Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ქვეყანა დატოვა


ირაკლი შაიშმელაშვილი ოჯახთან ერთად
ირაკლი შაიშმელაშვილი ოჯახთან ერთად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახურის შემდეგ, ახლა უკვე ქვეყანა დატოვა.

იგი ფეისბუკზე აქვეყნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

"განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით", - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა.

პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.

29 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG