Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ყველაფრისთვის ვართ მზად“ - როგორ გამოცხადდა ტრამპი „დიპ სტეიტის“ ნაწილად

„ყველაფრისთვის ვართ მზად“ - როგორ გამოცხადდა ტრამპი „დიპ სტეიტის“ ნაწილად


"ქართულმა ოცნებამ" ახალი პარტიული ოფისი გახსნა და ამ ღონისძიებას დაამთხვია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება. 16 ივლისი, 2024 წელი.
"ქართულმა ოცნებამ" ახალი პარტიული ოფისი გახსნა და ამ ღონისძიებას დაამთხვია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება. 16 ივლისი, 2024 წელი.

“ქართული ოცნების” წევრებმა და მისმა მოკავშირეებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს იმის მტკიცება, რომ უშედეგოა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძოლა “დიპ სტეიტთან”. “დიპ სტეიტის” დამარცხებას კი “ოცნება” აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელ პირობად განიხილავს.

ამ თემაზე განცხადებების ახალ ტალღას გზა გაუხსნა ივანიშვილთან დაკავშირებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის მორიგმა წერილმა, რომელშიც ის "დიპ სტეიტის" რებრენდინგსა და ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ვერაგ განზრახვებზე ლაპარაკობს. შათირიშვილის წერილებს ანალიტიკოსები “ქართული ოცნების” გზამკვლევად განიხილავენ.

პარალელურად, კვლავ სალაპარაკო გახდა შეტევა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების იდეასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლზე - რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის გარანტს წარმოადგენს.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ თბილისის იმედგაცრუების ღია დემონსტრირება მანიშნებელია, რომ “ქართულ ოცნებას” აშშ-სთან და ზოგადად - დასავლეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ იმედი გადაეწურა.

“დიპ სტეიტის რებრენდინგი” - მადლობის მაგივრად

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკმაყოფილებას ვერ მალავს, რომ, მადლობის მაგივრად, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თბილისთან მიმართებით ძველ რიტორიკასა და პოლიტიკას აგრძელებს - “ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ… მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს”.

“გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ 3 აპრილს.

იმედგაცრუების ერთ-ერთი საფუძველი კალაძისთვის არის ის, რომ - ამ დრომდე არ გაუქმებულა აშშ-ის სანქციები, რომლებიც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააკისრა “ქართული ოცნების” საპატიო მილიარდერ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. კალაძემ ახსენა ისიც, რომ აშშ-მა უყურადღებოდ დატოვა რუმინეთი, ხოლო “უნგრეთის პრემიერ-მინისტრის [ვიქტორ ორბანის] ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა“.

"ოცნების" გენერალურმა მდივანმა ეს კომენტარები მედიასთან გააკეთა, ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ. აქცენტები ამ წერილის მსგავსია, ერთის გამოკლებით - "ქართული ოცნება" ჯერ მაინც ვერ ბედავს, ტრამპი "დიპ სტეიტის" ნაწილად წარმოადგინოს, რაც უკვე გააკეთა შათირიშვილმა.

ზაზა შათირიშვილს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახსენა „გლობალური ომის პარტია“ და შეთქმულების თეორიის განვითარება დაიწყო, ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად თვლიან.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პერსონალურმა ფინანსისტმა, აწ უკვე დამნაშავედ გამოცხადებულმა და ქვეყნიდან გაქცეულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ, შათირიშვილამდე, "გლობალური ომის პარტიასთან" დაკავშირებული წერილების გავრცელებას ივანიშვილი მას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო და გაფუჭდა კიდეც მათ შორის ურთიერთობები.

შათირიშვილის წერილი - საყოველთაო ინსპირაცია

შათირიშვილის 3 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში ლაპარაკია “დიპ სტეიტის” [იგივე "გლობალური ომის პარტიის"] რებრენდინგზე და პროგნოზზე, რომ გაძლიერებული “დიპ სტეიტი” ტრამპის ხელით შემოუბრუნდება საქართველოს.

“„ქართული ოცნება“ არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ, „დფ სთეითის“ რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს – როგორც კი „დიფ სთეითის“ რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითის“ ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს”, - წერს შათირიშვილი.

კიდევ რამდენიმე აქცენტი შათირიშვილის წერილიდან:

  • არაფერი შეცვლილა, ტრამპის ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითი“ ყველა იმ მტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული;
  • სინამდვილეში, ტრამპი ზუსტად ისევეა იძულებული, დაექვემდებაროს გლობალური ომის პარტიას და „დიფ სთეითს“, როგორც ბაიდენი.
  • ტრამპის სიტყვები: „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“ ისეთივე ფუჭია, როგორც იმის მტკიცება, რომ „დიფ სთეითი“ თურმე ბაიდენი, ბლინკენი და სალივანი ყოფილან. ეს ადამიანები არა მმართველები, არამედ მართულები და „დიფ სთეითის“ დაკვეთების უბრალო შემსრულებლები იყვნენ.
  • აშშ დღესაც გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მისი ჩამოშლა გლობალური ომის პარტიის ჩამოშლასაც ნიშნავს.
  • „დიფ სთეითმა“ არათუ რუსეთი ვერ ჩამოშალა და ჩინეთს ვერ დაუპირისპირა, არამედ უკუშედეგიც კი მიიღო და, „ბრიქსის“ სახით, მეორე პოლუსის გაძლიერების რისკის წინაშე დადგა, რაც მის სტრატეგიას თავდაყირა აყენებს.
  • დღეს გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ მთავარ იარაღად ევროპას იყენებს, რომელიც, ამავდროულად, მისი მთავარი მსხვერპლიცაა. სიცრუის ოსტატები ტრამპის ადმინისტრაციის ხელით ევროპას აბრალებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „დიფ სთეითმა“ ჩვენს კონტინენტზე ჩაიდინა.


"ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა ანალიზი, თუ რა პროცესები მიდის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებით ყურადსაღები იყო შეფასებები "დიპ სტეიტის" რებრენდინგის და მოდერნიზაციის თაობაზე”, - დაწერა სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ანტიდასავლური ნარატივით გამორჩეული განაყოფის, “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ. მისი დასკვნით, “ამ მომენტისთვის იკვეთება ერთი რამ - არავითარი ნიშან-წყალი დიპ სტეიტის დამარცხების არ ჩანს” და “უფრო მეტიც, აშკარა ხდება, რომ დონალდ ტრამპი მათ ხელში ისეთივე იარაღია, როგორც ბაიდენი, უბრალოდ სახეცვლილი მიდგომებით და აქცენტებით”.

ახლო წარსულში აშშ-ის წინააღმდეგ პირველად ფრონტი “ხალხის ძალამ” გახსნა და სწორედ ამ ჯგუფს წარმოადგენდა მოგვიანებით “ქართული ოცნების” პრეზიდენტად შერჩეული მიხეილ ყაველაშვილი. მას დღეს ანტიამერიკული განწყობების მრჩეველი ჰყავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში - ლუკა ეხვაია.

ეხვაია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას დეკოლონიზაციად თვლის და მხარს უჭერს რუსეთის მონაწილეობით შექმნილ რეგიონულ ფორმატში - “3+3”-ში - საქართველოს გაწევრიანებას. კრემლი ხშირად შეახსენებს თბილისს, რომ მას ამ კავშირში ცარიელი სკამი ელოდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოდკასტ „42-ე პარალელის“ 2 აპრილს გასულ ეპიზოდში ეხვაია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ფსონს არ აკეთებს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე, რადგან “არ უჩანს ასეთი პირი, რომ „დიპ სტეიტი“ მარცხდება”. შესაბამისად, ეს პოლიტიკა არ გადაიხედება“. გადაცემა ეთერში გავიდა ზაზა შათირიშვილის წერილის გამოქვეყნებამდე.

შათირიშვილის წერილზე ლაპარაკობს პროსახელისუფლებო “იმედი”და რესპონდენტებს ამ თემაზე ერთმანეთის მსგავს შეკითხვებს უსვამს. მაგალითად, 4 აპრილს “იმედს” სადავო პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამაც დაუდასტურა, რომ აშშ-ში რებრენდინგი მიმდინარეობს.

“ჩვენ ვსაუბრობთ იმ დიდ მანქანაზე, იმ დიდ ქსელზე და იმ დიდ წრეზე, რომელიც უკვე წლებია, თუ არა ათწლეულები და შეიძლება ასწლეულებიც, მოქმედებს მიზნებით, რომლებიც დღეს ნათელია და ღიაა მთელი მსოფლიოსთვის”, - თქვა კირცხალიამ.

მანამდე, შათირიშვილსაც კი დაასწრო „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ და თქვა, რომ დონალდ ტრამპის ბრძოლა “ჯერჯერობით შედეგიანი ვერ არის“.

4 აპრილს შათირიშვილის წერილზე პროსახელისუფლებო მედიამ ჰკითხა ირაკლი კობახიძეს - შათირიშვილი ასე ფიქრობს და თქვენ რა მოლოდინები გაქვთ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზეო.

„ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას“, „ყველაფრისთვის ვართ მზად“, „ვნახოთ“, - იყო კობახიძის პასუხი. მან განმარტა, რომ დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი საქმე უკვე გააკეთა - წინა ადმინისტრაციის მისამართით ისეთივე დამოკიდებულების გამოვლენით, რასაც მანამდე, წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ახმოვანებდა - და რომ "ოცნებაში" უარესი სცენარისთვისაც იყვნენ მზად. კობახიძემ მოვლენების განვითარების ორი სავარაუდო სცენარი დაასახელა:

„ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს "დიპ სტეიტს" - ეს არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის; მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს "დიპ სტეიტს", ამ შემთხვევაში - ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად - ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

Deep state-ის თეორიის თანახმად, არსებობს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემა - რომელიც საზრდოობს საიდუმლო ქსელების ძალაუფლებით, კანონიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და საკუთარი ინტერესების მისაღწევად. თეორიის მიმდევრების თანახმად, ქსელის შემადგენლობაში არიან აშშ-ის ძალოვანი უწყებების [FBI, CIA] წარმომადგენლები, ასევე მსხვილი ფინანსური და ინდუსტრიული კორპორაციების ლიდერები. „ქართულმა ოცნებამ“ Deep State-ით ჩაანაცვლა მანამდე გამოყენებული ტერმინი, „გლობალური ომის პარტია“.

ახლო წარსულში - სხვაგვარად

სხვაგვარი იყო “ქართული ოცნების” პოზიცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. პარტია თავის მხარდამჭერებს იმედებს უღვივებდა 20 იანვართან - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღესთან მიმართებით. დარწმუნებით ამბობდნენ, რომ 2025 წლის დასაწყისიდან ქართულ-ამერიკული დაძაბული ურთიერთობები ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა - საქართველოსა და აშშ-ში არჩევნების ჩატარების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ასეთ დაპირებებს თავად ბიძინა ივანიშვილიც გასცემდა.

2024 წლის 2 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეძლებდა ურთიერთობების გაუმჯობესებას არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ თავად "გლობალური ომის პარტიასთანაც".

ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ - მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი“, - თქვა მაშინ კობახიძემ, რითაც ბევრი დააბნია, რადგან "გლობალური ომის პარტიას" „ქართული ოცნება“ ამ დროისთვის უკვე ბევრი უბედურების სათავედ მიიჩნევდა - საქართველოს მტრობის, არეულობის სურვილის, მეორე ფრონტის გახსნის გეგმის.

“20 იანვრამდე [საქართველოში] ვერავითარი "ნაცმაიდანი" ვერ შედგება, შემდეგ კი გადაიტვირთება ურთიერთობები ამერიკასთან“, - ესეც ირაკლი კობახიძის სიტყვებია, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მომხრეებში გაღვივებულმა მტკიცე ოპტიმიზმმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ იცოცხლა. თუმცა ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, ექსპერტებმა „ოცნების“ ოპტიმიზმში ბზარები შენიშნეს. დეკემბერში პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკვე ამბობდა, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს „20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“.

არჩევნებს არაერთი სადამსჯელო ზომა და შეზღუდვა მოჰყვა:

  • აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეუწყვიტა.
  • აშშ-ს დაწესებული აქვს სავიზო შეზღუდვები რამდენიმე პაკეტად, ათეულობით საქართველოს მოქალაქისთვის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მოკავშირეებისთვის;
  • აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის; შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის მაღალჩინოსნებისთვის; ხოლო მანამდე - მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეებისთვის.
  • აშშ-ის შეწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლების დახმარების პროექტები.


ყველა ეს ზომა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში დაწესდა, მაგრამ სტატუს-კვო, უკვე მესამე თვეა, ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც უცვლელია.

ჩამოთვლილ საკითხებს დაემატა „მეგობარი აქტის“ წინსვლა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების ახალი მექანიზმების ამოქმედებასაც.

პირველი საჯარო კრიტიკა ვაშინგტონიდან

ტრამპის ადმინისტრაციით იმედგაცრუების დემონსტრირებას წინ უსწრებდა თბილისისთვის საყურადღებო და არასასიამოვნო პირველი ღია სიგნალი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან; რომელიც იმეორებს აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მესიჯებს, რომლებიც მან „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა. მაკა ბოჭორიშვილის შეთავაზებული შეხვედრა 14 მარტს შედგა.


სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება აშშ-ის წინა ხელისუფლების ტონს ინარჩუნებს.

„აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის“, - globalnews.ge-მ 2 აპრილს გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებული წერილობითი პასუხი მანამდე ბრიფინგზე დასმულ შეკითხვაზე, რომელზეც ადგილზე პასუხი ვერ მიიღო და პრესმდივანმა შეკითხვა ჩაიწერა.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი] ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“, - ეს სიტყვები სახელმწიფო მდივანს, ჯეი დი ვენსს, თავის დროზე საქართველოსთან დაკავშირებით არ უთქვამს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი ეს ციტატა „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან“ კავშირში გამოიყენა.

"დალაგების" იმედი გადაიწურა?

„თავიდანვე სრულიად გასაგები იყო, რომ არაფერს ეფუძნებოდა „ქართული ოცნების“ მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულების 180 გრადუსით შეტრიალების შესახებ. პირიქით, გასაგები იყო, რომ არსებობს ეროვნული ინტერესები, არსებობს დემოკრატიის ფასეულობა, რომელიც აშშ-ში და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში არის და იქნება.

არ მართლდება მათი მოლოდინი, რომ უნგრეთის დახმარებით ან სხვა ულტრამემარჯვენე ძალებთან კომუნიკაციის შედეგად ისინი მოახერხებდნენ ახალ ადმინისტრაციაზე გასვლას. მეტიც, უნგრეთს თავად აქვს პრობლემები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი და დასძენს, რომ უნგრეთი მთლიანად ჩაანაცვლა იტალიამ - „როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მთავარმა კონტაქტმა ევროპაში“ და მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯა მელონი [იტალიის პრემიერ-მინისტრი] არის მემარჯვენე პოლიტიკოსი, ის პროდასავლურ ბანაკს მიეკუთვნება, ყოველთვის გამოირჩეოდა უკრაინის მხარდაჭერითა და რუსეთის მიმართ ხისტი, მკაცრი დამოკიდებულებით”.

მელაშვილი აღნიშნავს ასევე, რომ დონალდ ტრამპის "დიპ სტეიტის" ნაწილად გამოცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელს აწერს საქართველოს იზოლაციის გაღრმავებაზე და გადადის გეგმა B-ზე, როცა მოსალოდნელია ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება.

და შეტევა ევროკავშირის ხაზითაც

„ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად, როცა მზად არიან, რომ ამ მიზანს შესწირონ საქართველოს ეროვნული ინტერესები და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოებრიობაც, რასაც ჩვენ ვაკვირდებით... თუკი დასავლეთის ჩართულობა საქართველოში და რეგიონში შემცირდება, ეს გამოიწვევს ძალაუფლების ვაკუუმს და ამის შემვსები სახელმწიფო იქნება რუსეთის ფედერაცია, რაც არის გეოპოლიტიკის ანა-ბანა. ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ იზოლაცია და ფსევდინეიტრალიტეტი არ არსებობს - ძალაუფლების ვაკუუმს ყოველთვის შეავსებს რაღაც ძალა“, - გიორგი მელაშვილი შემთხვევითად არ თვლის, რომ სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა ახალი ტალღა ევროკავშირისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს ევალებათ, ყოველი ღონე იხმარონ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

მელაშვილის თქმით, 78-ე მუხლი არის არა მხოლოდ გარანტი, არამედ საქართველოს დასავლეთისკენ სვლის სიმბოლო და ამიტომ წარმოადგენს მთავარ სამიზნეს ანტიდასავლური და პრორუსული ძალებისთვის. ექსპერტი ასევე იხსენებს არჩევნების წინა პერიოდის ერთ-ერთ მთავარ ვარაუდს, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას სწორედ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად ცდილობდა.

  • მე-11 მოწვევის სადავო პარლამენტში “ოცნებასა” და მის მოკავშირეებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის სამყოფი მანდატები არა აქვთ.
  • არჩევნების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლით, 2028 წლამდე დააპაუზა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის საკითხი. ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რასაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა და დღემდე გრძელდება.


“ქართული ოცნების” პოლიტიკის მხარდამჭერმა ფილოსოფოსმა ლევან გიგინეიშვილმა, კონსერვატიულ პორტალ geo-first.com-თან ინტერვიუში 1 აპრილს თქვა, რომ უნდა გაიმიჯნოს ევროპა ევროკავშირისგან, "ევროკავშირი შეიძლება დეგრადირდეს, როგორც ორგანიზაცია, კორუფციის შედეგად და დეგრადაციამ ის საბოლოოდ დაშლამდეც მიიყვანოს” და “რადგან ევროკავშირი აპრიორი სიკეთე არაა, აქედან გამომდინარე, აპრიორი სიბრიყვეა ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანის კრიტიკული განხილვის მიღმა დაყენება”.

ინტერვიუში, რომელიც ფართოდ გაშუქდა პროსახელისუფლებო მედიაში, გიგინეიშვილი აპროტესტებს საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის არსებობას.

“მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში „ევროკავშირში გაერთიანების“ მუხლის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებას ჯერჯერობით მხარს ვუჭერ, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არის განხილვის შესაძლებლობისთვის თავში ჩაქუჩის ჩარტყმა, რაც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის, რაზეც საქართველოს არცთუ უსაფუძვლოდ პრეტენზია აქვს, მიუღებელი უნდა იყოს", - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.


“რა შეგვჭამა ამ ბრიუსელმა?! აღარ მინდა თქვენი ნარდი, თქვენი კარტი, თქვენი ევროკავშირი!” - დაწერა ფეისბუკზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა. პოსტში აქცენტია დასმული კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებაზეც. ამ პოსტს მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მძინარაშვილმა მიუთითა, რომ ეს “ნახევრად ხუმრობით” დაწერა.

2020 წელს, როდესაც ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი და წამყვანი ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში დაამტკიცეს, „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორმა” თავი მოუყარა მის ანტიდასავლურ და ქსენოფობიურ განცხადებებს, რომლებსაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა.

"მითების დეტექტორი" იკვლევს როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიას და მუდმივად ავლენს კარგად ორგანიზებული ქსელის მიერ, მათ შორის ყალბი ანგარიშების ჩართულობით, გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც ხშირად ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.

“ადრე რასაც ტროლები საუბრობდნენ, ახლა პრემიერ-მინისტრი საუბრობს პირდაპირ… "გლობალური ომის პარტიის" კონსპირაციებს ადრე თუ ტროლები აღვივებდნენ, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ტროლების ენაზე საუბრობენ ახლა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.


ამასობაში სომხეთი უახლოვდება დასავლეთს

4 აპრილს, საღამოს, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, 9 იანვარს მთავრობამ დაუჭირა მხარი და შემდეგ, მარტის მიწურულს, პარლამენტშიც დაამტკიცეს.სომხეთში ლაპარაკი დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობებზეც.

2024 წლის შემოდგომაზე, ერევანმა და ბრიუსელმა ოფიციალურად გამოაცხადეს მოლაპარაკებების დაწყება - სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ.

  • 2025 წლის 14 იანვარს ხელი მოეწერა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რამაც, ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში.


აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობები მხოლოდ საქართველოსთან.

გიორგი მელაშვილი გვეუბნება, რომ ხალხის პროდასავლური ნება საქართველოში წარმოადგენს მთავარ ფარს იზოლაციისა და რუსიფიკაციის წინააღმდეგ. თუკი “ოცნება” ხალხის დაშინებასა და ოპონენტების განადგურებას მოახერხებს, საქართველო იქცევა “კვაზი სახელმწიფოებრივ სუბიექტად, რომელმაც შეიძლება შეინარჩუნოს სუვერენიტეტის გარეგნული ნიშნები, მაგრამ რეალური სუვერენიტეტი, სამწუხაროდ, არ ექნება და იქცევა კადიროვის ჩეჩნეთის მსგავს ერთეულად”; ხოლო, ასეთ შემთხვევაში, სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს პროდასავლელი მოკავშირის სტატუსით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG