Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პროპაგანდისტები მომიქსიეს, ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროებას რატომ არ ითხოვო - ხოშტარია

პროპაგანდისტები მომიქსიეს, ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროებას რატომ არ ითხოვო - ხოშტარია


ელენე ხოშტარია: ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ მაკმარეს, ახლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო.
ელენე ხოშტარია: ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ მაკმარეს, ახლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომლის თქმითაც, 29 მარტს, დაკავებისას, დამამცირებელი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ ახლა „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული არხების“ წარმომადგენლები ეკითხებიან, რატომ არ ითხოვს კადრების გასაჯაროებას.

„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს ქოცებმა. ეხლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამსდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროვებასო“, - წერს ხოშტარია ფეისბუკზე.

„ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროვება. ანუ ის არ მეყო, ეხლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ“, - მიმართავს ის „ქართულ ოცნებას“.

პოლიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა თავისი დაკავების დეტალები - დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, კერძოდ, ჩხრეკის/პირადი დათვალიერებისას, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს და მეტალოდეტექტორით შეამოწმეს.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ „იძულებითი გაშიშვლების“ პრაქტიკა არის სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.

ელენე ხოშტარიას მიმართ „შემზარავ მოპყრობას“ გამოეხმაურნენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და მომხდარი დაგმეს.

„პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია“, - განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.

ხოშტარია ახლა წერს:

  1. „შსს-მ საკუთარ განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხობა და მოიგონა რაღაც წამალი, რითიც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ;
  2. შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან;
  3. ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა, რომ 28 მარტს, ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ

  • „განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“;
  • „თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში“;
  • იზოლატორში მოთავსებამდე მის მიმართ „დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით რეგულირდება“.

ესაა ბრძანება შსს-ის „დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის“ შესახებ.

თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ დაკავებულის პირადი დათვალიერებისას, მის სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს.

რადიო თავისუფლება წერდა, რომ „შიშველი ჩხრეკა” ანუ დაკავებულთა სრული გაშიშვლება, რომელიც წლების განმავლობაში მანკიერ პრაქტიკად მიიჩნეოდა, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სახლებსა და პოლიციის სამმართველოებშიც გამოჩნდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG