Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ წულუკიანის სახლთან დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად მივიდნენ

ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ წულუკიანის სახლთან დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად მივიდნენ


ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც

ნაშუაღამევს თეა წულუკიანის სახლთან დემონსტრანტები მივიდნენ მას შემდეგ, რაც მან საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომის დროს სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.

„ანწუხელიძე გმირია“, „გაუმარჯოს გმირებს“, „დიდება გმირებს“, „დიდება საქართველოს“, - სკანდირებენ ისინი.

სოფელ დიღომში, თეა წულუკიანის სახლთან რამდენიმე დემონსტრანტის შეკრებისთანავე მივიდნენ პოლიციელები. თბილისში წვიმს.

01:45 საათისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის 10-ზე მეტი ეკიპაჟი.

დემონსტრანტები მათ ეკითხებიან, თუ რას ფიქრობენ წულუკიანის ნათქვამზე, თუმცა პოლიციელები არ პასუხობენ.

„ის [თეა წულუკიანი] არის მოღალატე. ჩამოვიდეს და გაგვესაუბროს“, - ეუბნება ერთ-ერთი დემონსტრანტი პოლიციელს. ისინი პოლიციას ეუბნებიან, რომ გადასცენ თეა წულუკიანს, გამოვიდეს სახლიდან და მათ გაესაუბროს.

„ვინ წარმოიდგენდა, რომ წულუკიანს 30 ბავშვი შეაშინებდა“, - ამბობს კიდევ აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

პროტესტი მოჰყვა აქციის ადგილას პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოსტივის“ გადამღები ჯგუფის მისვლასაც.

დემონსტრანტები სკანდირებენ: „სირცხვილი! სირცხვილი“!

„ბევრი თქვენგანი ომის მონაწილეა. „ვიღაცის პიარს შეეწირა“ გიორგი ანწუხელიძე“? - მიმართა კიდევ ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელებს რუპორით.

„გზას კეტავთ“, - ეუბნებიან პოლიციელები დემონსტრანტებს იმის მიუხედავად, რომ ისინი დემონსტრაციულად მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ ავტომობილები, - რომლებიც შიდა საუბნო გზაზე ხშირად არ მოძრაობენ, - გაატარონ.

პოლიციელები ასევე ეუბნებიან დემონსტრანტებს, რომ მეგაფონით/რუპორით მოსახლეობას აწუხებენ. „მჭიდროდ დასახლებულია პუნქტია და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში 12 საათის შემდეგ ხმაური აკრძალულია“, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

შეკრების ადგილას ასევე არის ერთი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ „მეზობელია“ და თეა წულუკიანს უჭერს მხარს. „რომ მოდიხარ და იძახი რაღაცას, რა პროტესტი გაგაჩნიათ“, - ეკითხება ის დემონსტრანტებს.

ვითარება წულუკიანის სახლის მიმდებარედ 02:30 საათისთვის. ადგილზე გაცილებით მეტი პოლიციელია მობილიზებული, ვიდრე ამ კადრში ჩანს
ვითარება წულუკიანის სახლის მიმდებარედ 02:30 საათისთვის. ადგილზე გაცილებით მეტი პოლიციელია მობილიზებული, ვიდრე ამ კადრში ჩანს

ნაშუაღამევს სპონტანური აქციის გარდა, 12 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია დაანონსდა.

განახლება: დაახლოებით ღამის სამი საათისათვის დემონსტრანტებმა დაშლა დაიწყეს, რასაც პოლიციელების რაოდენობის კლებაც მოჰყვა.

წულუკიანის განცხადება

თეა წულუკიანმა, - რომელიც სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, - 11 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუში კომისიის მიზნებზე ისაუბრა და თქვა:

„ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების... გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ“.

„ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, - განაცხადა ამის შემდეგ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ახრის გადაცემაში „აქტუალური თემა“.

„ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, - დასძინა მან.

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.
  • გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.
  • მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.
  • სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
  • 2024 წლის 18 აგვისტოს, - როდესაც ის 40 წლის გახდებოდა, - თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე მისი მემორიალური სვეტი გაიხსნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG