Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიიწევს. შეიცვლება თუ არა ფრონტის ხაზი 2025 წელს?

რუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიიწევს. შეიცვლება თუ არა ფრონტის ხაზი 2025 წელს?


საილუსტრაციო ფოტო: დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე რუსეთის არმიის შესაჩერებლად აგებული თავდაცვითი ნაგებობა. 2025 წლის თებერვალი
საილუსტრაციო ფოტო: დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე რუსეთის არმიის შესაჩერებლად აგებული თავდაცვითი ნაგებობა. 2025 წლის თებერვალი

10 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა კონტროლი დაამყარა სუმის რაიონის სოფელ ჟურავკაზე.

როგორც "ნასტოიაშჩეე ვრემია" წერს, ჟურავკა რუსეთის საზღვრის მახლობლად, კურსკის ოლქის სუჯის რაიონის სოფელ ნიკოლაევო-დარინოს სამხრეთით მდებარეობს. მანამდე სუმის რეგიონის იმავე მხარეში რუსეთის შენაერთებმა, მოსკოვის ცნობით, დაიკავეს დასახლებული პუნქტები ბასოვკა და ნოვენკოე.

რუსეთის სამხედრო უწყების ამ ცნობებს არ ადასტურებს უკრაინული მხარე, მაგრამ 9 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა სუმის და ხარკოვის ოლქებზე ახალი შეტევა დაიწყეს.

"უკვე რამდენიმე დღეა, ყველა ძირითადი მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებების რაოდენობის თითქმის გაორმაგების მომსწრენი ვართ. მტერი აგრძელებს სტრატეგიულ შეტევით ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობას, ჩვენი ჯარების დამარცხებას, შიდა წინსვლას, ცდილობს მთლიანად დაიპყროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილები და შექმნას ბუფერული ზონა ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების ტერიტორიაზე. "

რუსეთის არმიის შეტევა ხარკოვსა და სუმიზე შეიძლება იყოს ვლადიმირ პუტინის იმ ბრძანების შესრულება, რომელიც რუსეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა მარტში, კურსკის რეგიონში მოულოდნელი ვიზიტის დროს მისცა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს.

პუტინმა განაცხადა, რომ ჯარების წინაშე დგას ამოცანა, უმოკლეს დროში საბოლოოდ დაამარცხონ უკრაინის ჯარები და უსაფრთხოების ზონა შექმნან უკრაინის საზღვართან.

"რა თქმა უნდა, მე გთხოვთ, რომ მომავალში იფიქროთ საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე",- თქვა პუტინმა კურსკში ყოფნის დროს.

რუსეთის "გამოუცხადებელი პრიორიტეტი"

ხარკოვი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, რუსული სარდლობისთვის "გამოუცხადებელი პრიორიტეტია" და რუსეთის ჯარი მას რეგულარულად ესხმის თავს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით.

ასევე, რუსეთის არმია რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობს, სამხრეთიდან შემოუაროს დონბასში უკრაინის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს, პოკროვსკს და ალყაში მოაქციოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი.

უკრაინის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ფრონტის ხაზზე ჯარების რაოდენობის შენარჩუნება, რაც ხელს უშლიდა კიევს, შეეჩერებინა რუსეთის წინსვლა. თუმცა დასავლელი სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის.

"მე არ მგონია, რომ უკრაინა აუცილებლად დამარცხდება. ისინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე იყვნენ", – განაცხადა აპრილის დასაწყისში კონგრესის მოსმენაზე აშშ-ის არმიის გენერალმა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა კრისტოფერ კავოლიმ.

კრისტოფერ კავოლი
კრისტოფერ კავოლი

ბელარუსი, როგორც პლაცდარმი?

შესაძლო ახალ რუსულ შეტევაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც. მისი თქმით, რუსეთის არმიას აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი და თვითმფრინავები, ხოლო როგორც პლაცდარმი შეუძლია ბელარუსი გამოიყენოს.

ამერიკული ტელეარხის, CNN-ის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უფრო გააქტიურეს შეტევები აღმოსავლეთ უკრაინაში. მოელიან, რომ რუსეთის ჯარები შეიძლება შეეცადონ დნეპროპეტროვსკის რეგიონში შესვლას. ანალიტიკურ პროექტ DeepState-ის თანახმად, ამჟამად რუსეთის არმიას დაახლოებით ექვსი კილომეტრი აშორებს ამ რეგიონისგან.

9 აპრილს, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა ქალაქ დნეპრზე რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად.

უფრო ადრე, 1 მარტს, რუსული ტაქტიკური რაკეტა „ისკანდერ M-ის" დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ერთ-ერთ პოლიგონზე რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.

  • 27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს ახალ შეტევებს სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.
  • ზელენსკის თანახმად, რუსეთი ცდილობს, აშშ ჩაითრიოს ყალბ პირობებზე დაუსრულებელ და უსაგნო დისკუსიებში, რათა დრო მოიგოს და უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწის დაპყრობა სცადოს.
  • ამჟამად რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები. 2014 წლიდან ანექსირებულია ყირიმი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG