Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„აზერბაიჯანს მიმსგავსებული საქართველო“ - ალიევი ევროკავშირს საქართველოს სახელითაც უტევს

„აზერბაიჯანს მიმსგავსებული საქართველო“ - ალიევი ევროკავშირს საქართველოს სახელითაც უტევს


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საერთაშორისო ფორუმზე “ახალი მსოფლიო წესრიგის პირისპირ”. 2025 წლის 9 აპრილი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საერთაშორისო ფორუმზე “ახალი მსოფლიო წესრიგის პირისპირ”. 2025 წლის 9 აპრილი

ევროკავშირი საქართველოს კოლონიალისტივით ექცევა, შიდა საქმეებში ერევა, ხალხის ნებას უგულებელყოფს - ეს განცხადებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ათეულობით უცხოელი ექსპერტის წინაშე, ბაქოში გააკეთა. ილჰამ ალიევმა არაერთხელ შეუტია “ბიუროკრატებს ბრიუსელიდან”, საერთაშორისო მედიასა და უფლებადამცველებს.

9 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უცხოელი ექსპერტების შეკითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. “ახალი მსოფლიო წესრიგის პირისპირ” - აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის [ADA] ორგანიზებულ მე-7 საერთაშორისო ფორუმზე რამდენიმე ათეული ქვეყნის 80 ექსპერტი იყო მიწვეული, მათ შორის - საქართველოდან. სტუმრებს შეეძლოთ დაესვათ შეკითხვები, მაგრამ არ ეძლეოდათ დამატებითი შეკითხვების ან შეფასებების საშუალება.

“ბიუროკრატები ბრიუსელსა და სტრასბურგში თავიანთ პლანეტაზე ცხოვრობენ. ფიქრობენ, რომ ყველას მათთან დაახლოება უნდა. არა, ის დრო წავიდა“, - ამბობს ალიევი და იწონებს, რომ, აზერბაიჯანის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში [PACE] საქართველოს დელეგაცია აღარ იქნება.

შეზღუდვები, რომლებსაც ახლა „ქართული ოცნება“ აკანონებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, აზერბაიჯანში უკვე მუშაობს.

საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოოდ გაქრობაში ილჰამ ალიევს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის იმედი აქვს. აქვეა იმედი, რომ აზერბაიჯანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება - ენერგომატარებლების, რეგიონული კონტაქტებისა თუ სამხედრო ძალის ფაქტორების გათვალისწინებით.

"გარკვეული მოულოდნელობა" - რა თქვა ალიევმა საქართველოზე

“სრულიად მიუღებელია ევროკომისიის მიდგომა საქართველოს შიდა პროცესების მიმართ. ეს არის კოლონიალისტების მოქმედება. ისინი ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ნებას კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა მოაგვაროს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან”, - ეს არის ერთი ფრაგმენტი ილჰამ ალიევის პასუხიდან “ჯეოქეისის” ხელმძღვანელის, ვიქტორ ყიფიანის ორნაწილიან შეკითხვაზე, რომელიც გლობალური პროცესების ფონზე რეგიონულ და საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხებოდა.

ალიევმა საქართველოს კონტექსტში ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს კარგი ურთიერთობები ევროპულ ინსტიტუტებთან, მაგრამ უარს ამბობს შეეგუოს „შიდა საქმეებში ჩარევის მუდმივ მცდელობებს“, „საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის დაფინანსებას“, „ახალგაზრდა თაობის ტვინების რეცხვას“, „რეგიონში ზოგიერთების ტვინების მოწამვლას“ - რასაც ის ბრიუსელის პოლიტიკას მიაწერს. „ასეთი გვინდა იყოს სამხრეთ კავკასია“, - ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ვიქტორ ყიფიანი - "ჯეოქეისის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - შეკითხვას უსვამს ილჰამ ალიევს.
ვიქტორ ყიფიანი - "ჯეოქეისის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - შეკითხვას უსვამს ილჰამ ალიევს.

“[პასუხში] ამგვარი განვითარება ჩემი შეკითხვის ფორმატში გარკვეული მოულოდნელობა იყო”, “შედარებით უფრო სირბილესა და მოზომილობას მივესალმებოდი და არა იმ ჭარბ სიხისტეს, რომელიც მოვისმინე”, - ეუბნება ვიქტორ ყიფიანი რადიო თავისუფლებას. ის ერთადერთი იყო ფორუმის მონაწილე ქართველ ექსპერტებს შორის, რომელმაც ალიევს შეკითხვა დაუსვა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას სამომავლო წარმატებებიც საზიარო აქვს.

"...რა თქმა უნდა, ქართული მხარე, ნებისმიერი ხელისუფლების ფორმაციის პირობებში, პატივს სცემს აზერბაიჯანელი ხალხის არჩევანს და ჩვენ ალბათ ასევე სამართლიან მოლოდინში ვართ, რომ ასევე პატივი ეცეს ჩვენს არჩევანს... ორი ქვეყანა განსხვავდება ისტორიული წარსულით, პოლიტიკური აწმყოთი და ეს უნდა იყოს სწორად დანახული და დაფასებული ოფიციალური ბაქოს მხრიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიქტორ ყიფიანი და ამატებს, რომ ეს მოსაზრება მან ბაქოში "სხვა ოფიციალურ პირებს" გაუზიარა.

და რა არის ბაქოს ასეთი მიდგომების მიზეზი? - ყიფიანი გვპასუხობს, რომ მიზეზები ქართულ მხარესაც უნდა ვეძებოთ და მისი აზრით, როგორც ჩანს, თბილისი ვერ უხსნის ჩვენს პარტნიორებს, რა არის ბუნებრივი და მისაღები საქართველოსთვის.

“ქართველ ხელისუფალს მეტი გამბედაობაც მოეთხოვება, მეტი კომპეტენციაც მოეთხოვება, მეტი წიგნიერებაც მოეთხოვება და მეტი თავმოყვარეობაც მოეთხოვება. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, საქართველოს პოზიციონირებას რეგიონთან მიმართებაში, ეს არის ერთის, მეორეს, მესამისა და მეოთხის არარსებობა ასევე… ისეთი მოწყვლადი პოზიციონირება, როგორიც დღეს გვაქვს, მე ბოლო 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მახსენდება”.

„ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ტონალობა „შედარებით უფრო მოზომილი იყო“ ორი წლის წინათ, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამავე ფორუმზე მის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობდა. გამკაცრებულ ტონალობას ის ხსნის რამდენიმე ფაქტორით: აზერბაიჯანი ყველაზე ძლიერია რეგიონში - ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით, აქვს ენერგომატარებლები, ჰყავს ძლიერი მოკავშირე თურქეთის სახით, აქვს გაღრმავებული კავშირები სხვა ქვეყნებთან [მათ შორის - ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში].

ბაქოს ტერმინები და მიდგომები “ქართული ოცნების” მსგავსია

“ბრიუსელის ბიუროკრატია დღემდე გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი”, „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის… ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით“, - ეს უკვე “ოცნების” პრემიერ-მინისტრის სიტყვებია, წარმოთქმული 9 აპრილს თბილისში - როცა სისხლიანი ტრაგედიის 36-ე წლისთავზე, ის ავლებდა პარალელებს “საბჭოთა კაგებესა” და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას შორის, რუსეთის ხსენების გარეშე.

ალიევი "დიპ სტეიტს" არ ახსენებს, თუმცა ექსპერტებთან შეხვედრისას დასმული აქცენტებიდან კიდევ ბევრი ჰგავს “ქართული ოცნებისა” თუ მისი მოკავშირეების ამჟამინდელ რიტორიკას:

  • საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავდნენ, როდესაც მათი ფინანსები სრულად არ კონტროლდებოდა;
  • საელჩოებში არიან ადამიანები „რომლებიც ჩართული არიან უკანონო აქტივობებში“;
  • დასავლეთს აზერბაიჯანში პრეზიდენტის “მარიონეტით” შეცვლა სურს - რათა აზერბაიჯანი მართონ ისე, როგორც სურთ;
  • ე.წ. გრანტებს უცხოელები აძლევენ ე.წ. ენჯეოებს, რომლებიც „სინამდვილეში, ოპოზიციის განშტოებებს“ წარმოადგენენ;
  • აზერბაიჯანში ყველა ე.წ. გრანტი მკაცრად აღირიცხება;
  • პროოპოზიციურ აქტივისტს მოლოტოვის კოქტეილები აღმოუჩინეს.


ალიევის გამოსვლაში იყო კიდევ ერთი, პრეტენზიანარევი აქცენტი, რომ დასავლური ორგანიზაციების ფული აზერბაიჯანში საქართველოს გავლით შედის და რომ “იმედია, ეს დასრულდება”.

“ეს იმ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაა, რომლებიც კვლავ მოქმედებენ საქართველოში. საქართველოს ბანკების მეშვეობით, რომლებსაც უცხოელები აკონტროლებენ… უსახელო საკრედიტო ბარათებით და ნაღდი ფულით ხდება შემოტანა - სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. როდესაც ჩვენ ამას ვიძიებთ და როდესაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მათ პასუხისგებაში აძლევენ, ისინი იწყებენ ჩვენს დადანაშაულებას იმაში, რომ არადემოკრატიულად ვიქცევით”, - განაცხადა ალიევმა 9 აპრილს ბაქოს ფორუმზე.

ილჰამ ალიევი გულშემატკივრობდა „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ დამტკიცებას საქართველოში და პროცესებს დაგვიანებულადაც კი თვლიდა. „ჩვენ ეს ყველაფერი აქ უკვე მოვაგვარეთ“, “აზერბაიჯანული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური წყაროდან არცერთი პროცენტით”, - ამბობდა ალიევი 2024 წელს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისთვის დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში.

უფრო სწრაფად?

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ პროცესები საქართველოში ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს აზერბაიჯანში მოხდა:

“რუსული ხელწერა, რომ ჯერ დრაკონული კანონები მიეღოთ და მერე ამ კანონებით მოესუფთავებინათ ველი, რაც აზერბაიჯანმა, ჩვენი დაკვირვებით, შედარებით გვიან გადაიღო [რუსეთისგან], მაგრამ ამ ქვეყნებს წლები დასჭირდათ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების აკრძალვისა და უფლებადამცველების განადგურების პროცესი გაევლო, რადგან ეს ახალი გამოცდილება იყო მათთვის [21-ე საუკუნეში].

ახლა რასაც საქართველოში რეჟიმი აკეთებს, პირდაპირი კოპირებაა და რადგან ეს უკვე სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეა დამყარებული, წინასწარ იციან, სად რა პრობლემა შეიძლება დახვდეთ, რა ხვრელებს უნდა ებრძოლონ ამა თუ იმ კანონში”, - ცქიტიშვილი იხსენებს, რომ ბოლო თვეებში [“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ] “რუსული კანონის” [“აგენტების შესახებ კანონი”] შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით კიდევ სამი საკანონმდებლო პაკეტი შექმნა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ.

ვიქტორ ყიფიანი პრინციპულად თავს იკავებს პარალელების გავლებისგან აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორის და განმარტავს, რომ სწორად მიაჩნია ერთადერთი მიდგომა - ყველამ საკუთარ ქვეყანაზე აგოს პასუხი.

“ორი ქვეყნის ურთიერთობა გაცილებით უფრო დიდი ფესვებისა და პერსპექტივის მატარებელია, ვიდრე შეიძლება ისინი აწმყოში შევადაროთ, კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე… ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რა არის ჩვენთვის სწორი და მისაღები. ჩვენთვის სწორი და მისაღები ვერ იქნება სანახევრო დემოკრატია, ვერ იქნება სანახევრო თავისუფალი ეკონომიკა და უფლებებისა და თავისუფლებების სანახევროდ აღიარება”, - ყიფიანი ასევე გვეუბნება, რომ “დემოკრატიული წეს-წყობისა და გამართული ინსტიტუტების” გარდა, საქართველოს სხვა სატრაბახო სავიზიტო ბარათი ვერ ექნება და ძლიერი დემოკრატიული საქართველო “აზერბაიჯანისთვის გაცილებით უფრო საინტერესო პარტნიორი იქნება, ვიდრე აზერბაიჯანს მიმსგავსებული საქართველო”.

ბაქოში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ილჰამ ალიევმა ილაპარაკა იგივე, რასაც "ქართული ოცნებისგან" ვისმენთ, თუმცა იმავე ევროკავშირს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ განსხვავებული მოლოდინები აქვს:

“საქართველოს მიმართ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ, სულ სხვა მოლოდინებია ევროკავშირის მხრიდან, ვიდრე აზერბაიჯანის შემთხვევაშია. მას არა აქვს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და არც ის ვალდებულებები, რაც შემდეგ სტატუსს მოჰყვა…აზერბაიჯანს განვითარების სხვა, თავისი ვექტორი აქვს”.

კიდევ რა თქვა ალიევმა?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ექსპერტებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას ბაქოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რომ სამხრეთ კავკასიის “სტრატეგიულ რეგიონად” გადაქცევა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამსახურებაა, ხოლო სომხეთი რეგიონის საერთო “გრძელვადიან და პროგნოზირებად” განვითარებას შესაძლებელია შეუერთდეს მას შემდეგ, რაც ის შეცვლის კონსტიტუციის ფორმულირებებს [რაც ბაქოს “ტერიტორიულ პრეტენზიებად” მიაჩნია. სომხეთი ასეთ საჭიროებას ვერ ხედავს].

პრეზიდენტი ალიევი ათეულობით ქვეყნის ექსპერტებს 9 აპრილს ბაქოში შეხვდა.
პრეზიდენტი ალიევი ათეულობით ქვეყნის ექსპერტებს 9 აპრილს ბაქოში შეხვდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის შესანიშნავი ურთიერთობების თვალსაჩინო დასტურად ალიევმა ორი ფაქტი მოიყვანა: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი პირველად სწორედ ბაქოში ჩავიდა და რომ მალე [ვიზიტი 14 აპრილსაა დაგეგმილი -რ.თ.] ბაქოში ელოდებიან „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ პირველ ვიზიტსაც“. ალიევს მათი სახელები და გვარები არ უხსენებია.

სადავო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თბილისმა ბაქოს მილოცვა არაერთხელ მიიღო, ირაკლი კობახიძე კი ბაქოში 17 იანვარს ჩავიდა. ილჰამ ალიევმა მაშინ საგანგებოდ დათვალა, რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში კობახიძე უკვე მესამედ სტუმრობდა აზერბაიჯანს.

ხშირია “ქართული ოცნების” შეხვედრები სომხეთის ლიდერებთანაც. ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების გამო, “ოცნების” ხელისუფლება დადის იქ, სადაც იღებენ.

ილჰამ ალიევი კმაყოფილია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის დელეგაცია, აზერბაიჯანის მსგავსად, აღარ იქნება წარმოდგენილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში [PACE]. „შეხედეთ, საქართველომაც იგივე გააკეთა... რადგან ეს დისკრიმინაცია იყო“, - თქვა 9 აპრილს ალიევმა.

ევროკავშირისგან განსხვავებით, ბაქო იმედებს ამყარებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე. ალიევის თქმით, თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აშკარად სომხეთის მხარეს იჭერდა და ბაქოს ნდობა დაკარგა, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო სამართლიან მიდგომებს მოელის და რომ ელოდებიან დროს, როცა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის აღდგება „ძალიან ძლიერი, პროგნოზირებადი, გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობა”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 9 აპრილს განმარტა ისიც, რომ ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი უფრო საჩქარო გლობალური საქმეებით არიან დაკავებული და რომ ტრამპმა, საერთაშორისო მედიასთან ერთად, უნდა გაანადგუროს „პოლიტიკური მტრები” - Human Rights Watch-ის, Freedom House-ის, Amnesty International“-ისა და Transparency International -ის სახით. „უფრო ღრმად უნდა ჩახვიდე“, - მიმართავს ალიევი ტრამპს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG