უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო ლიეტუვის დაფინანსებით უკრაინაში დამზადებული შორი მანძილის იარაღი.
„მაღალი სიზუსტის იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა და აქვს მაღალი მაჩვენებელი საბრძოლო გამოცდაში“, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო.
2024 წლის დეკემბერში ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის უწყებამ 10 მილიონი ევრო გადარიცხა, რომელიც არის ორმხრივი შეთანხმებით უკრაინისთვის დაპირებული დახმარების პირველი ნაწილი და რომელიც აძლიერებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას.
„ჩვენს ლიეტუველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ შემდეგ ფაზაზე - დამატებით 10 მილიონი ევროს დახმარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ წარმოება და განვავითაროთ ჩვენი შორი მანძილის შესაძლებლობები. ეს არის უკრაინის ძლიერებაში, ჩვენს დამოუკიდებლობასა და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში ჩადებული სტრატეგიული ინვესტიცია. მადლიერები ვართ ლიეტუვის მთავრობისა და ხალხის მათი მტკიცე მხარდაჭერის, სტრატეგიული ხედვისა და ჩვენს გამარჯვებაში რეალური წვლილისთვის“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი X-ის პლატფორმაზე.
„უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს დასჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის. ...ლიეტუვა დარჩება ერთგულ პარტნიორად, რომელიც მზად არის ნებისმიერი დახმარების გასაწევად, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ.
ფორუმი