აგვისტოს ომის გამოძიება “ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მხოლოდ ერთი, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილია.
სხდომები აქციების ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები კომისიის წევრთა შეკითხვებსა და შეფასებებზე ბრაზობენ - გამოკითხვების წარმმართველები ხშირად მკაფიოდ მიანიშნებენ ქართული მხარის ბრალეულობაზე.
“თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული”, - თქვა 31 მარტის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. მან თქვა ეს სიტყვებიც - "არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ გადაწყვეტილებებს“.
27 მარტს კომისია გენერალი ზაზა გოგავას 4 საათის განმავლობაში უსმენდა, აგვისტოს ომის დღეებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, რომელიც ომის პირობებში, რანგით მეორე პირი იყო - უმაღლესი მთავარსარდლის შემდეგ. მისი მონათხრობი ომის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ხედვებს.
რადიო თავისუფლებამ ძირითადი საკითხები და აქცენტები შეკრიბა.
„არ მისვრია ბრმად“ - რატომ გაიხსნა ცეცხლი?
„მიიღეთ ზომები, რომ ჩაახშოთ საცეცხლე წერტილები, საიდანაც მოდის ცეცხლი - ქართულ დასახლებაზე და სამშვიდობო ძალების წერტილებზე“ - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა ჰყვება, რომ ასეთი ბრძანება მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლისგან, მიხეილ სააკაშვილისგან - 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:45 წუთზე მიიღო. რის შემდეგაც საცეცხლე წერტილების დადგენასა და დავალების შესრულებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა.
მანამდე, 7 აგვისტოს, დღის საათებში, შედგა შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში, რომელსაც სამხედროებთან ერთად, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი - დავით კეზერაშვილი ესწრებოდა. მსჯელობდნენ კონფლიქტის ზონაში რთულ ვითარებაზე - ამ დროს ქართულ მხარეს უკვე დაღუპული ჰყავდა ორი სამხედრო [სამშვიდობო კონტინგენტიდან], ხოლო 1 აგვისტოდან სეპარატისტები სისტემატურად ესროდნენ ქართულ სოფლებს.
სადავო პარლამენტის კომისიის წევრთა შეკითხვებისა და ეჭვების უდიდესი ნაწილი სწორედ 7 აგვისტოს ამ ორ მოვლენასა და მათ შორის კავშირს შეეხებოდა - თუკი დღისით, სამხედროებმა ცეცხლის გახსნა საჭიროდ არ ჩათვალეს, მაშინ რატომ გახდა ეს აუცილებელი ღამით?!
გენერალმა გოგავამ რამდენჯერმე ახსნა, რომ „სწრაფად ცვალებად დინამიკაში“, დადასტურდა საცეცხლე წერტილების არსებობა, საიდანაც ისროდნენ; ასევე ის, რომ ადგილზე იყო „აკრძალული შეიარაღება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში და ეს ეკუთვნოდათ რუსებს“.
გოგავამ აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს ღამით მათ არ იცოდნენ - რუსეთის არმიის რა ნაწილს ჰქონდა გადმოლახული როკის გვირაბი, მაგრამ ასეთი ინფორმაცია მათ ჰქონდათ. ეს ინფორმაცია შედეგ სხვადასხვა წყაროდან დადასტურდა.
"ბრმად არ მიმოქმედია", "ბრმად არ მისვრია" - იმეორებდა გენერალი.
საპასუხო ცეცხლის მიმართულებებად მან დაასახელა: მარცხენა ფლანგზე სოფლების ავნევი-ნულის მიმდებარედ და მარჯვენა ფლანგზე - სარაბუკის მიმდებარედ, „სადაც ჩვენი სამშვიდობოების პოსტები გაასწორეს მიწასთან“. ერთ ეპიზოდში კი დასძინა, რომ საცეცხლე წერტილებს ომის დასრულებამდე ახშობდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთ ეპიზოდში მკაფიოდ მიანიშნა, რომ სააკაშვილისა თუ სხვა პოლიტიკოსების მოქმედებების უკან სხვა, გარეშე ძალებიც ეგულება:
- „მე იმისიც არ მჯერა, რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ სამხედროებმა, რომ მოთმინებით პასუხი ჯობს იმ ეტაპზე, რამდენიმე საათში გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი და გეუბნებათ, რომ დაადგინე წერტილები და ცეცხლი გახსენი, რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო. არ მჯერა. აი, ტონს ვუწევ და გეუბნებით, რომ არ მჯერა... და გახვია შარში ჯარისკაცი, ქვეყანა“.
- „მე იმისიც არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ გადაწყვეტილებებს“.
იგივე აქცენტი თეა წულუკიანმა დასვა შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის, შალვა ჯანაშვილის გამოკითხვის დროსაც. წულუკიანმა თქვა, რომ სამხედრო გეგმის მოქმედებაში მოყვანა შესაძლოა ყოფილიყო „მაშინდელი რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილება ან მათთვის მიცემული დავალება საიდანღაც“; „ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, იმედია გვეცოდინება“.
„ბოლოს, ჰააგაშიც, სტრასბურგშიც - ამ წარმოებით და ამ დიდი საქმის მოგებით დადასტურდა, რომ [საიდანაც ისროდნენ] ეს იყო დანაყოფები, რომლებიც არ შედიოდა სამშვიდობოების [შემადგენლობაში] “ - თქვა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა როდესაც ცეცხლის გახსნის თემას კომისიის წევრები კვლავ მიუბრუნდნენ.
თეა წულუკიანმა გენერალს შეუსწორა, რომ არ არის მოპოვებული პირდაპირი მტკიცებულებები [ფოტო, ვიდეო] იმისა, რომ საცეცხლე წერტილებიდან ცეცხლი უკვე გახსნილი იყო და თუკი ახლა არც ზაზა გოგავას აქვს უფრო მეტი ინფორმაცია, დოკუმენტები, მტკიცებულებები, გამოვა, რომ მოატყუეს.
„მან [მიხეილ სააკაშვილმა] თქვენ მოგცათ არასწორი ბრძანება და რეალურად, უმაღლესმა მთავარსარდალმა ცეცხლი გახსნა ცალმხრივ რეჟიმში. აი, რა გამოვა“ - უთხრა წულუკიანმა.
ზაზა გოგავას პასუხი იყო, რომ მართალია - ფოტოები და ვიდეოები არა აქვთ, მაგრამ „იქ [ჰააგის ფაილებში] არის მასალა, თუ საიდან ხვდება ჭურვები სახლებს თუ სხვა სახის ნაგებობებს“.
„თუ იურიდიულად ასე სწორად იქნება - მაშინ ირიბი მტკიცებულებები დევს იქ და არა ფაქტობრივი მტკიცებულებები, რასაც თქვენ იურიდიულად მედავებით“, - უპასუხა გენერალმა.
ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ - ერთად ნახავენ, რა დევს ჰააგის ფაილებში.
გენერალმა გოგამ გამოკითხვისას რამდენჯერმე თქვა და თეა წულუკიანმაც დაადასტურა, რომ მაღალი რანგის სამხედრო ჩართული იყო ქართული მხარის სიმართლის დადასტურების პროცესში, როდესაც აგვისტოს ომის საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში [ჰააგაში, სტრასბურგში] განიხილავდნენ. სხვადასხვა შეკითხვაზე პასუხის დროს, გოგავა აღნიშნავდა, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია ჰააგის სასამართლოში.
„ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ზაზა გოგავას შეფასებაა, რომ ეს გამორიცხული იყო და ყველაფერი ამაზე მიანიშნებდა.
„რატომ დაიბომბა ცხინვალი“
„არცერთი ჭურვი არ გასროლილა ცხინვალის მიმართულებით“ - გენერალ გოგავას არაერთხელ დასჭირდა იმის ახსნა, რომ ცხინვალი ქართულ მხარეს არ დაუბომბავს - კომისიის წევრები შეკითხვებს ამ საკითხზეც მრავლად სვამდნენ.
ერთ ასეთ ეპიზოდში გენერალმა კომისიის წევრებს რჩევაც მისცა: „თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს. გუგლით მოძებნეთ ცხინვალი და რამდენი ახალი სახურავია [შენობებზე], ნახავთ“.
გოგავას განმარტებით, მისი იდეა იყო “მანევრული თავდაცვის“ ოპერაცია, ცხინვალის მისადგომებისკენ ყურადღების გადატანის მიზნით, რათა „წვერიახოს სასიცოცხლო გზა არ ყოფილიყო ცეცხლის ქვეშ“ და ლიახვის ხეობაში მძევლად ჩარჩენილ მოსახლეობას გამოსვლის საშუალება ჰქონოდა.
გენერალი განმარტავს, რომ „ცხინვალის მისადგომებზე დაწოლის“ გეგმა, ვითარების ესკალაციის პირობებში, მიხეილ სააკაშვილისაც გააცნო 8 აგვისტოს, გორში, შს სამინისტროს დანაყოფის ბაზაზე, სულ რაღაც ნახევარი საათით შეხვედრისას და რომ მანამდე - თავად მიიღო მთავარსარდლის ბრძანება -„მძევლის სიტუაციაში მყოფი ხეობიდან ხალხის გამოყვანა“.
გაამართლა თუ არა ამ გეგმამ?
გენერალი ამბობს, რომ ამ გეგმამ გაამართლა, რადგან „ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია - თითქმის ყველა გამოვიდა" და მართალია, შეიარაღებულმა ძალებმა „ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო", მაგრამ "ეს ასეც უნდა იყოს" ხალხის სამსახურში.
„არსებობს მოსაზრება, რომ მოსახლეობა გამოვიდა, ან თავისით იგრძნო საფრთხე, ან უარი თქვა გამოსვლაზე და დახვრიტეს და თუ ვინმე გამოვიდა, გამოვიდა ტელეფონით ნაცნობების მიერ შეტყობინებით, რომ ხომ ხედავ, რაც ხდება, თავს უშველე. ეს ასე არ იყო?“ – თეა წულუკიანმა საპასუხო შეკითხვა დასვა.
გენერალმა განმარტა, რომ ცხადია, სახლში არავისთან მისულან და ხალხი “შეიარაღებული ძალების ესკორტირებით” არ გამოუყვანიათ, მაგრამ შეძლეს ხალხის გამოსასვლელი არხის დაცვა.
და ისევ - რატომ დაიბომბა ცხინვალი?
იგივე იკითხეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 28 მარტსაც. თეა წულუკიანმა ქართული სამშვიდობო ძალების ყოფილ სარდალს, გენერალ მამუკა ყურაშვილს ჰკითხა - რატომ დაიბომბა ქართულმა მხარემ ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო.
ყურაშვილმაც იგივე გაიმეორა, რაც გენერალმა გოგავამ - “ცხინვალი არ დაბომბილა” - ეს რომ ასე ყოფილიყო, სასამართლო დავებში ეს ქართულ მხარეს წინ დახვდებოდაო.
გენერლის თქმით, ჯარმა იერიში მიიტანა სოფლების - კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე; ეს სოფლები ცხინვალიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარეობს და მოწინააღმდეგე სიმაღლეებიდან ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა.
- "ეს არის გარეუბანი ცხინვალის?", - იკითხა წულუკიანმა.
- ყურაშვილმა ის ადგილი კუს ტბას შეადარა.
- "კუს ტბა... ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი... კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია... ცხინვალის გარეუბანი... ანუ ცხინვალია, კუს ტბა - თბილისია", - ასეთ ლოგიკას მიჰყვა წულუკიანი და გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო შემდეგ შეკითხვაზეც - "იქ მოსახლეობა იყო?".
შეცდომა იყო შსს-ის დანაყოფის შეგზავნა ცხინვალში?
გენერალ გოგავას, კომისიის სხდომაზე, რამდენჯერმე ეჭვით ჰკითხეს - რატომ გადაწყდა შს სამინისტროს შენაერთების გაგზავნა ცხინვალში; მაშინ, როცა იქ ყოველი სახლი შესაძლოა ციხესიმაგრესავით ყოფილიყო და ხომ არ უდრიდა ეს მათ გაწირვას?!
ცხინვალში შესულ სპეცდანიშნულების დანაყოფს შსს-ის მინისტრის მოადგილე, შალვა ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა. 27 აგვისტოს, კომისიის სხდომაზე ჯანაშვილმა თქვა, რომ "შუა ქალაქამდე" მოახერხეს შესვლა.
ზაზა გოგავამ თქვა, რომ, თავდაცვის ძალების ნაცვლად, ჯანაშვილის დანაყოფი ცხინვალში გაიგზავნა შეგნებულად, რადგან ეს იყო „ყველაზე კარგად გაწვრთნილი საპოლიციო ნაწილები, ვისაც შეუძლია ქალაქში ბრძოლა“ და რომ „იქ სხვა დანაყოფების მიყვანა იქნებოდა განსაკუთრებული შეცდომა“.
„იქეთ მყოფი [ოსები] და აქეთ მყოფი ორივე ჩვენი მოქალაქეა - ამიტომ ეს ოპერაცია იყო მძევლით საბრძოლო ოპერაცია, რასაც უფრო ჭკვიანი დანაყოფები უნდა და ყველა ჭკვიანი დანაყოფი, რომელიც კი მყავდა [ყველას დიდი პატივისცემა დანარჩენს], იყო მიზიდული ცხინვალზე. აი ეს იყო გადაწყვეტილება - რამაც გადაწონა ჩემს მიერ, რომ თავი მოეყარა ასეთ დაჯგუფებას“, - განმარტა გენერალმა.
შესაძლოა ომს პოლიტიკური ხელისუფლება გეგმავდა
31 მარტს, კომისიის მორიგ სხდომაზე, თეა წულუკიანმა უკვე დადასტურებულ ფაქტად გამოაცხადა, რომ - „მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები - დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები... პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს“.
“სამხედროების ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
4 დღით ადრე, ზაზა გოგავას ამაზე არაერთი შეკითხვა დაუსვეს, აინტერესებდათ: რა თქვა ამა თუ იმ შეხვედრის დროს მაგალითად თავდაცვის მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა; ხომ არ ჰქონდათ მათ კონკრეტული მოთხოვნები, განსხვავებული მოსაზრებები ან დავალებები.
- სხდომაზე მოიყვანეს - ფრაგმენტი შს მინისტრის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის მონათხრობიდან, რომლის მიხედვითაც, 8 აგვისტოს, გვიან ღამით, გამყოლებს გზა აებნათ და თავდაპირველად გაერთიანებული შტაბის დასახული მარშრუტით ცხინვალში ვერ შევიდნენ; რის შემდეგაც - მას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დაუკავშირდა და სხვა მარშრუტი უკარნახა.
- გოგავამ განმარტა, რომ ჯანაშვილისთვის მიცემული თავდაპირველი ამოცანის მსგავსად, ეს დავალებაც მისგან მოდიოდა და მერაბიშვილი მის დავალებას ასრულებდა, ისევე როგორც, პერიოდულად, უშიშროების საბჭოს სხვა წევრი მინისტრები - რადგან საომარ ვითარებაში ყველა მას ექვემდებარებოდა; ხოლო ის, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი, მხოლოდ მთავარსარდლის ბრძანებებს ასრულებდა.
„ეს ჩემი შეურაცხყოფაა, რომ ვიღაცა მე ასე მეუბნებოდა, რომ მიდი ახლა, ზაზა, გაიქეცი - წყალი მოიტანე და მერე იქით ესროლე... ეს ჩემი შეურაცხყოფაა“, - თქვა გოგავამ.
“არ გვინდა ზედმეტი ამპარტავნება… ყველანი ვართ ამპარტავნები” - იყო წულუკიანის რეპლიკა. ის ასევე ხშირად მიმართავდა გენერალს - ნუ ნერვიულობთო.
„ერთ რამეზე ვნერვიულობ, რომ [თითქოს ] არსებობენ ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ ომში ზაზა გოგავას ეგეთი ბრძანება მისცეს - რომ, აი, არ მაინტერესებს - ახლა მოუხვევ და აქეთ წახვალ. სხვა ადამიანს ელაპარაკებით. საერთო არ მაინტერესებს, პოლიტიკურად ეგ როგორ გამოიყურება... მე თუ ეს დავუშვი, რომ ნებისმიერ ადამიანს მივეცი ამაში ჩარევის უფლება, ის 168 სამხედრო მოსამსახურე, 18 პოლიციელი და 220 თუ 221 სამოქალაქო პირი ჩემს ზურგზეა და მე ამით უნდა ვიცხოვრო... ანუ [გამოდის, რომ] არ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, არ შევასრულე მეთაურის [ფუნქცია]“, - ამბობს გოგავა კიდევ ერთ ეპიზოდში.
კომისიის წევრები მუდმივად შეახსენებდნენ გენერალ გოგავას, რომ [2023 წლის მარტიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე] ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და რამდენჯერმე ისიც უთხრეს, რომ იმდროინდელ პოლიტიკოსებს ხელს აფარებს.
ხალხის გაფრთხილება და ევაკუაცია
თეა წულუკიანმა ზაზა გოგავას ჰკითხა, რატომ არ მოხდა ხალხის წინასწარი ევაკუაცია, მაშინ როცა ოსურმა მხარემ ეს დიდი ხნით ადრე გააკეთა. ზაზა გოგავამ უპასუხა, რომ მეორე მხარემ გააკეთა ეს 3 დღით ადრე - პროვოკაციისა და ესკალაციის მიზნით. და ქართულ მხარესაც იგივე რომ გაეკეთებინა, ეს იქნებოდა “პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ”.
“ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი, არანაირი ნაბიჯი არ გადადგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა, არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისოს მხრიდან, პირდაპირ წახვედი, წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, ჩვენც წავედით ევაკუაციაზე – მაშინ აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ. სხვა ეპიზოდში მან განმარტა, რომ მსგავსი დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში 7 აგვისტომდეც არაერთხელ იყო, მაგრამ ისინი ესკალაციის თავიდან აშორებასა და ბეწვის ხიდზე გავლას ახერხებდნენ.
სოზარ სუბარის შეკითხვა კოდორის ხეობას უკავშირდებოდა. ზაზა გოგავამ განმარტა, რომ ხეობიდან საპოლიციო ნაწილების გამოყვანისას მოსახლეობის გაფრთხილება ვერ შეძლო.
- „რატომ არ მოხდა გაფრთხილება?“ - იკითხა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა.
- „ვერ გავაკეთე და იმიტომ. ვერ შევძელი რა. არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი“.
კოდორის ხეობაში ჩატოვებულ ახალ ტექნიკის გამოტანასთან დაკავშირებით გოგავას პასუხია - „შანსი არ იყო გამოტანის“.
იქნებ ჯობდა როკის გვირაბის აფეთქება…
„ქართული ოცნების“ კომისიის წევრი, პაატა სალიაც დაინტერესდა, „ხომ არ წონიდა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები სამხედროებისას“ და ამ კონტექსტში გენერალ გოგავას ჰკითხა - მისი ნება რომ ყოფილიყო და შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ააფეთქებდა თუ არა როკის გვირაბს?
- „უტოპიაა... თუ შესაძლებლობა იქნებოდა - რა თქმა უნდა... ისე უტოპიაა“, - უპასუხა მას გენერალმა.
- „და რატომ არის უტოპია“?
- „ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია შეიარაღებულ ძალებს, არც დღეს და არც მაშინ. თვითონ გვირაბის ბუნება... ტექნიკური ინჟინერი ვარ და შემიძლია ამ თემებზე ვილაპარაკო. მინიმუმ სამი დღე უნდა იჯდე შიგნით - ჩაბურღვა უნდა აკეთო და მერე ეს ყველაფერი ააფეთქო... ახლა თუ სამი დღე ასეთ ადგილს აკონტროლებ, მაშინ რაზეა საერთოდ საუბარი“.
სალიამ დასვა შეკითხვა ხიდების აფეთქებაზეც და ასეთი პასუხი მიიღო:
„არანაირი ხიდი არ არსებობს. გუფთის ხიდის დაბომბვა პირველი ამოცანა იყო ჩემი. ერთადერთი დავალება, რაც მივეცი ავიაციას, ეგ იყო გუფთის ხიდი და ვერ შეასრულეს. მაგრამ ესეც მაქსიმუმ 45 წუთს მოგვაგებინებდა - [მდინარე] ლიახვი მოდიოდა კოჭამდე“.
კომისიის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. გენერალს დაუსვეს შეკითხვები - მაგალითად, რომელ სოფელში იყო განთავსებული საველე შტაბი. მან არ დაასახელა. ჰკითხეს - რა არის დასამალი იმაში, თუ სად იყო ამდენი წლის წინ საველე შტაბიო. „არ ვიცით, ხვალ და ზეგ რისი გამოყენება დასჭირდება შეიარაღებულ ძალებს... ალბათ ხვდებით, რომ ტაქტიკურად ხელსაყრელი ადგილებია, რაზეც ვლაპარაკობ“ - იყო მისი პასუხი.
გენერალი გოგავა აღიარებს, რომ ომში ბევრმა ხარვეზმა იჩინა თავი, რადგან იმ ეტაპზე ჯარში ძალიან ბევრი საკმაოდ მძიმე პრობლემა ჯერ ისევ მოუგვარებელი იყო და რუსეთმაც შემოჭრისთვის ის დრო სწორედ ამიტომ შეარჩია:
- „ჯარი განვითარების ეტაპზეა. დანაყოფები არ არის დასრულებული... მოწინააღმდეგე [რუსეთი] ამას უყურებს და გამოიყენა კიდეც... ხვალ რომ შევიდეთ, უფრო მაგარი ბიჭები იქნებიანო და [რუსეთი] მოვიდა იმ დროს, როცა...
- აი, წარმოიდგინეთ, ზღვის ნაპირზე რომ დადგეთ, მოგიტანოთ ფიცრები და გითხრან, რომ ნავი უნდა ააგოთ. თქვენს წინააღმდეგ მოდის ხომალდი და სადაც შეხვდებით, როგორი აგებული ნავიც გეყოლებათ, ისე უნდა იბრძოლოთ“.
რა უარყო ზაზა გოგავამ
გენერალმა გოგავამ კომისიის სხდომაზე უარყო „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ წლების განმავლობაში გავრცელებული ორი ინფორმაცია, რომ:
- იარაღის ნაწილი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, იყო გამოუსადეგარი საბრძოლო მოქმედებებისთვის - სოზარ სუბარის მიერ დასმულ შეკითხვაზე, გენერალმა განმარტა, რომ შემოსული იარაღი მრავალნაირ შემოწმებას გადიოდა.
„ძალიან ცუდი ბრალდებაა და მეორედ არ გაიმეოროთ... არასწორი ბრალდებაა... ნებისმიერი სამხედრო, ნებისმიერ ფორმატში მომიყვანეთ და დამელაპარაკონ. დამელაპარაკონ, რა არ ვარგოდა - რა ეჭირათ და რით დაამთავრეს მერე ომი “, - უპასუხა ზაზა გოგავამ.
- საერთაშორისო სწავლებები არ ჩატარდა და მათთვის გამოყოფილი ფული კეზერაშვილმა მიითვისა - [სოზარ სუბარმა თქვა, რომ 2006-07 წლებში მომხდარი ეს ამბავი სასამართლომაც დაადასტურა]
„სასამართლომ რა გამოიტანა, გასაგებია... აგერ მე მიკეთია სამკერდე ნიშანი, იმ ადამიანების გადმოცემული, ვინც ეს [სწავლება] ჩაატარა“ - პასუხობს გოგავა.
რატომ იძიებენ აგვისტოს ომს?
2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების იდეა თავდაპირველად „ქართული ოცნებიდან“ ორჯერ გამოყოფილმა თანამოაზრემ და მოკავშირემ - „ხალხის ძალამ“ წამოაყენა - რომლის წევრებიც ახლა ამ კომისიის შემადგენლობაში შედიან.
ანტიდასავლური მიდგომების ამ ჯგუფმა 2024 წლის ივნისში გამოქვეყნებულ წერილში მკაფიოდ მიუთითა, რომ ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და - დაკვეთა აშშ-დან მოდიოდა.
შარშან აპრილში, რუსთაველის გამზირზე, სამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ საპატიო მილიარდერმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში არა რუსეთს, არამედ [მოგვიანებით დიპ სტეიტად წოდებულ] “გლობალური ომის პარტიას” დასდო ბრალი, რომ მან „ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“;
„საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.
2025 წლის იანვარში “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა, რომ საგამოძიებო კომისია, მათ შორის შეისწავლიდა:
- 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“;
- „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
აგვისტოს ომი მხოლოდ ერთი ნაწილია “ქართული ოცნების” პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიისა, რომელიც 5 მაისამდე იმუშავებს და, სხვადასხვა თემაზე, კიდევ ბევრ პირს დაიბარებს.
ყველას, ვინც კომისიის სხდომაზე არ მივა, “ოცნება” სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება.
2008 წლის ომის გამოძიება საზოგადოებისთვის სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს. კომისიის სხდომების პარალელურად, საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტს გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
მართალია, “ქართული ოცნება” აცხადებს - სამხედროების დანაშაულს არ ვიძიებთ, არ ვეხებით, მათ პატივს ვცემთ და მხოლოდ პოლიტიკოსების ქმედებები გვაინტერესებსო, ბევრი სწორედ სამხედრო პირების, მათ შორის ომში დაღუპულებისა და მთლიანად ჯარის დისკრედიტირების საფრთხეებს ხედავს.
“დიახ, ეს არის სამხედროების დისკრედიტაცია. რას ვამტკიცებთ ამით, რომ სამხედროებს პოლიტიკოსები მართავდნენ, ასრულებდნენ არასწორ ბრძანებებს, ასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს. სამხედროსთვის მეტი დამცირება და შეურაცხყოფა რაღა უნდა იყოს...
პირდაპირ ეთერში პირზე ადგებიან - ცხინვალი დაბომბეთო… ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა ომი არის დოკუმენტირებული. თუკი მაინცდამაინც აინტერესებთ, მათ შეუძლიათ ეს საიდუმლო მასალები სამხედრო ექსპერტების წრეში შეისწავლონ, მაგრამ მათ ეს არ უნდათ. აი, რაც უნდათ, პირდაპირ ეთერშია - ვიღაცების დაკნინებით უნდა დადგინდეს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანდრო გოცირიძე. მისი თქმით, სრულიად გაუგებარია “ოცნების” ლოგიკა, რომ არჩეული ხელისუფლებისთვის წაყენებული ბრალდებები სამხედროებს, ქვეყანასა და ხალხს არ შეეხება.
ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” ყველა წევრს არ ესმოდეთ, რომ ამით რუსეთის საქმე კეთდება, მაგრამ “ის გავლენის აგენტურა, რომელიც სამწუხაროდ პენეტრირებულია საქართველოს ყველა სფეროში და მათ შორის - მმართველ პარტიაშიც, ბუნებრივია, მიზანმიმართულად აკეთებს რუსულ საქმეს და ცდილობს დაამტკიცეს, რომ დასავლეთმა თავისი აგენტურის დახმარებით გააჩაღა აქ ომი, ხოლო რუსეთი ან თავს იცავდა ან იცავდა საწყალ ოს მოსახლეობას, რომელიც გაანადგურა საქართველოს ფაშისტმა პრეზიდენტმა”.
კომისიის მუშაობით უკვე აღფრთოვანდა საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სამხრეთ ოსეთში. უკვე შემოუთვალეს თბილისს - ყველა დამნაშავის დასჯას ვითხოვთ და ველოდებითო.
სამხედროებს საქართველოში დიდ პატივს სცემენ და მათ შორის აგვისტოს ომში თავგანწირვის მაგალითებისთვის. სხდომაზე მისული იმდროინდელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ გააკეთეს მაქსიმუმი - რაც რუსეთის თავდასხმის პირობებში, შეზღუდული რესურსით შეეძლოთ და სიკვდილისთვისაც იყვნენ მზად.
თეა წულუკიანი სამხედროებზე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ისინი სათამაშოდ გამოიყენა.
„სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის, ის ორი გენერალიც [ზაზა გოგავა; მამუკა ყურაშვილი], რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია”, - განაცხადა მან31 მარტს გამართულ სხდომაზე.
სადავო პარლამენტში „ქართული ოცების“ სიით გასული ილია ინჯია [აწ უკვე „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი] - შალვა ჯანაშვილს ომის დღეებში ხელისუფლების ქმედებების შესაფასებლად სთავაზობდა სიტყვებსაც - ღალატი, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა.
ჯანაშვილი კი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობს და პროფესიულ წრეებში ამერიკაში განსწავლულ მამაც ადამიანად მოიხსენიებენ, ინჯიას ასე პასუხობს:
„ჩამოყალიბებული მაქვს და ამას ვერ ამომიშლის ვერავინ - აი ის წინააღმდეგობის ხუთი დღე რომ არ ყოფილიყო, ძირითადად თავდაცვის სამინისტროს სამხედროების ასეთი წინააღმდეგობა, მთავრობას დრო არ ექნებოდა, რომ საერთაშორისო ჩვენი მეგობრები ჩართულიყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა რუსეთი. აი ამან გადაგვარჩინა, ამ თავდადებამ“.
ბოლო დღეებში, კომისიის მუშაობის ფონზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფრაგმენტი თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლიდან [იუსტიციის მინისტრის რანგში - 2019 წლის მარტი], სადაც ის ამბობს, რომ საერთაშორისო სასამართლოებისთვის შეგროვილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება - „სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს“.
ფორუმი