„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებში მყოფ ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს ელჩები უსაქმოდ დარჩნენ, რადგან ამ ქვეყნებთან ურთიერთობები შეუძლებელია. მან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას თქვა, რომ როცა „ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს“, „დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.
„ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე: ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ „როგორც კი მშვიდობა აღდგება“, „დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს“:
„კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ... მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“.
ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მან ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე:
„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით“.
ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის, რომელიც 11-13 აპრილს იმართება, მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ფორუმი