Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კობახიძის თქმით, კონგრესმენი უილსონი „გაააქტიურეს“, რათა „ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების აღქმა“ შეიქმნას

კობახიძის თქმით, კონგრესმენი უილსონი „გაააქტიურეს“, რათა „ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების აღქმა“ შეიქმნას


ირაკლი კობახიძე: „საზოგადოებამ ისწავლა, რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს განცხადებებში“.
ირაკლი კობახიძე: „საზოგადოებამ ისწავლა, რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს განცხადებებში“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ განცხადებებს და ამბობს: „არ მივაქცევდი ყურადღებას“.

„ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადება კეთდება პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მიერ, იკვეთება ხოლმე ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 27 დეკემბერს.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ რესპუბლიკელი პოლიტიკოსი „გაააქტიურეს“, რათა „ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების აღქმა“ შეიქმნას:

„იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობის, რომელიც დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის - როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, - განაცხადა კობახიძემ.

„საზოგადოებამ ისწავლა, რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება“, - თქვა მან.

26 დეკემბერს კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა:

„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“

მან ამ პოსტს თან დაურთო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოები.

მანამდე ასევე დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, რის პასუხადაც აშშ-მა ყველანაირი დახმარება უნდა შეაჩეროს.

„კორუმპირებული, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

კიდევ უფრო ადრე, თავდაპირველ პოსტში კი უილსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლებოდა.

2024 წლის 1 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე.

„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა "ჰელსინკის კომისია". რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG