„ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის“, - თქვა ერევანში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც 30 იანვარს, ერევანში - ირაკლი კობახიძეზე ადრე ჩავიდა.
სომხეთის დედაქალაქში ჩასვლამდე, რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დასავლელი პარტნიორებისგან სანქცირებული ძალოვნების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის მოქმედების ტრაექტორიას ყურადღებით აკვირდებიან სომხეთიდან და საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების სწრაფად აღდგენას უსურვებენ - რადგან „ეს სომხეთის ინტერესებშიც არის“.
"მოხარულები ვართ"
„ჩვენ, რა თქმა უნდა მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის და, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, 30 იანვარს, ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე; სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაწყვიტა კავშირი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან [PACE] და ამით, აპრილამდე დათქმებით დატოვებული დიალოგის შესაძლებლობაც უარყო.
„ოცნებამ“ PACE-ში მუშაობაზე უარი თქვა სტრასბურგში - ზამთრის სესიაზე მწვავედ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ. ამ რეზოლუციის თანახმად, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაათავისუფლებდა დაკავებულებს და არ დანიშნავდა ახალ არჩევნებს, აპრილში მის დელეგაციას შეუწყდებოდა უფლებამოსილება. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ „ოცნებამ“, „ჩვეული ტრიუკებით“, PACE-ს დაასწრო.
„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - PACE-ს პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა წუხილი გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო.
PACE-მდე დაიწყო კონფრონტაციული პროცესები ევროკავშირთან და აშშ-სთან. ვითარება თანდათან ისე დაიძაბა, რომ საქმე სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარებების შეჩერებამდე და არაერთი ქვეყნის მხრიდან სანქციების დაწესებამდეც მივიდა. აშშ-მა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც. ახლა მსგავს ზომებზე დიდ ბრიტანეთშიც მსჯელობენ.
„ეს არის სრული ფარისევლობა, უდიდესი ცინიზმი - მცდელობა იმისა, რომ თავი პროევროპულ ძალად წარმოაჩინონ”, - გვეუბნება მაკა ბოჭორიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გიგი გიგიაძე - საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტი, საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში. ანალიტიკოსის შეფასებით, მართლაც მისასალმებელია სომხეთის აქტიური პოლიტიკა ევროკავშირთან და აშშ-სთან მჭიდრო კავშირების დამყარების კუთხით, მაგრამ რეალობა ის არის, რომ „"ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი საქართველოს უნიკალური შესაძლებლობების გასაქრობად”.
„აღარც ჩვენი ქვეყნის შიგნით და აღარც ქვეყნის გარეთ, არათუ აღარავის სჯერა მათი ["ქართული ოცნების"] პროდასავლურობის, არამედ ყველამ იცის, რომ ეს არის ღიად, გაცხადებულად პრორუსული ძალა“, - ეუბნება გიგიაძე რადიო თავისუფლებას.
დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე აქცენტები არ დასმულა ბრიფინგზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამართეს.
30 იანვარს, ირაკლი კობახიძე მაკა ბოჭორიშვილის შემდეგ ჩავიდა ერევანში, უკვე მეორედ - ბოლო ერთი წლის განმავლობაში; ხოლო ჩასვლამდე, თბილისში, დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული ძალოვნების დაჯილდოებას დაესწრო.
ითქვა, რომ ერევანში განხილული მთავარი თემები ორმხრივ ურთიერთობებს, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეეხებოდა.
„გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
ამავე ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს - მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო ირაკლი კობახიძეს მეგობარი უწოდა და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სომხეთის დაინტერესებას აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და ბლოკირებული მიმართულებების გახსნის კუთხით.
„მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში. განვიხილეთ რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები, ორმხრივი პროგრამები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები“, - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
საით მიდის სომხეთი და რას ფიქრობენ საქართველოზე?
ევროკავშირისა და აშშ-სკენ სომხეთის მიერ გადადგმულ მკაფიო ნაბიჯებზე, თავის გამოსვლაში არც სომხეთის პრემიერ-მინისტრს უსაუბრია, თუმცა ბოლო თვეებისა და კვირების დინამიკა მართლაც შთამბეჭდავია ექსპერტებისთვის და არც ერევანი მალავს, რომ აქტიურად მიისწრაფვის დასავლეთისკენ:
- 2025 წლის 14 იანვარს ხელი მოეწერა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რამაც, ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში.
- 9 იანვარს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ და ლაპარაკი დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობებზეც.
მანამდე, 2024 წლის შემოდგომაზე, ერევანმა და ბრიუსელმა ოფიციალურად გამოაცხადეს მოლაპარაკებების დაწყება - სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ.
საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ორიოდე დღის წინ, უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერეს „ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალურ პირებს.
სომხეთში, საზოგადოების პროევროპულ ნაწილში ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებები ამ გზის გავლას მათაც გაუადვილებდა. დღეს არსებული სურათი კი არასახარბიელოა მათთვის.
„ჩვენი ინტერესია, რომ საქართველომ, რაც შეიძლება სწრაფად და სრულად აღადგინოს ურთიერთობები თავის ტრადიციულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან. სხვა პარტნიორები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ ჩვენთვის… რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის და ვერც იქნება”, - გვეუბნება სომეხი პოლიტოლოგი, პროდასავლური ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი რუბენ მეგრაბიანი და დასძენს, რომ რუსეთმა საქართველოსა და სომხეთს საუკუნეების განმავლობაში არაერთი სიმწარე აგემა და „ყველასათვის უკეთესია, რაც უფრო შორს ვიქნებით რუსეთისგან”.
რუბენ მეგრაბიანი ასევე გვეუბნება, რომ საქართველოსთან მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, დიდი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების დინამიკას საქართველოში და ყველა მიმართულებით კარგად არიან ინფორმირებული.
შესაძლებელია თუ არა, რომ სომხეთმა ახლო მომავალში გაუსწროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?
გიგი გიგიაძის თქმით, სომხეთს, საფრანგეთის სახით, იმდენად ძლიერი პარტნიორი ჰყავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პროცესის დაჩქარება სავსებით შესაძლებელი იქნება; ხოლო სომეხთა მრავალრიცხოვან დიასპორას აქტიური როლის შესრულება შეუძლია ვაშინგტონისა და ერევნის დაახლოების პროცესში, როცა უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმებულია.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
რუბენ მეგრაბიანის თქმით, ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების სისწრაფე დამოკიდებულია თავად სომხეთზე - თუ რამდენად სწრაფად შეძლებს შესაბამისი რეფორმების გატარებას.
ფორუმი