ მოსკოველ ბიოლოგ მარია ვორონცოვას გაესაუბრა, ასევე დაელაპარაკა მტაცებელი ცხოველებისა და ზღვის ძუძუმწოვრების სპეციალისტებსაც (ექსპერტებმა ითხოვეს, მათი სახელები არ გამჟღავნებულიყო). შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ ქრებიან ასე სწრაფად სახეობები და რას მოუტანს ეს პლანეტას.
- რატომ ქრებიან სახეობები?
ზოოლოგი, მტაცებელი ცხოველების სპეციალისტი:
ზოგიერთი სახეობა ბუნებრივი მიზეზების გამო ქრება, მაგალითად, გარემოს ცვლილების გამო, ადაპტიებას ვერ ასწრებენ. ეს პროცესი შესაძლოა ათასწლეულები გაიწელოს. ამის მაგალითია პლეიტოცენური მამონტების მეგაფაუნა, რომელიც ძალიან იყო დამოკიდებული გარკვეული ტიპის ლანდშაფტზე - ტუნდრა-სტეპებზე. დათბობამ და მყინვარების დნობამ მათი საარსებო გარემო შეცვალა. გაჩნდა დიდი ჭაობები, ტყე-მცენარეები, რომლებმაც საძოვრები შეამცირეს. საკვების მოპოვებას დიდი თოვლიც აფერხებდა.
სხვა ჰიპოთეზა მამონტების განადგურების მიზეზად პირველყოფილ მონადირეებს მიიჩნევს, რომლებმაც ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ათვისება დაიწყეს.
არც ეს ჰიპოთეზაა უსაფუძვლო, მით უფრო, რომ ჰიპოთეზა, რომელიც გადაშენების მიზეზად კლიმატს ასახელებს, ვერ ხსნის როგორ მოხდა ისე, რომ მანამდე მამონტები კლიმატის ცვლილების რამდენიმე ფაზას გაუმკლავდნენ.
ზოოლოგი, ზღვის ძუძუმწოვრების სპეციალისტი:
ჩემი აზრით, პასუხი მარტივია: ერთი სახეობა მეორეზე წარმატებული გამოდგება ხოლმე, მაგალითად, ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა დედამიწაზე. ის ძალიან კარგად ასრულებს ბიოლოგიურ ფუნქციას - მყარად მკვიდრდება და ახალ ტერიტორიებს ითვისებს. როდესაც ერთი სახეობის არეალი სწრაფად ფართოვდება, მეორემ თავი რამეს უნდა შეაფაროს. პლანეტის რესურსი ულევი არაა. ბევრ სახეობას ბინადრობისთვის სივრცე აღარ რჩება.
ბევრი მკვლევარი თანხმდება, რომ მამონტებისა და სხვა რამდენიმე სახეობის გადაშენებაში ადამიანმა დიდი როლი ითამაშა. შესაძლოა, მამონტებზე კლიმატის ცვლილებამაც იმოქმედა, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც ადამიანია. საინტერესო ფაქტია: მატერიკზე მამონტები 9500 წლის წინ გაქრნენ, მაგრამ უკაცრიელ კუნძულ ვრანგელზე, არქტიკაში, მამონტები კიდევ 5000 წელი ცხოვრობდნენ.
მარია ვორონცოვა, ზღვის ბიოლოგი:
სანამ ჰომო საპიენსი ყველა სხვა სახეობის სათავეში მოექცეოდა, ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებაში ბალანსი არსებობდა - ევოლუციისა და გადარჩევის პრინციპი მოქმედებდა. გამოჩნდა ჩვენი სახეობა, განვითარებული ტვინით და დაიწყო გარემოს გარდაქმნა. ადამიანი პლანეტაზე იმდენად დიდ გავლენას ახდენს, რომ მთლიანად ეკოსისტემები ნადგურდება.
ადამიანები ძალიან დიდ ადგილს იკავებენ. დღეს პლანეტის მოსახლეობა დაახლოებით 8 მილიარდია.
ძალიან დიდი ტერიტორია უჭირავს სოფლის მეურნეობას. ატმოსფერო, ნიადაგი, მდინარეები და ოკეანეები დაბინძურებულია. სათბურის გაზების ატმოსფეროში გატყორცნა მხოლოდ გლობალურ დათბობას როდი იწვევს. СО2 იხსნება წყალში, რაც ოკეანეებში მჟავიანობის დონეს ამაღლებს. ეს კი აზიანებს ზღვის ცხოველებს, რომლებიც კირქვის ნიჟარებს იკეთებენ.
- კონკრეტულად რომელი სახეობები გაანადგურა ადამიანმა?
ზოოლოგი, მტაცებელი ცხოველების სპეციალისტი:
უამრავი მაგალითია, ყველაზე კლასიკური - მოგზაური მტრედი. ეს რამდენიმემილიარდიანი ჩრდილოამერიკული პოპულაცია უკონტროლო ნადირობისა და ბინადრობის არეალის მიტაცების გამო განადგურდა. ველურ ბუნებაში ბოლო მოგზაური მტრედი 1901 წელს მოკვდა, 1914 წელს კი - ზოოპარკში.
კიდევ ერთი მაგალითი - ზღვის ძროხა, ზღვის ძუძუმწოვარი, რომელიც კომანდორის კუნძულების სიახლოვეს ბინადრობდა. ის პირველად 1741 წელს აღწერა გეორგ სტელერმა, ვიტუს ბერინგის ექსპედიციის მონაწილემ.
უკვე 1758 წელს სახეობა მთლიანად ამოწყვიტეს. იმის გამო, რომ ეს ცხოველები ზანტები იყვნენ, მათი დაჭერა იოლი იყო. სულ 2 ათასი ცალი თუ იქნებოდა, ამიტომ რამდენიმე ათწლეულში მთლიანად გადაშენდნენ.
კიდევ ერთი მაგალითი - თურანული ვეფხვი (ეს ქვესახეობაა). თურანული ვეფხვი ოდესღაც ლაღად ბინადრობდა შუა აზიაში, ამიერკავკასიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის - ირანში, ავღანეთსა და თურქეთში. ამ ვეფხვებს უყვარდათ ჭალის ტყეები, რომლებიც ადამიანებმა მიითვისეს. მათზე ნადირობდნენ კიდეც. ბოლო ერთეულები მე-20 საუკუნის შუა წლებში გადაშენდნენ.
თუ დიდ ძუძუმწოვრებზე ვსაუბრობთ, მათ ძირითადად ორი საფრთხე ემუქრებათ, საბინადრო არეალის განადგურება, მაგალითად, ტყეების ჩეხვით, წიაღისეულის მოპოვებით, ხანძრებით... და ნადირობა. ამ პროცესის მასშტაბი ისევ ვეფხვის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ვეფხვის 9 ქვესახეობა ბინადრობდა. პოპულაციაში მთლიანად 100 ათასამდე ვეფხვი იყო. დღეს ბუნებაში მხოლოდ 6 სახეობის ვეფხვიღა დარჩა - გადაშენდნენ იავური, ბალისა და თურანული ვეფხვები.
მარია ვორონცოვა, ზღვის ბიოლოგი:
მე-19 საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაური მტრედები უზარმაზარ გუნდებად ცხოვრობდნენ. ისინი ენდემური ფრინველების 40%-ს შეადგენდნენ. მათ ადამიანები ასი წელი ანადგურებდნენ. გარდა იმისა, რომ საკვებად ვარგოდნენ, ტექსტილის წარმოებაშიც იყენებდნენ - ბუმბულით ბალიშებს აკეთებდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეს მრავალათასიანი სახეობა ამოწყდა.
ადამიანის გამოჩენამდე სახეობების რაოდენობა ბუნებრივად რეგულირდებოდა. ვიცით, რომ იმ სახეობების 99%, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე არსებობდნენ, სწორედ ბუნებრივად გადაშენდნენ. მაგრამ თითოეული სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მილიონიდან ათეულ მილიონამდე წელი იყო. არსებობდა ბალანსი.
ცნობილია, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები და კლიმატის ცვლილება ეკოსისტემის ცვლილებასაც იწვევდა, ერთი სახეობების განადგურებას და სხვების ევოლუციას. ანტარქტიდის ყინულებში ნაპოვნია ნახშირი, ანუ იქ ოდესღაც ტყე იზრდებოდა. ევრაზიის ჩრდილოეთით ოკეანე იყო.
ველური ცხოველების კომერციული ექსპლუატაცია და ნადირობა ბიომრავალფეროვნებისთვის ძალიან საშიშია. უამრავი ფაქტია, როდესაც გადაჭარბებულმა თევზჭერამ გამოიწვია ის, რომ სახეობის აღდგენას ათწლეულები დასჭირდა, მაგალითად, ვირთევზასი კანადის ნაპირებთან.
ვეშაპებზე ნადირობის გამო ატლანტის ოკეანეში მთლიანად ამოწყდნენ რუხი ვეშაპები, სადა ვეშაპისებრნი კი, რომლებიც ერთ დროს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით ყველაზე მეტნი იყვნენ, დღეს მხოლოდ 300 ცალი თუ დარჩა. გაუგებარია, გადარჩება თუ არა ეს პოპულაცია.
კიდევ ერთი მაგალითი კასპიური სელაპია. მასზე 1990-2000 წლებში ბევრს ნადირობდნენ. დღეს ეს სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი. დაბინძურებული კასპიის ზღვის გამო სელაპები დაავადდნენ და მასობრივად იღუპებიან.
- რა მოხდება, თუ შორეულ აღმოსავლეთში ვეფხვები გაქრებიან?
ზოოლოგი, მტაცებელი ცხოველების სპეციალისტი:
ვეფხვი აღმოსავლეთ წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების ეკოსისტემის მდგომარეობის ინდიკატორია. ვეფხვების შემდეგ მათ ადგილს მგლები და გაველურებული ძაღლები დაიკავებენ. მიიჩნევა, რომ მგლები და მგელძაღლები ვეფხვებზე მეტად აზარალებენ ჩლიქოსან ცხოველებს. ვეფხვი გაცილებით მომგებიანია, ვიდრე მგელი.
ვეფხვის გადაშენება ნიშანია, რომ ბუნების დეგრადაციის ზღვარს მივაღწიეთ. ეს მხოლოდ ერთი სახეობის დაკარგვა არ იქნება, პირობები სხვა სახეობებისთვისაც გაუარესდება, მათ შორის ადამიანისაც.
- ზედმეტი რატომ არასდროსაა?
ზოოლოგი, მტაცებელი ცხოველების სპეციალისტი:
ეკოსისტემაში თითოეულ სახოებას თავისი უნიკალური როლი აქვს განსაზღვრული, ზედმეტი სახეობა არ არსებობს. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ცხოველებისთვის ეს პირველ რიგში არის კვების ჯაჭვები. თუ მეორეხარისხოვანი სახეობა გადაშენდა, ჯაჭვის ერთი რგოლი წყდება, ეკოსისტემა ღარიბდება. თუმცა, მდგრადობა შეიძლება მაინც შეინარჩუნოს, სხვა მეორეხარისხოვანი სახეობის ხარჯზე. მაგრამ თუ ძირითადი სახეობა გადაშენდა, ეკოსისტემა დეგრადირდება და ჩამოიშლება.
ზოოლოგი, ზღვის ძუძუმწოვრების სპეციალისტი:
საიგას მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ. საიგა წყვილჩლიქოსანი ცხოველია, ანტილოპების ოჯახიდან. მე-17 საუკუნეში საიგა ევრაზიაში ყველაზე გავრცელებულ ცხოველად მიიჩნეოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში მილიონიან ჯოგებზე ჰყვებიან. დღეს რუსეთში საიგების რაოდენობა 6,5 ათასამდე ჩამოვიდა. მიზეზი ნადირობა და საძოვრების შემცირებაა.
იქ, სადაც ადრე საიგები ბინადრობდნენ, ახლა ადამიანი საქონელს მწყემსავს და მელიორაციის არხები გაჰყავს, რომლებზედაც მიგრაციის დროს საიგები ფეხებს იმტვრევენ. დღემდე ძვირად ფასობს საიგის რქები, ამის გამო ბრაკონიერებიც მრავლდებიან.
წყვილჩლიქოსნები მნიშვნელოვნად ცვლიან გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. ჭამენ მცენარეებს, ნიადაგს ტკეპნიან. საიგების შემცირება და გადაშენება ეკოსისტემაზეც მოქმედებს. შესაძლოა შეიცვალოს საარსებო პირობები იმ მწერებისთვის, რომლებიც ამ სტეპებზე ცხოვრობენ, ასევე მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისთვის.
შესაძლოა ძნელად პროგნოზირებად შედეგებზეც ვისაუბროთ. მაგალითად, ყვავების დახოცვამ ჩინეთში მოსავლის განადგურება და შიმშილობა გამოიწვია. ჩვენ არ შეგვიძლია, დაზუსტებით ვთქვათ, როგორ იმოქმედებს ერთი სახეობის განადგურება დანარჩენებზე.
ხდება პირიქითაც - მაგალითად, კამჩატკის კიბორჩხალა, რომელიც ბარენცის ზღვაში გადასვეს. მისმა უკონტროლო გამრავლებამ ადგილობრივი სახეობები გადაშენების პირას მიიყვანა.
მარია ვორონცოვა, ზღვის ბიოლოგი:
ვიმსჯელოთ არქტიკის და ანტარქტიკის მაგალითზე - იქ სახეობები ცოტაა, მაგრამ რაც არის, ბევრია. ანტარქტიკაში 17 სახეობის პინგვინია. ისინი კრილით იკვებებიან, თავად პინგვინებს კი სელაპები ჭამენ. პინგვინები რომ გაწყდნენ, ზღვის ლეოპარდებს საკვების პრობლემა შეექმნებათ.
კრილების რიცხვის კლებასთან ერთად, სამხრეთ ოკეანეში ვეშაპების საკვების მარაგი ქრება. თუ ადამიანები კრილის მოპოვების მასშტაბს გაზრდიან, პინგვინებსა და ვეშაპებს შიმშილი ელით.
- რა დაემართება ადამიანს, თუკი სხვა სახეობები გადაშენდებიან?
ზოოლოგი, მტაცებელი ცხოველების სპეციალისტი:
ადამიანს საკუთარი საარსებო გარემოც აღარ ექნება. ეს მხოლოდ ილუზიაა, რომ ბუნებისგან გამოყოფა შევძელით. ძველებურად მისი ნაწილი ვართ. იმ ტოტს ვჭრით, რომელზედაც ვსხედვართ.
ასევე ნახეთ:
ფორუმი