Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის ინიციატივაა, დაიწყოს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესი


მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთი საჭიროდ მიიჩნევს საქართველოსთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაწყებას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

"საქართველოსთან დაკავშირებითაც გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ საქმე კარგი მიმართულებით მიდის, ევროპას შეუძლია მეტის გაკეთება და ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყების ინიციატივა. არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მთავრობას, რომელიც დღეს არის საქართველოს სათავეში, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეიცვალონ კურსი“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მას ასევე ჰკითხეს გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის (რომელიც მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს), პროდასავლურ აქციებზე სხვა დაკავებულებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ და იქნება თუ არა რეალური ზომები ამ მიმართულებით.

"ვფიქრობ, გვექნება რეალური ქმედებები ესტონეთის მხრიდან. ჩვენ ძალიან, ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ხალხს და ვიცით ის ყველაფერი, რაც ახლა ახსენით, რომ იქ ეს ხდება. ამიტომ დაუჯერებელია, რასაც საქართველოს მთავრობა ლაპარაკობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ცაჰკნამ.

გასულ კვირას ევროკავშირის ელჩებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უნგრეთი და სლოვაკეთი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. თუმცა ეს არ იმოქმედებს შედეგზე, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.

პროცესი მოჰყვა საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის - საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ასევე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

სანქციების პოლიტიკა დაიწყო გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამაც.

ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის გეგმავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ურთიერთობები უკვე შეჩერებული აქვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG