დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრესასთან საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარები.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება - ესტონეთი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე.
„არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მთავრობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარგუს ცაჰკნამ.
გასულ კვირას ევროკავშირის ელჩებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთი და სლოვაკეთი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. თუმცა, ეს არ იმოქმედებს შედეგზე, რადგან მის მისაღებად საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.
დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს ისაუბრეს ლატვიისა და ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
ჟურნალისტები - ნიდერლანდი
ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა ამ გადაწყვეტილებას. მან ასევე განაცხადა, რომ ემხრობა პერსონალურ სანქციებს.
„ნიდერლანდი ყოველთვის მხარს უჭერდა [და ახლაც უჭერს] პერსონალური სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე ძლიერი შეშფოთება გამოხატა „ჟურნალისტებისა და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით“.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - რასაც იურისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები და ათობით საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია არაპროპორციულ ზომად და მის დასჯის ზომად მიიჩნევენ, - მე-16 დღეა, შიმშილობს.
„ნიდერლანდმა ხელმისაწვდომი გახადა დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც დემონსტრაციის ჩახშობისას დააკავეს“, - განაცხადა მან.
„ახალი არჩევნები“ - ლიეტუვა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
„საუკეთესო გამოსავალი კრიზისიდან, რომელიც ახლა არის საქართველოში, არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც შეესაბამება ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს“, - განაცხადა მან და დასძინა:
„ეს არის წინსვლისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული ვითარება ჩამოიშლება, რაც არ არის ჩვენს ინტერესებში“.
მინისტრმა ბუდრისმა გააკრიტიკა ევროკავშირი ნაკლებად ძლიერი გზავნილებისათვის „ქართული ოცნების“ მიმართ და თქვა:
„50 დღეზე მეტია, ვხედავთ ცნობებს ქართველი ხალხის შესახებ, რომელსაც ევროპული მომავალი სურს. ეს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამას გამოვეხმაუროთ და პასუხი გავცეთ. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსი, უფრო ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა და შემდეგ უფრო ძლიერი შემზღუდავი ზომებით გვემოქმედა, - მაგალითად, ისეთით, როგორც ეს ჩვენ, ლიეტუვამ, გავაკეთეთ, რისი მაგალითიც აიღო ზოგიერთმა ქვეყანამ. ასეც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.
საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი - ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე - გერმანიამ. სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.
ლატვია
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა „ტარგეტირებული ქმედებაა“, რასაც ევროკავშირის მხრიდან თან ახლავს საქართველოს მთავრობისათვის დახმარების შეწყვეტა.
„სამწუხაროდ, ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები] პატივს არ სცემენ ხალხის ნებას“, - თქვა მან, რის გამოც, მისი თქმით, ლატვიისგან სანქციები დაუწესდათ მაღალჩინოსნებს.
„ასე რომ, ზეწოლა არსებობს, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ევროპული მომავლის კარი ღიაა, თუკი [ხელისუფლების წარმომადგენლები] ხალხის ნებას პატივს სცემენ“.
საფრანგეთი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტონ რეპრესიები და მოუსმინონ საზოგადოებას.
„დღეს, გადაწყვეტილებას ვიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს“, - განაცხადა მან.
„[მათ] კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ“, - თქვა მინისტრმა.
„ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას“, - განაცხადა მან [თარგმანი - საფრანგეთის საელჩო საქართველოში].
საფრანგეთის საგარეო მინისტრის ამ განცხადების პასუხად აბუ-დაბიში ვიზიტად მყოფმა ირაკლი კობახიძემ, - „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, - კვლავ „შანტაჟი“ ახსენა, - ამ სიტყვით ახასიათებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთიდან კრიტიკას.
კობახიძემ თქვა, რომ „ეს შანტაჟი გასული ოთხი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტიანი და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა“.
კაია კალასი
კაია კალასმა, - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, - ბრიუსელში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
„დღესაც ვაპირებთ, მოკლედ განვიხილოთ საქართველოს საკითხი“.
„რა თქმა უნდა, დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმი შეჩერებულია", - თქვა მან და ასევე განაცხადა: "ჩვენ ასევე ავიღეთ ის თანხები, რაც გვქონდა მთავრობის მხარდასაჭერად, და მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისაკენ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.
ფორუმი