Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ აგვისტოს ომზე „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრობს


პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის დაწყების მე-16 წლისთავზე საუბრობს მაშინდელი მმართველი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, პასუხისმგებლობაზე. „ქართული ოცნებაში“ ფარისევლობას უწოდებენ ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავების მონახულებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ.

„ომის პარტიის წევრებმა მოინახულეს გმირი ჯარისკაცების საფლავები, გამოაქვეყნეს სამძიმრის ტექსტები. ისინი ამ ყველაფერს ისე უტიფრად აკეთებენ, თითქოს, 2008 წელს დატრიალებულ ტრაგედიაში მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდეთ“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კოლექტიურად მოუწევთ პასუხისგება:

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა... ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, „ქართული ოცნება“ ახსენებს უკრაინაში დაწყებულ რუსეთის ომსაც:

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განვლილმა ორმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, როგორი მონდომებით ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს...“

ამ განცხადების მიხედვით, 2008 წლის საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს არ დაწყებულა და ამ თარიღის ხსენებით „ნაციონალური მოძრაობა“ „დანაშაულის დაფარვასა“ და „პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს“:

„თარიღთან დაკავშირებული ვერავითარი მანიპულაცია ვერ გადაფარავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს“.

სამი წლის წინ, 2021 წლის 7 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ „13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ“.

პარტიის ვრცელი განცხადება სრულდება რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრით:

„ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“.

დღეს, 7 აგვისტოს, 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.

2008 წლის ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG