სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში, დაჯილდოების მომენტში ცხადად ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი რაღაცას ეუბნება მოჭიდავეს, თავს აქნევს, შემდეგ კი უხეშად ჰკიდებს მედალს კისერზე და ხელს ართმევს სახტად დარჩენილ სპორტსმენს.
თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიის სკანდალური კადრები გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა "თავისუფალი ჭიდაობა".
ჩერმენ ვალიევის მწვრთნელმა კახაბერ ძუკაევმა განმარტა, რომ „მიხეილ მამიაშვილმა, უცენზურო სიტყვების თანხლებით, მოღალატე უწოდა ჩერმენ ვალიევს." ძუკაევის თქმით, ამ ყველაფერს "შეესწრო აზერბაიჯანელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰეთაგ გოზუმოვი, რომელიც მამიაშვილს მიუახლოვდა და ჩერმენ ვალიევის მიმართ უპატივცემულობის გამო აღშფოთება გამოხატა. სკანდალი კულისებში გაგრძელდა“.
მამიაშვილი: "დიდმა რუსეთმა ისინი სპორტსმენებად აქცია"
რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, პოლკოვნიკი მამიაშვილი მომხდარს ასე ხსნის:
„მე მას გამარჯვება მივულოცე და წარმატება ვუსურვე. შესაძლოა, გაუკვირდა, რომ მე მას ვაჯილდოებდი. რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ოლიმპიადამდე ოთხი თვით ადრე, ის ჩვენს ნაკრებში იყო. ეროვნული გუნდი მას ამზადებდა, მაგრამ დღეს ის უკვე ალბანურ დროშაზე ღვრის ცრემლებს. შესაძლოა, ამან შეაცბუნა? ისეთებისთვის, როგორც ჩერმენია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დროშას? დღეს ალბანურ დროშას აფრიალებს, ხვალ - ბულგარულს. ეს ახალგაზრდები, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თავიანთ მხრებზე მოხვეული დროშის ღირებულებას. მათ არ ესმით, რა არის იმ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელმაც ისინი შექმნა და მისცა მათ შესაძლებლობა. დიახ, ზოგჯერ რთულ პირობებში, მაგრამ მაინც დიდმა რუსეთმა ისინი სპორტსმენებად აქცია. ამაშია საქმე, თორემ ისე სიკეთეში მოიხმარონ ალბანური დროშა", - მიხეილ მამიაშვილის ამ სიტყვებს რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" ციტირებს.
მიხეილ მამიაშვილი — საბჭოთა, რუსი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ-ის დამსახურებული სპორტის ოსტატი (1988), სსრკ-ისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი (1992), რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, პოლკოვნიკი.
რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" ვლადიკავკაზელი ჟურნალისტი წერს, რომ ვალიევი 2024 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მაგრამ რუსი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, მას მოუწია მოქალაქეობის შეცვლა, როგორც ეს ბევრმა სხვა რუსმა სპორტსმენმა გააკეთა.
ღალატი თუ სპორტული პრაგმატიზმი?
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რომან ტერუშკოვი 2023 წელს გამოვიდა ინიციატივით, სპორტსმენების მიერ მოქალაქეობის შეცვლა გამოცხადებულიყო სახელმწიფო ღალატად. რუსმა დეპუტატმა თავის ინიციატივას დაურთო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მოქალაქეობა შეიცვალა 93 რუსმა სპორტსმენმა, რომელთა უმრავლესობა მოჭიდავეები და ბიათლონისტები არიან.
მათ შორის იყო ჩერმენ ვალიევი. სპორტის ექსპერტები მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებენ: უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის სპორტული ფედერაციებისათვის დაწესებული სანქციები და მაღალი შიდა კონკურენცია, რაც ართულებს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას. ამის გამო სპორტსმენი იძულებულია შეიცვალოს მოქალაქეობა, რათა გარანტირებულად შეძლოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და მონაწილეობა როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ასევე ოლიმპიადებზე.
იმავე ბრატისლავაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში 125 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი მეშვილდიშვილი, რომელმაც ფინალში საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ მანაშვილი დაამარცხა.
რუსი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებენ, საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობენ არა რუსეთის, არამედ ჭიდაობის გაერთიანებული სამყაროს (United World Wrestling) დროშით.
ალბანეთის სახელით
ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრმა ჩერმენ ვალიევმა რუსეთის მოქალაქეობა ალბანეთის მოქალაქეობაზე შარშან, თებერვალში გაცვალა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, პარიზში ზაფხულის ოლიმპიადაზე ვალიევმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩერმენ ვალიევი თავის თანამემამულეს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონს, ბესლანელ ზაურბეკ სიდაკოვს, შეხვდა.
შეხვედრის წინ სოციალურ ქსელებში ოსები სიამაყით წერდნენ "ევროპის ჩემპიონატის ოსურ ფინალზე" და ორივე სპორტსმენს უსურვებდნენ წარმატებას. როგორც "ეხო კავკაზა“ წერს, ამგვარი საზეიმო განწყობის ფონზე, მიხეილ მამიაშვილის საქციელი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია.
ოსურმა ტელეგრამ-არხმა „Ossetia-მ" გაიხსენა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს სპორტსმენებს:
„ადრე რუსმა მოჭიდავემ ინნა ტრაჟუკოვამ დაადანაშაულა მამიაშვილი იმაში, რომ 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამიაშვილმა გალანძღა და ორჯერ გაარტყა სახეში". ტრაჟუკოვამ პირობა დადო, რომ განცხადებას შეიტანდა პროკურატურაში და რომ ინციდენტის შესახებ შეატყობინებდა რუსეთის სპორტის მინისტრს. იმავე დღეს მიხეილ მამიაშვილმა ტელეკომპანია "360-თან" ინტერვიუში "არარაობები" უწოდა კიდევ ორ ქალ სპორტსმენს: ნატალია ვორობიევას და ვალერია კობლოვას, რომლებმაც თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს“.
ჩერმენ ვალიევს მხარი დაუჭირა ძამბოლატ თედეევმა, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა (2001-2012 წწ. 2016-2022 წწ.) მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც Instagram-ზე დაწერა:
"მამიაშვილის ქცევა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და ეწინააღმდეგება ყველა სპორტულ პრინციპს, ჰუმანისტურ იდეალს, მოჭიდავეთა ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. უხამსი ლექსიკის გამოყენება და სპორტსმენის გამოგონილ ღალატში დადანაშაულება არა მხოლოდ ამცირებს სპორტსმენის ღირსებას, არამედ ჩრდილს აყენებს მთელ სპორტს.
ეს ინციდენტი არა მხოლოდ სამარცხვინოა ფედერაციის ხელმძღვანელისთვის, არამედ ზიანს აყენებს მთელი რუსეთის რეპუტაციას, რადგან პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთელ ევროპაში. როგორ შეიძლება ამაზე არ დაფიქრდე და ქვეყნის იმიჯი შელახო საერთაშორისო არენაზე? როგორ შეიძლება არ გაუფრთხილდე სახელმწიფოს რეპუტაციას, რომლის სახეც შენ ხარ? იქნებ სწორედ ეს არის ღალატი!?"
თედეევის აზრით, ღალატში ბრალდებები უცნაურად ჟღერს მამიაშვილის მიერ დამკვიდრებული იმ პრაქტიკის ფონზე, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული მოჭიდავეების ექსპორტს რუსეთის კონკურენტ გუნდებში:
"საერთოდ, მამიაშვილს ვკითხავდი, რა სინდისით ლაპარაკობს სხვის ღალატზე, როცა უკვე მრავალი წელია, თვითონ ყიდის მოჭიდავეებს სხვა ქვეყნების ნაკრებებში და უშვებს მათ დიდი ფულის სანაცვლოდ, რომელიც მიდის არა სპორტის სახეობის განვითარებაზე, არამედ მხოლოდ [მის] საკუთარ ჯიბეში.
რა სახის თვალთმაქცი უნდა იყო, რომ ნაცვლად მილოცვისა, ახლად გამომცხვარ ჩემპიონს, ახალგაზრდა და პროგრესულ ათლეტს, რომელმაც კაცურად და პატიოსნად გაიმარჯვა, რაღაც პრეტენზიები წაუყენო. ჩერმენმა, როგორც შეეფერება კავკასიური ტრადიციებით აღზრდილ ახალგაზრდას, თავი მოთოკა და საკადრისი პასუხი არ გასცა უფროსს, მაგრამ პირადად მე ვერანაირი მედალს ვერ ავიღებდი ამ გაუზრდელი უფროსისგან“.
ბრატისლავაში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა არსენ ფაძაევმა, რომელმაც გაიხსენა მამიაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა (ერთად ასპარეზობდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში) და თქვა, რომ უკიდურესად უჭირს მკვეთრი შეფასებების გაკეთება:
„თუმცა თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩუმად ვიყო და არ დავიცვა ოსური სკოლის აღზრდილი ჩერმენ ვალიევი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ალბანეთის სახელით გამოსვლისას. ასეთია თანამედროვე რეალობა: ასობით პროფესიონალი სპორტსმენი იცვლის სპორტულ მოქალაქეობას და ასპარეზობს სხვადასხვა ქვეყნის სახელით. ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დადანაშაულება ღალატში!
ჩერმენ ვალიევი წავიდა რუსეთის ნაკრებიდან ობიექტური მიზეზების გამო, სურდა ჰქონოდა საერთაშორისო სტარტებზე პირველ ნომრად გამოსვლის შესაძლებლობა. ასე იქცევა მოჭიდავეთა უზარმაზარი რაოდენობა. არ ჩამოვთვლი გვარებს, სია გრძელი იქნება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თითოეული მათგანი მოღალატეა და არ უყვარს თავისი სამშობლო? მეეჭვება. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სპორტსმენს ძალიან მოკლე სპორტული ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა სურს“.
ფორუმი