Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცოდი ივანიშვილის და „ხარებას“ ნაცნობობაზე, შეიძლება მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები - გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი


გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ივანიშვილისა და „ხარებას“ ნაცნობობაზე საუბრობს.
გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ივანიშვილისა და „ხარებას“ ნაცნობობაზე საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, ქვეყნიდან გამგზავრებამდე ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, აქციების დარბევის ბრძანებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს.

„მანამდეც ვიცოდი [ბიძინა ივანიშვილის და ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას“) მჭიდრო კავშირების შესახებ“], - ამბობს ის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტთან, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, რომელიც სრულად 28 დეკემბერს გავა ეთერში.

„შეიძლება, მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ“, - ამბობს ის ბიძინა ივანიშვილზე.

26 დეკემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ შაიშმელაშვილმა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა. ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი.

„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე რომ აქ დავრჩე, მეორე დღეს ჩემს სახლში შეიძლება კილო-ნახევარი კოკაინი ამოიღონ“, - ამბობს ის.

„მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა. პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი“, - ამბობს იგი.

მისი თქმით, ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და ოჯახის წევრების ლიკვიდაციით.

ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა.

პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.

30 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის დარბევისას და დაშლისას 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG