Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფოს" პარტიის ლიდერი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება "ფეხზე დაიკიდებს" ამერიკის საელჩოს განცხადებებს


ზურაბ მახარაძე "კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებელ ყრილობაზე
ზურაბ მახარაძე "კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებელ ყრილობაზე

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ჯერ დაურეგისტრირებელი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ საქართველოში მოდის დრო, როდესაც ხელისუფლება საერთოდ აღარ მიაქცევს ყურადღებას აშშ-ის ელჩის განცხადებას და რომ ეს დიდწილად მათი დაკვეთით ხდება.

„ნელ-ნელა მოდის დრო, როდესაც საჯარო განცხადებებს აკეთებენ [აშშ-ის საელჩო] და ეგეც შეიძლება რომ ფეხზე დაიკიდოს სისტემამ და ამაში, სხვათა შორის, დიდი წვლილი არის ჩვენი, კონსერვატორების იმიტომ, რომ დაფიქსირდა, რომ მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლებისგან, როგორიც არ უნდა იყოს ის, ამას მოითხოვს - მეტ ავტონომიურობას“, - თქვა მახარაძემ.

მისი ეს კომენტარი გაკეთდა გადაცემის ეთერში აშშ-ის საელჩოს მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული მორიგი მწვავე განცხადების შესახებ საუბრისას. აშშ-ის საელჩოს განცხადების შინაარსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პრობლემურ პროცესს უკავშირდება.

ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ მუშაობას განაგრძობენ და საელჩო მსგავს განცხადებებს მომავალში ვეღარ გააკეთებს.

„ჩვენ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ ამერიკის საელჩო საკუთარ თავს ეგეთი პრეტენზიის დაფიქსირების უფლებას აღარ მისცემს და ელჩი დაკავებული იქნება იმითი, რაც უნდა აკეთოს ელჩმა - ვიზებით, კულტურული გაცვლით და გარკვეული პროგრამებით. ჩვენი ამოცანაა საქართველოს დეკოლონიზაცია“, - ამბობს ზურაბ მახარაძე.

მსგავსი განცხადებები კეთდებოდა 5-6 ივლისის მოვლენების დროს, როცა „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციების დროს, პარლამენტის შენობის წინ ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა, ელჩების საქმიანობაში მკაცრი შეზღუდვები მოითხოვეს და მოუწოდეს მათ, რომ აღარ ჩაერიონ საქართველოს საქმეებში.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებმა - ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა - პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 20 ნოემბერს გამართეს. პარტია ამ დრომდე არ არის დარეგისტრირებული.

"კონსერვატიული მოძრაობის" მიზნებად სახელდება საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა.

"ალტ-ინფოს" პარტიის შემადგენლობა საქართველოს ინტერესების დაცვის დეკლარირებას ცდილობს. თუმცა მათი გეგმით, უსაფრთხოება თუ ეკონომიკა, ყველაფერი რუსეთის ინტერესების მიხედვით შექმნილ სისტემებს უნდა მოერგოს.

პარტია აპირებს პირდაპირ მოლაპარაკებებს კრემლთან და თვლის, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის ბაზა უნდა ამოქმედდეს.

XS
SM
MD
LG