Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"ოცნების" საგამოძიებო კომისია და პოლიტიკოსები გასამართლების რიგში

"ოცნების" საგამოძიებო კომისია და პოლიტიკოსები გასამართლების რიგში


2 აპრლს, მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
2 აპრლს, მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

ვინც "ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივა, სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ. ამ პროცესში პირველი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი. 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

რიგში კიდევ არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თუ ყოფილი პოლიტიკოსი დგას, რომლებიც კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ.

„არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიას მე ვუცხადებ უნდობლობას. არ ვაღიარებ მას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 2 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე და კომისიაზე დაბარება „საქმის გასარჩევად“ დაბარებას შეადარა.

სასამართლოზე ხაზარაძე უხსნიდა მოსამართლეს, რომ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ აქვს სრული საფუძველი - არალეგიტიმურად მიიჩნიოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, რადგან საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ლეგიტიმაციას არც საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ და ახალი არჩევნების დანიშვნის საჭიროებაზე ლაპარაკობენ. კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ მე-11 მოწვევის პარლამენტში 14 მანდატზე თქვა უარი.

ბრალდებულმა სხდომაზე ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი დააკარგვინა და რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა მასაც სწორედ საგარეო კურსის შეცვლის მკაფიო ნიშნებმა გადააწყვეტინა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს - საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

  • 349-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებს: ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე; ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, სამ წლამდე ვადით.


2 აპრილს ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ მოსამართლეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა; თუმცა ეს მოთხოვნა არ შესრულდა და საბოლოოდ, მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, იმ მოტივით, რომ ხშირად დადის საზღვარგარეთ და შესაძლოა სასამართლოს სხდომებზე არ გამოცხადდეს.

მამუკა ხარაძეს ამ ეტაპზე ქვეყნიდან გასვლა არა აქვს აკრძალული. 2 აპრილს პროცესი არ დასრულებულა. სისხლის სამართლის საქმეზე გაგრძელდება არსებითი განხილვა და მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს. კოალიციაში მოელიან, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი გაწელოს და გადაწყვეტილება, სადამსჯელო ბერკეტის სახით, მისთვის ხელსაყრელ დროს აამოქმედოს.

„მამუკა ხაზარაძე ყოველთვის ცხადდებოდა და გამოცხადდება სასამართლოში და თავის სიმართლეს დაამტკიცებს, როგორც იყო ეს პირველ საქმეში - ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში, როცა თავზე ჩამოემხო პროკურატურას და ვერანაირი გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოიტანეს ვერც მაშინ“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ლევან სამუშიამ, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ. ის ასევე „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელია.

სამუშიამ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელს ჰკითხა - შემოწმდა თუ არა „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი, ვიდრე მამუკა ხაზარაძეს ბრალს წარუდგენდნენ და რამდენად კონსტიტუციურია დღევანდელი პარლამენტი. ბრალდების მხარეს პასუხი არ გაუცია.

„ქართულმა ოცნებამ” საგამოძიებო კომისია საპარლამენტო არჩევნებიდან 4 თვეში შექმნა. მანამდეც და მერეც, ის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” გაქრობის პირობას დებდა.

პოლიტიკური ოპონენტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის საფუძვლად “ქართული ოცნება” სწორედ სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სამომავლო დასკვნას განიხილავს.

რისთვის დაიბარა ხაზარაძე კომისიამ?

მამუკა ხაზარაძე შპს „მაგნატის“ საქმეზე იყო დაბარებული.

ნავთობკომპანია “მაგნატის” ყოფილი მფლობელი, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებულ ჯემალ ლეონიძე კომისიას ასევე 25 მარტს ჰყავდა მიწვეული. ლეონიძე 2009 წლის ამბებს იხსენებდა. ამბობდა, რომ დაჭერამდე ბიზნესი უკანონოდ წაართვეს და ამ პროცესში თიბისი ბანკიც იყო გარეული.

“ეს არის 14 წლის წინანდელი, თიბისი ბანკის ერთ-ერთი კლიენტის რაღაც საკითხი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ. მე ამ ადამიანთან არც შეხება მქონია პიროვნული და არც არანაირ საკონტრაქტო ხელშეკრულებაში ვყოფილვარ ამ ადამიანთან. საერთოდ არ ვიცნობ. ის ჰყვება რაღაცებს და ამ დროს, აქ “ქართული ოცნების” ე.წ. კომისიის წევრები არჩევენ საკითხს, ადვოკატის გარეშე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 2 აპრილს, სასამართლოს სხდომაზე და ასევე ჟურნალისტებთან განმარტა, რომ “ქართული ოცნება” მისი სახელის დისკრედიტირებას განაგრძობს.

ხაზარაძე ამბობს, რომ თუკი რამე ბრალდება არსებობს მის წინააღმდეგ, მზად არის კვალიფიციური პასუხი გასცეს, მაგრამ მხოლოდ სასამართლოში.


ხაზარაძე - პირველია, მაგრამ, არა ბოლო?

მამუკა ხაზარაძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც კომისიისთვის უარის თქმის გამო უკვე აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. ისინი, ვისაც, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელით, 2 აპრილს, სასამართლოში მხარდაჭერის ნიშნად იყვნენ მისული.

  • 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძე 25 მარტს იყო დაბარებული;
  • კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო;
  • 27 მარტს - ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტმა მოსამართლემ გამოჰკითხა [რადგან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა];
  • 1 აპრილს ხაზარაძეს ბრალი წარუდგინეს.

ხაზარაძის გზაზე დგას და მსგავს პროცესს გადის - „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ასევე არ გამოცხადდა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს საღამოს მივიდა, პროკურატურის შეკითხვებზე მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე საპასუხოდ.

“რა თქმა უნდა არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური ე.წ. საგამოძიებო კომისიის დაბარებაზე მისვლას არ ვაპირებდი, იმიტომ, რომ ეს არის რუსული ხელისუფლების მიერ ანგარიშსწორებისთვის შექმნილი ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების გაშავების და ანგარიშსწორებისთვის. ამიტომ, ცხადია, ამით კანონი არ დაგვირღვევია, რადგანაც უკანონო, არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიის დაძახებულზე არმისვლა კანონის დარღვევა არ არის”, - უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. ის მოელის, რომ მალე მასაც ბრალს წაუყენებენ.

“არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი”, - ეს უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებია. 2 აპრილს მასაც სასამართლოში მოუწია მისვლა, რადგან თეა წულუკიანის კომისიამ მისი საქმეც პროკურატურაში გადააგზავნა.

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომისიის სხდომაზე 8 აპრილისთვის დაიბარეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ნიკა გვარამია.

მანამდე, კომისიის მიწვევა მიიღეს ყოფილმა პოლიტიკოსმა, ამჟამად ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ (ტელეკომპანია „ფორმულა“) და გივი თარგამაძემ - 2008-2012 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

“ქართული ოცნებას” კომისიის თავიდანვე ემუქრებოდა ოპონენტებს, რომ ყველას გაასამართლებდა, ვინც კი კომისიის მიწვევას უგულებელყოფდა.

“არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენს საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამიტომ, ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ“, - უთხრა 17 თებერვალს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა - “ქართული ოცნების” დეპუტატმა და ამჟამად საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.

2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა და 5 მაისამდე იმუშავებს. კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხებსაც განიხილავს, რაც განსაკუთრებით სენსიტიურია საზოგადოებისთვის და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისთვის. სხდომების პარალელურად იმართება საპროტესტო აქციები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG