Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ ნებართვა გასცა პუტინის მოწინააღმდეგე შამანის ზოგადი ტიპის კლინიკაში გადაყვანაზე


ალექსანდრ გაბიშევი, იაკუტიელი შამანი
ალექსანდრ გაბიშევი, იაკუტიელი შამანი

რუსეთში უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ პუტინის მოწინააღმდეგე შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის ფორმა შეუცვალა ზოგადი ტიპის სტაციონარში მკურნალობით. ამ ცნობას ავრცელებს გაბიშევის დამცველი ალექსეი პრიანიშნიკოვი.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, სად მდებარეობს ზოგადი ტიპის სტაციონარი, თუმცა გაბიშევი ამჟამად იმყოფება უსურიისკის რაიონში, სადაც ასეთი საავადმყოფო მოქმედებს და შამანს იქ განათავსებენ.

"საერთო ჯამში, ზოგადი ტიპის [კლინიკაში] გადაყვანა წინგადადგმული ნაბიჯია, უსურიისკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს თითქმის სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ოფიციალური პოზიციის გათვალისწინებით (რომელიც შედგება ალექსანდრის სტაბილური მდგომარეობისა და მისი მხრიდან საზოგადოებისთვის საფრთხის არარსებობის შესახებ ანგარიშების კონსტატაციისგან). ფსიქიატრიის ზეწოლა გარკვეულწილად შესუსტდა", - წერს პრიანიშნიკოვი.

გაბიშევის დაცვა წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ცდილობდა მიეღწია მისი უფრო შერბილებული პირობების საავადმყოფოში გადაყვანისთვის.

შამანმა ალექსანდრ გაბიშევმა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო იაკუტსკიდან მსვლელობა მოსკოვში, "პუტინის განდევნის რიტუალის" ჩასატარებლად. გზაში მის გარშემო შეიკრიბა ბევრი თანამოაზრე. რამდენიმე კვირაში შამანი პოლიციელებმა დააკავეს ბურიატიის და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე.

გაბიშევი მოათავსეს ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში, შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით.

2021 წლის ოქტომბერში იაკუტსკის საქალაქო სასამართლომ გაბიშევი იძულებითი მკურნალობისთვის გაგზავნა ნოვოსიბირსკის სპეციალიზებული ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მას ბრალი დასდეს სამართალდამცველთა მიმართ ძალადობაში და ექსტრემიზმში.

2022 წლის აპრილში გაბიშევი ნოვოსიბირსკის საავადმყოფოდან გადაიყვანეს უსურიისკში მდებარე კლინიკაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG