უკრაინას რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს.
ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, პარტიის მილიარდერი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფულსა და ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ პირველი საჯარო საუბრებისას, „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიაზე“ იწყებს ლაპარაკს. ამ განცხადებებს წინ უსწრებს "მეორე ფრონტის" თემა - იმ დროიდან, როდესაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებას მოკავშირეებიდანაც ელის.
მოგვიანებით ჩნდება "დიპ სტეიტის" ცნება, რომელიც, ანალიტიკოსების დაკვირვებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გარემოცვის გასაგონადაა განკუთვნილი.
"ოცნების" ბოლო განცხადებებში "გლობალური ომის პარტია", "მეორე ფრონტი", და "დიპ სტეიტი" ერთიანდება ივანიშვილის სანქციების ასახსნელად, რომელიც აშშ-მა "ოცნების" ლიდერს "რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის" დაუწესა.
„ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ”, - წერია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ 8 იანვარს გავრცელებულ ვრცელ ტექსტში.
რა ხდებოდა საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში? - რადიო თავისუფლებამ ახლო წარსულის მოვლენებს გადახედა.
19 აპრილის შეთანხმების ანულირება - საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილების გარეშე
2021 წლის 19 აპრილს, პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას [ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება], რის შემდეგაც ქვეყანაში 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და ოპოზიციონერი დეპუტატების უდიდესი ნაწილი პარლამენტში შევიდა.
ხელმოწერილი დოკუმენტი რეფორმების ფართო სპექტრს ასახავდა და მათ შორის - საარჩევნო სისტემის, სასამართლოსა და პროკურატურის ფუნდამენტურ რეფორმირებას.
2021 წლის ივლისში - „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა, დასავლელი პარტნიორების წინასწარ გაფრთხილების გარეშე.
19 აპრილის შეთანხმებაზე მუშაობა თვეების განმავლობაში, აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარეობდა. ფასილიტაციის პროცესს ევროკავშირის ევროპული საბჭოს მაშინდელი პრეზიდენტი - შარლ მიშელი უძღვებოდა.
„ოცნებამ“ მიზეზად დაასახელა ფაქტი, რომ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ აწერდა. თუმცა ასევე განაცხადა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებას“ საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოდან გაჰყავდა და ეს მიუღებელი იყო მათთვის.
მოგვიანებით, როცა მმართველი პარტიის რიტორიკაში „გლობალური ომის პარტიის“ თემატიკა დამკვიდრდა, „ოცნება“ აცხადებდა, რომ „შარლ მიშელის“ შეთანხმების" შესრულების შემთხვევაში, „თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები“ და, რომ ამ შეთანხმებაში ესკალაციის სცენარი წინასწარ იყო ჩადებული. ამ შინაარსის განცხადება, 2023 წლის 2 მარტს, ირაკლი კობახიძემ, იმხანად პარტიის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
ვიდრე „ოცნება“ „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ანულირებულად გამოაცხადებდა, აშშ-სა და ევროკავშირის შეფასებით, ის უკვე არღვევდა ამ შეთანხმების პირობებს, როდესაც, მაგალითად - რეფორმის გვერდის ავლით აგრძელებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ივლისში მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, აღედგინა ერთგულება “დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ“ და გაეძლიერებინა “პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“.
“ოცნება” საერთაშორისო პარტნიორებს უმტკიცებდა, რომ მის მიერ შეთანხმების პირობები ზედმიწევნით ზუსტად სრულდებოდა.
პარალელურად, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს მოტყუებაში ადანაშაულებდა, რომ თითქოს მათ 19 აპრილის შეთანხმების ძველ ვარიანტზე მოაწერინეს ხელი, სადაც ჩატოვებული იყო ჩანაწერი - მოსამართლეების დანიშვნის პროცესის „დაპაუზების“ შესახებ.
ამ პერიოდში, პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხაში დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ასეთი ქმედებები დასავლეთთან დაშორების, ქვეყნის დასუსტების, ნდობის შემცირებისა და იზოლაციის საფრთხეს ქმნიდა.
ეს ის დრო იყო, როცა ზურაბიშვილსა და “ოცნებას” შორის პირველი სერიოზული ბზარები ჩნდებოდა. რამდენიმე წელიწადში კი დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია.
უკან გადადგმული ნაბიჯები
2021 წლის შემოდგომაზე, ევროკავშირი უკვე ღიად ლაპარაკობდა „ქართული ოცნების“ მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე. 2 ნოემბერს, ევროკავშირის მაშინდელმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხუთი ასეთი ნაბიჯი ჩამოთვალა:
- ოქტომბერი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა - “ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული”;
- სექტემბერი - მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა - რაც აუცილებელი იყო ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად;
- სექტემბერი - გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა
- ივლისი - უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომი დანიშვნა, რასაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“;
- ივლისი - არ მომხდარა 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.
2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ „ეს ხელს არ უწყობს საქართველო-ევროკავშირის მომავალ თანამშრომლობაში ნდობის ჩამოყალიბებას და არც საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე“
ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა
ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმებთან დაკავშირებული შეუსრულებელი დაპირებების გამო, 2021 წელს, ევროკავშირი უარს იტყოდა საქართველოსთვის მაკროსაფინანსო იაფი სესხის მორიგი ტრანშის გამოყოფაზე, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მას ევროკავშირის 75 მილიონი ევრო საერთოდ არ ესაჭიროება და უარს ამბობს მის მიღებაზე. ითქვა ასევე, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება დამატებითი სესხების აღება მზარდი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე.
თუმცა 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო იღებს აზიის განვითარების ბანკის 100-მილიონდოლარიან სესხს, რომლის მომსახურებაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, თითქმის ორჯერ ძვირი ჯდებოდა.
იმავე პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ, 2021 წლის, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ახალი საგარეო ვალის სახით, 4 მილიარდი ლარი აიღო.
„ქართული ოცნების“ პოზიციის დამცველებმა სოციალურ ქსელებში ევროკავშირის კრიტიკა დაიწყეს და ბრიუსელს „ხელების გადაგრეხაშიც“ დასდეს ბრალი. არავინ ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ, იაფი სესხის სანაცვლოდ, ევროკავშირი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას ელოდებოდა.
თანდათან, ექსპერტებისთვის სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ - ბრიუსელთან თბილისის დაპირისპირება სახიფათო სახეს იღებდა.
ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხთან მიმართებითაც ლაპარაკობდა.
დიპლომატების ფარული მოსმენა
დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების პრობლემურ ჯაჭვში სხვა საკითხებიც იყო.
2021 წლის სექტემბერში დაპირისპირება ე.წ. სუსის ფაილებმა გამოიწვია, როცა ფარული მოსმენების გზით შეკრებილი ფაილები უკონტროლოდ გასაჯაროვდა.
“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“, - აცხადებდნენ ბრიუსელში. საქართველოს ელჩი ევროკავშირის შტაბ-ბინაში დაიბარეს.
„მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი", - თქვა ელჩმა ჰარცელმა.
„ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ სუს-ი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და "თუ საჭიროა", დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ.
2021 წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით, მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ეს არის სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა. სუს-ს ჩანაწერების ავთენტიკურობა ოფიციალურად არ დაუდასტურება, თუმცა არაერთი ჩანაწერის შინაარსი დაადასტურეს თავად საუბრების მონაწილეებმა პროკურატურამ კი დაზარალებულად სცნო ჟურნალისტები, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ.
5 ივლისის ძალადობა
ვიდრე 2021 წლის 5 ივლისს, რადიკალური, პრორუსული “ალტ-ინფოს”, მოწოდებებით ქუჩაში გამოსული აგრესიული ადამიანები მედიის ათეულობით წარმომადგენელზე იძალადებდნენ, იმჟამად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - ლგბტ თემს პრაქტიკულად ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.
ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არასდროს თვლიდა მიზანშეწონილად „თბილისი პრაიდის“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებას; მთავრობა მოქალაქეების 95%-ის სურვილს დაემორჩილებოდა და სრულდებოდა დრო, როცა უმცირესობის „ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.
პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და ძალადობის წახალისებად მიიჩნია.
აშკარა იყო “ოცნების” ხელისუფლების შეფასებების შეუსაბამობა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებთან.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მოძალადეებთან ერთად, წამქეზებლების დასჯასაც მოელოდნენ. ითქვა ისიც, რომ - საჭიროების შემთხვევაში, აშშ არც სანქციების დაწესებას მოერიდებოდა.
- ბრიუსელში ასევე განაცხადეს, რომ თითოეული ფაქტის მიუკერძოებელ, ობიექტურ, საფუძვლიან გამოძიებას ელოდებოდნენ და რომ ძალადობა შეუსაბამოა დემოკრატიული ქვეყნებისთვის.
ძალადობრივი აქციების მთავარი ორგანიზატორის - “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები დღემდე არ დასჯილან. ამ ჯგუფის ორ წევრს აშშ-მა მკაცრი საფინანსო სანქციები 2024 წელს დაუწესა. კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.
აწ უკვე სანქცირებული ზურაბ მახარაძე, 2021 წლის შემოდგომაზე აცხადებდა, რომ - საქართველოს ხელისუფლება მალე ყურადღებას აღარ მიაქცევდა დასავლელი ელჩების მოწოდებებს საქართველოში. დროთა განმავლობაში ეს მართლაც ასე მოხდა.
მომდევნო წლებში, „ქართული ოცნება“, თავისი განაყოფის - „ხალხის ძალის“ პირითაც - უკვე ღიად დაუპირისპირდა ჯერ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, ხოლო ახლა უკვე თავად აშშ-სა და ევროკავშირსაც „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების შემსრულებლებად მოიხსენიებს.
პრორუსულმა, რადიკალურმა ძალებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წელს ორჯერ გაანადგურეს.
ყოფილი პარტნიორები „ქართული ოცნებისთვის“ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებად იქცნენ.
გლობალურ ომის პარტიაზე ლაპარაკი „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რამდენიმე თვეში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა პარტიის მილიარდერ დამფუძნებელს შვეიცარიულ ბანკთან პრობლემები შეექმნა და ვერც გარკვეული სახის ქონების საერთაშორისო ტრანსპორტირებას ახერხებდა.
„ოცნება“ აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ძალა აშანტაჟებდა და პრობლემებს იმის გამო უქმნიდა, რომ საქართველოს ომში ჩართვაზე არ თანხმდებოდა. მალევე ამ ძალას "გლობალური ომის პარტია" უწოდეს.
საქართველოს ომში ჩართვის თემა „ოცნების“ რიტორიკაში სწრაფად გაძლიერდა და ამას უკვე ვეღარც ბრიუსელისა და ვაშინგტონის საპირისპირო განმარტებები აჩერებდა. ომის თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო.
თანდათან ვითარება იმდებად დაიძაბა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს. სანქცირებულია თავად ბიძინა ივანიშვილიც.
უწინდელი საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ახლა უკვე გლობალური ომის პარტიის ინტერესების მსახურებად მოიხსენიებს.
„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიპ სტეიტის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს“, - განაცხადა 2024 წლის 8 იანვარს „ოცნების“ პოლიტსაბჭომ. ანტიქართულ განცხადებებად “ქართული ოცნება” მისი პოლიტიკის ღია და მწვავე კრიტიკას თვლის. ხოლო მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოკავშირეების სანქცირებას - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.
2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებები] 4 წლით გადავადების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროტესტი უკვე თვეზე მეტია ყოველდღიურად გრძელდება.
ფორუმი