Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კადიროვი გვამის გაქრობით იმუქრება - მიტინგი 17 წლის მოზარდის ცხედრის გარშემო

კადიროვი გვამის გაქრობით იმუქრება - მიტინგი 17 წლის მოზარდის ცხედრის გარშემო


პოლიციელები ჩეჩნეთში. ილუსტრაცია
პოლიციელები ჩეჩნეთში. ილუსტრაცია

ჩეჩნეთში 17 წლის ესკარხან ხუმაშევის ცხედარი დემონსტრაციულად დააგდეს ქალაქ აჩხოი-მარტანის მთავარ მოედანზე. რამზან კადიროვი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდის ნათესავებს გვამის გაქრობით, ჩეჩნეთიდან გასახლებითა და ქონების კონფისკაციით ემუქრება.

7 აპრილს უცნობი პირი დანით თავს დაესხა ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

9 აპრილს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ცხედარი, დემონსტრაციის მიზნით, ქალაქის მთავარ მოედანზე დააგდეს და ხელისუფლების მიერ გამოყვანილ ადამიანებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს, იმიტირებულ მიტინგი მონაწილეობა აიძულეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა მკვლელობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ნათესავების ჩეჩნეთიდან გასახლება.

7 აპრილს მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ოპოზიციური მოძრაობის NIYSO-ს აქტივისტებმა, რომლებიც რეგულარულად აკრიტიკებენ რამზან კადიროვს და წერენ ძალოვანი უწყებების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცების შესახებ. თავდასხმიდან ორი საათის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულმა სამმართველომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც: აჩხოი-მარტანში მცხოვრები პირი დანით დაესხა თავს საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს. თვითონ თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლით იქნა მოკლული. მიღებული ჭრილობებისგან ერთი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სოცქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ჩანს, როგორ გამოდის ადამიანი მაღაზიიდან, რომლის წინ, გზაზე დგას პოლიციის მანქანა ჩართული ციმციმათი. იქვე, მანქანის მახლობლად, სამი ადამიანია. თავდამსხმელი გარბის მათკენ და პირველივეს ესხმის თავს - ძირს აგდებს. ამ დროს ხდება გასროლაც.

7 აპრილსვე NIYSO-მ დაასახელა თავდამსხმელის გვარი - ხუმაშევი, დილით კი ცნობილი გახდა მისი სახელი - ესკერხანი. ინფორმაცია გაავრცელა სამართალდამცავ უწყებებთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა Baza, რომლის მიხედვითაც, ესკერხან ხუმაშევის ასაკი 16-17 წელია.

აჩხოი-მარტანი - ქალაქის ტიპის დასახლება. მდებარეობს გროზნოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. მოსახლეობა - 30 000 ადამიანი.

ჩეჩნეთის მეთაურის ოფიციალური რეაქცია ცნობილი გახდა მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ: რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეოშეხვედრის კადრები. კადიროვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვიდან ჩამოვიდა და, რომ მის ქმედებებს, თითქოსდა, ხელმძღვანელობდნენ გარკვეული პირები, რომლებიც ამჟამად თურქეთში იმყოფებიან, ხოლო მათ, თავის მხრივ, უკრაინიდან კურირებს ანდრეი რომანოვი. მოძრაობა NIYSO-ში დარწმუნებულები არიან, რომ კადიროვის განცხადებაში გაჟღერებული მუქარების ნაწილი მიემართება მათ აქტივისტებს, რათა აიძულონ ისინი შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა.


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

რამზან კადიროვს ბრალდებების ოფიციალური ვერსიის გასამყარებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა ამის მიუხედავად მან უბრძანა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როსგვარდიას და ФСБ-ს, ჩეჩნეთიდან გაასახლონ ყველა, ვინც, მისი აზრით, აჩხოი-მარტანში მომხდარი თავდასხმის უკან დგას. კადიროვის თქმით, ასევე უნდა მოხდეს დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის ქონების კონფისკაცია:

„რაც შეეხება ამ ნაბიჭვარს: ყველა ვინც ჰყავს - მშობლები, ძმები უნდა გავასახლოთ რესპუბლიკიდან. უნდა ჩამოერთვათ ქონება ჩეჩნეთშიც და მოსკოვშიც.“

კადიროვის თქმით, ოჯახის გარდა ქონების კონფისკაცია და გასახლება ასევე შეეხებათ შორეულ ნათესავებსაც.

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ტერორისტების მშობლებსა და უახლოეს ნათესავებს. თითოეულმა მათგანმა უნდა ესმოდეს, რომ მას მოუწევს პასუხისგება თავისი ახლობლების დანაშაულებრივ ქმედებებზე“, — დაწერა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე.

რამზან კადიროვის ეს განკარგულება ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს და შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. რუსეთში მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი, რომელიც გამყარებულია სისხლის სამართლის კოდექსით. კოლექტიური დასჯა, მათ შორის, ფედერაციის სუბიექტის ტერიტორიიდან მოქალაქეების გაძევება, არ არის გათვალისწინებული კანონით, თუმცა, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, კადიროვისთვის კანონი არასოდეს ყოფილა გადაულახავი წინაღობა.

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის, ევა მერკაჩევას თქმით, აჩხოი-მარტანში მომხდარი ნამდვილი ბარბაროსობაა:

„არცერთ სამართლებრივ ნორმას ეს არ შეესაბამება და არ შეიძლება შეესაბამებოდეს. კაცობრიობა განვითარდა, რათა თავი დაეღწია სისხლის აღებისგან, სისასტიკის დემონსტრირებისგან. რაც მოხდა, ჩემი აზრით, ეს არის უკან გადადგმული კულტურული და ცივილიზაციური ნაბიჯი“.

მიმომხილველების თქმით, როდესაც სანქციები დაუწესეს კადიროვის ოჯახის წევრებს, ჩეჩნეთის მეთაურმა გულის წყრომით განაცხადა, ნათესავები არ უნდა აგებდნენ პასუხს სხვა ადამიანის საქციელზეო, ახლა რამზან კადიროვი თავად მოითხოვს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის იმ ნათესავების დასჯას, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ.

NIYSO-ს მონაცემების მიხედვით, ძალოვნებმა ჯერ კიდევ 8 აპრილის ღამეს გაიყვანეს სახლებიდან ესკერხან ხუმაშევის ნათესავები - სულ ცოტა ექვსი ადამიანი, მათ შორის ეჭვმიტანილის ორი არასრულწლოვანი ძმა.

9 აპრილს მოკლულის ცხედარი მიიტანეს აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც ეგრეთ წოდებულ მიტინგი მიმდინარეობდა.

„მიტინგის“ ერთ-ერთმა მონაწილემ გამოცემა „კავკაზსკი უზელს“ უამბო, რომ იმ დროს, როცა შეკრებილებთან მივიდნენ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხოზა ბურსაგოვი და ყადი აბდურაშიდ დადუევი, შორიახლოს გაჩერდა ავტომობილი, საიდანაც გადმოიტანეს თავდამსხმელის გვამი.

„სინამდვილეში ხელისუფლების დავალებით მასში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები“, - იტყობინება რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ვებსაიტი kavkaz.realii. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიმეორეს კადიროვის მუქარები და განაცხადეს, რომ ესკერხან ხუმაშევის ცხედარი ოჯახს არ გადაეცემა და, რომ ვერავინ შეიტყობს, სად დაკრძალავენ მას. სავარაუდოდ, ამ აქციის მიზანი იყო დაშინება, მაგრამ, თვითმხილველების თქმით, ეფექტი საპირისპირო აღმოჩნდა: დაგმობის ნაცვლად - თანაგრძნობა, ბევრმა ცრემლებიც ვერ შეიკავა“.

ოპოზიციური ტელეგრამ-არხების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის მახლობლად, ხალხის ბრბო გარს ერტყმის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს. ისმის, როგორ ტირიან ქალები. თვითმხილველთა ჩვენებების თანახმად, შეკრებილთაგან არავის მისცეს მიტინგის დატოვების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქალს გული წაუვიდა.

ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა NIYSO-მ, რომელმაც გამოაქვეყნა ვიდეო, ამტკიცებს, რომ ცხედარი მოედანზე დატოვეს მიტინგის დასრულების შემდეგაც. კიდევ ერთ ვიდეოში, მოზარდის ცხედარი აგდია სხვა ადგილას, სავარაუდოდ გზაზე, სადაც შორიახლო ავტომობილები მოძრაობენ.

Kavkaz.realii-ს რედაქციის მიხედვით, მიუხედავად რამზან კადიროვის რეგულარული განცხადებებისა, რომ თითქოსდა რესპუბლიკაში უსაფრთხოების საკითხი სრულად არის მოგვარებული, ჩეჩნეთში კვლავ ხდება ძალოვან უწყებებზე თავდასხმები. აჩხოი-მარტანში მომხდარი თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს უკვე მინიმუმ მეექვსე შემთხვევაა - თანაც ეს მხოლოდ ის ეპიზოდებია, რომლებიც გახმაურდა.

2024 წლის თებერვალში სოფელ ძველ აჩხოიში (ასევე აჩხოი-მარტანის რაიონი) სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა პოლიციელებს. ყველა თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლით იქნა მოკლული.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსული რედაქცია წერს, მსგავსი ისტორიები - იშვიათი არ არის ჩეჩნეთისთვის, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ორი ომი გადაიტანა. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც ჩეჩნეთში ათი წელი გაგრძელდა, 2009 წელს მოიხსნა, თუმცა ე.წ. ძალოვნებზე (განსაკუთრებით პოლიციის საპატრულო რაზმებზე) თავდასხმები დღემდე გაგრძელდა.

უფლებადამცველ ალექსანდრ ჩერკასოვის თქმით, კოლექტიური პასუხისმგებლობის პრაქტიკა, რომელსაც რეგულარულად მიმართავს რამზან კადიროვი, მხოლოდ აძლიერებს საპროტესტო პოტენციალს.

"მიუხედავად ჩეჩნეთში განსხვავებული აზრის ჩახშობის უსასტიკესი ზომებისა; მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული იატაკქვეშა წინააღმდეგობა თითქოსდა მრავალჯერ განადგურდა, თავად ხისტი რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს რეპრესიებს ნათესავების წინააღმდეგ, თავად შობს ამგვარი თავდასხმების სამობილიზაციო ბაზას. უხეში ძალის ტაქტიკა საბოლოოდ კონტრპროდუქტიულია", - ამბობს ალექსანდრ ჩერკასოვი kavkaz.realii-თან საუბარში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG