პარტიის მიზნებად სახელდება საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის მოვლენებით კვლავ ამაყობენ და აცხადებენ, რომ დაჭერის არ ეშინიათ.
იურისტები აცხადებენ, რომ მსგავსი პარტიის არსებობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"ალტ-ინფოს" ჯგუფის ახალი პარტია საქართველოს ინტერესების დაცვის დეკლარირებას ცდილობს, თუმცა აშკარაა, რომ, მათი გეგმით, ყველაფერი რუსეთის ინტერესებს უნდა მოერგოს.
"თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ არა თუ მხოლოდ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშავოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ “ მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა.
მზად ვართ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გენერალური ხაზის პარალელურად, ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია; ვისაუბროთ იმ ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია" - განაცხადა 20 ნოემბერს, "კონსერვატიული მოძრაობის" სადამფუძნებლო ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ ახლად არჩეულმა ზურაბ მახარაძემ, მანამდე ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანმა და 5 ივლისის მოვლენების ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა.
- „კონსერვატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებად აირჩიეს გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ კიდევ ორი ყოფილი წამყვანი - ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა. მეოთხე წამყვანი, შოთა მარტინენკო, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ დირექტორად რჩება.
- "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია ახალი პარტიის დამფუძნებელი და დამფინანსებელია. მან უარი თქვა პარტიაში მაღალი თანამდებობის დაკავებაზე.
"ალტ-ინფოს" ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევიან, ორგანიზება გაუკეთეს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს, როდესაც ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი.
20 ნოემბერს ზურაბ მახარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ხვალაც რომ დადგეს მსგავსი მდგომარეობა“, რაც 5 ივლისს იყო, ის კვლავ გამოვა და დაჭერის არ ეშინია.
„თუ ვინმეს ჩემი დაჭერა უნდა მაგის გამო, აქ ვარ და ჩამსვან ციხეში“ - ამბობს მახარაძე.
„ალტ-ინფოს“ ჯგუფის წარმომადგენლები გამოკითხვაზეც იყვნენ დაბარებული, გაჩხრიკეს მათი სახლებიც, მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელი არავის დაეკისრა. უფლებადამცველებისა და იურისტების მთავარი ბრალდებები ზურაბ მახარაძისკენ და კონსტანტინე მორგოშიასკენ იყო მიმართული.
ორგანიზატორების დაუსჯელობას საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.
„ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.
ის მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შესაძლებელია „ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში“ და ამ პროცესის ინიცირება შეუძლიათ: პრეზიდენტს; მთავრობას ან 30 დეპუტატს.
„ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად“ - წერს გიოორგი ბურჯანაძე.
20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბერკეტის გამოყენებისთვის მზად არის პარტია „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მას სჯერა, რომ აუცილებლად გამოუჩნდება კიდევ 29 თანამოაზრე, თუმცა მანამდე - დეპუტატი თვლის, რომ პარტია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ უნდა დაარეგისტრიროს.
„ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს“ - წერს ანა ნაცვლიშვილი.
კანონის თანახმად, პარტიის რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრმა მას შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, როცა სადამფუძნებლო ყრილობის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში, პარტია მას შესაბამისი დოკუმენტებით მიმართავს.