Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა


კობახიძემ ფაშინიანი თბილისში მოიწვია.
კობახიძემ ფაშინიანი თბილისში მოიწვია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ერევანში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა „ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას“.

დაგეგმილია „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომა“. მათ ამ სხდომაზე განსახილველ საკითხებზეც ისაუბრეს.

„ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის“, - იუწყება პრესცენტრი.

საინფორმაციო ცნობაში წერია, რომ „მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს“.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე ცნობებით, ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი „ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია“.

მოგვიანებით, ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა „მეგობარი“ უწოდა ირაკლი კობახიძეს და თქვა: „[ჩვენი] შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მდიდარი დღის წესრიგის მქონეა“.

მან თქვა, რომ 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერა.

მისი თქვემითვე, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი არაერთ დარგს ეხებოდა: „ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებითვე, ორივე ქვეყანა უპირობოდ უჭერს მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვეპყრობით და ვზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე. არათუ არ დავუშვებთ რაიმე საზიანოს, არამედ ერთმანეთის ინტერესებსაც ვიცავთ“, - თქვა მან.

კობახიძის ჩასვლის წინა საღამოს, 29 იანვარს, ერევანში ჩავიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

30 იანვარს მან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირსა და აშშ-სთან.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთმა აშშ-სა და ევროკავშირთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:

მაკა ბოჭორიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია - პარტიის მმართველობის პერიოდში აშშ-მა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეუწყვიტა, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს კი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისთვის ხელის შეშლის გამო სანქცია დაუწესა.

ბოჭორიშვილისა და კობახიძის წინა ერთობლივი ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგა, რასაც წინ უძღოდა ვიზიტი აზერბაიჯანში.

საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, - საერთაშორისო იზოლაციის სულ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას. სომხეთი, - აზერბაიჯანთან ერთად, - ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG