Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ ქმნის კომისიას, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომთან მიმართებით „რეჟიმის დანაშაულს“


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში გეგმავს შექმნას დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ „სისტემურ დანაშაულს“.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ წინა ხელისუფლება „სისხლიან რეჟიმად“ მოიხსენია.

მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:

  • საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
  • ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
  • კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
  • მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.

„დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კომისია იმუშავებს ექვსი თვის განმავლობაში და მოამზადებს დასკვნას. „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი მის განხილვას სექტემბრის პირველივე სასესიო კვირაში გეგმავს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“, - უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. ბოლო ერთ წელში „ქართული ოცნება“ უფრო ხშირად ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა... ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავის დღეებში.

მოგვიანებით, 2024 წლის 27 სექტემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ომის დაწყებაში დაადანაშაულა:

„2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ“.

2008 წლის ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG