Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - ევროკავშირის საბჭო


საილუსტრაციო ფოტო: ევროკავშირის დროშა თბილისში, პროდასავლურ აქციაზე
საილუსტრაციო ფოტო: ევროკავშირის დროშა თბილისში, პროდასავლურ აქციაზე

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, - ამის თაობაზე ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

"ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც ძირს უთხრის ამ ღირებულებებს, არ უნდა ისარგებლონ ევროკავშირში გამარტივებული წვდომით", - განაცხადა ტომაშ სიმონიაკმა, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით.

გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე „აგენტებისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღებაზე.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ „ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას“.

პრესრელიზის თანახმად, წინადადება ასევე პასუხია საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე.

საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება:

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები მართავენ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას“, - ნათქვამია პრესრელიზში.

საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე - და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან - წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.

გასულ კვირას ევროკავშირის ელჩებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი - ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე - გერმანიამ. სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში მასობრივი უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული პოლიტიკიდან გადახვევის გამო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG