უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პარტნიორებთან ერთად გერმანიაში შექმნეს სპეციალური შტაბი.
მას ზალუჟნი „საიდუმლო იარაღს" უწოდებს.
მარტის ბოლოს გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის თანახმად, თითქმის სამი წლის განმავლობაში კიევს და ვაშინგტონს საჯაროდ გამოუცხადებელი თანამშრომლობა ჰქონდათ დაზვერვის, სტრატეგიის, დაგეგმვის და ტექნოლოგიების საკითხებში, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ამერიკელი და მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნების ვიწრო წრე.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზა უკრაინელ სამხედროებს აწვდიდა რუსეთის ჯარების კოორდინატებს. New York Times-ის ცნობით, ოპერაციის სახელწოდება იყო Task Force Dragon და მიზნად ისახავდა ცოცხალი ძალით და შეიარაღებით რუსეთის უპირატესობის კომპენსირებას.
დღეს, 8 აპრილს, ვალერი ზალუჟნიმ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ვისბადენის შტაბი მართლაც იქცა უკრაინის და მისი პარტნიორების „საიდუმლო იარაღად ოპერაციების დაგეგმვისა და მათი რეალიზაციისთვის საჭიროებების ფორმირებისთვის“.
გენერალ ზალუჟნის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ არსებითად გაიზარდა პარტნიორებისგან მრავალფეროვანი იარაღითა და ტექნიკით უკრაინის დახმარება და გაჩნდა ახალი გამოწვევები, რაც ტრანსპორტირებას და რემონტს ეხებოდა. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ 2022 წლის აპრილში შექმნეს უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის ცენტრი, რომელიც გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი მუშაობა ვისბადენში გააგრძელა.
ვალერი ზალუჟნის განცხადებით, შედეგად მიხვდნენ, რომ სჭირდებოდათ პარტნიორებთან ერთობლივი შტაბი, რომელიც ოპერაციების დაგეგმვიდან გამომდინარე განახორციელებდა იარაღისა და ტექნიკის საჭიროების შეფასებას.
უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის თანახმად, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა 2022 წლის ზაფხულში, როცა პარტნიორებმა ეჭვი გამოთქვეს უკრაინის ფრონტისთვის ამა თუ იმ სახეობის იარაღის და საბრძოლო მასალების მიზანშეწონილობის მიმართ. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ბაზაზე შექმნილიყო ოპერატიული შტაბი, რომელიც გააანალიზებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილ ოპერაციებს და ნატოს სტანდარტების შესაბამის საჭიროებებს განსაზღვრავდა.
ზალუჟნის ინფორმაციით, ვისბადენის შტაბში გეგმავდნენ ოპერაციებს, აწყობდნენ სამხედრო თამაშებს, განსაზღვრავდნენ უკრაინის არმიის საჭიროებებს და მათ გადასცემდნენ ვაშინგტონს და ევროპის დედაქალაქებს.
გენერალი ვალერი ზალუჟნი უკრაინის არმიის მთავარსარდალი იყო 2021 წლის ივლისიდან. 2024 წლის 8 თებერვალს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზალუჟნი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ერთ თვეში კი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა.
ფორუმი