Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად


შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.

რას ეხება სანქციები?

შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.

ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.

მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.

ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.

ბიძინა ივანიშვილის ქონება, - Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, - 2024 წლის ბოლოსთვის $7,5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.

რა წერია Credit Suisse-ზე?

ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია #116“.

ეს ლიცენზია ავტორიზებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში (50% ან მეტი წილით) არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს.

ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, გენერალური ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ არის შეყვანილი SDN სიაში.

სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ლიცენზია არ ახდენს გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზებას, - მათ შორის ივანიშვილის სინგაპურის სააპელაციო სასამართლო დავასთან დაკავშირებულ და ამ საქმესთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებში გათვალისწინებული ნებისმიერი ტრანზაქციების ავტორიზებას, - „თუკი ცალკე არ მოხდა ავტორიზება“.

აკრძალვა ეხება „ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, მოგებას, მორიგების ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი სამართალწარმოებიდან მომდინარეობს, ან რაიმე ტიპის გადახდას, ტრანსფერს, ქონების გადატანას, ან სხვა ტრანზაქციებს“.

ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ტრანზაქციები შესაძლებელია მხოლოდ OFAC-ის დამატებითი თანხმობის საფუძველზე.

2024 წლის 31 ოქტომბერს Bloomberg-ი წერდა, რომ „სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის“.

რა არის განკარგულება #14024

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს „შესწორდა“ - როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:

  1. „ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
  2. ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.

გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც:

  • ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
  • ერევიან აშშ-ისა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
  • ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ

ვის შეხებია #14024 განკარგულება?

სწორედ 14024-ე ბრძანებაზე დაყრდნობით დაუწესეს სანქციები 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.

ამავე ბრძანების საფუძველზე დაუწესეს სანქციები:

  • კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს 2022 წლის 3 მარტს;
  • 2022 წლის 11 მარტს პესკოვის მეუღლეს, ტატიანა ალექსანდროვნა ნავკას, და შვილებს, ნიკოლაი და ელიზავეტა პესკოვებს.
  • ვიქტორ ვეკსელბერგს, კომპანიების ჯგუფ Renova-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს - „გავლენიან ბიზნესმენსა და კრემლის ახლო ქსელის წარმომადგენელს“;
  • „სბერბანკს“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღესვე, 2022 წლის 24 თებერვალს;
  • VTB ბანკს ასევე 24 თებერვალს და მოგვიანებით, მარტში, ამავე ბანკის მმართველი საბჭოს 10 წევრს.

„ჯილდო“ - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, - რომლის ლეგიტიმურობასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოთხი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება არ ცნობენ, - ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უწოდა „ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.

„ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ 3 წლის განმავლობაში, თითქმის. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა, დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა იმის გამო, რომ ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21:00 საათზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

იქვე თქვა, რომ ცოტა ხნით ადრე ტელეფონით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს.

„[სანქციებს] არ აქვს არსებითი დატვირთვა, პირიქით, ამით გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკური კრიზისი

ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა მიიღო საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 30-ე დღეს; ამავე დროს, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე.

30 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებამ გაამძაფრა პოლიტიკური კრიზისი, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტს, მის მიერ დანიშნულ მთავრობასა და არჩეულ მომავალ პრეზიდენტს კი - არალეგიტიმურად.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის დარბევისას და დაშლისას 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

აშშ-ის სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისადმი

შეერთებულ შტატებს აქამდე სანქცირებული ჰყავდა:

  • 2023 წლის აპრილიდან - „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე; მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
  • 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო; ის დაასანქცირეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის #14024 ბრძანების საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
  • 2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში - აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ - მათი ვინაობა უცნობია.
  • 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 60-ზე მეტი პირი, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 16 სექტემბრიდანვე: „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური; ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
  • 12 დეკემბრიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 19 დეკემბრიდან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ;

შეერთებული შტატების გარდა, ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაწესებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG