Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„აფლატოქსინის საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს“ - "სოფლის ნობათში" აღმოჩენილი საშიში AFM1

„აფლატოქსინის საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს“ - "სოფლის ნობათში" აღმოჩენილი საშიში AFM1


საილუსტრაციო ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „სოფლის ნობათის“ რძეში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოჩნდა
საილუსტრაციო ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „სოფლის ნობათის“ რძეში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოჩნდა

„რამდენი რძე უნდა დაელია ჩემს შვილს, რომ მისი ჯანმრთელობაზე ასახულიყო?“ „როგორ გავარკვიო, ხომ არ დაუზიანდა ჩემს შვილს ღვიძლი?“ „თუკი წლების განმავლობაში, სისტემატურად ვსვამდი ამ რძეს, ეს ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ ვარ“? - მეორე დღეა, ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს მშობლები და არა მხოლოდ ისინი.

3 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „სოფლის ნობათის“ რძეში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოჩნდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სააგენტომ „სოფლის ნობათის“ ხუთ ნიმუშში, რომელთა უმეტესობა თებერვლის დასაწყისში აიღეს, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებულ ოდენობას მიაგნო.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სპეციალისტების განმარტებით, ამ ტოქსინით დაბინძურებული პროდუქტის სისტემატური მოხმარებისას მცირე დოზებიც კი, ნელ-ნელა სხეულში გროვდება და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს ღვიძლს. აფლატოქსინი ღვიძლის კიბოს გამომწვევ მიზეზადაც კი შეიძლება იქცეს.

აფლატოქსინ M1 ფორმას განსაკუთრებულად სახიფათო ბავშვების ჯანმრთელობისთვისაა.

რას ამბობენ პედიატრები?

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ უკვე წლებია ბლოგს აწარმოებს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც 3 აპრილს საღამოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტოქსინით დაბინძურებული რძის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ბლოგის პირად შეტყობინებებში ასეულობით კითხვა დაისვა.

ასეულობით კომენტარი აქვს იმ ვიდეოსაც, რომელიც კონსტანტინემ და მისმა ძმამ (ასევე პედიატრმა) აფლატოქსინისა და მისი რისკების შესახებ 3 აპრილს ჩაწერს.

  • „7 წელია ბავშვი ყოველ დღე სვამს/ჭამს ამ პროდუქციას, ახლა რომელ წყალში უნდა გადავვარდე?“
  • „ვისი შვილის ყოველდღიური კვების რაციონში შედიოდა ეს პროდუქტი, რას გვირჩევთ? როგორ უნდა მოვიქცეთ?“
  • „კარგად რომ გამოკვებავთ ხოლმე ადამიანებს მერე რატო ატარებთ კვლევებს?“
  • „ჩემი 9 წლის შვილი დღეში ორჯერ სვამდა! უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ“...

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომენტარებისა, რომლებსაც „სოფლის ნობათის“ რძის მომხმარებლები პედიატრი ძმების ვიდეობლოგის ქვეშ ტოვებენ და ექიმებს რჩევას ეკითხებიან.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის, როგორც ექიმისთვის, ახლა საინტერესო ისაა, იცოდეს, რა ხნის განმავლობაში იწარმოებოდა და იყიდებოდა ამ ტოქსინით დაბინძურებული რძე:

„თუკი ამ ტოქსინის შემცველობის რძეს ვიღებდით წლების განმავლობაში, სისტემატურად, ყველა, დიდიც და პატარაც საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. ამის გარკვევა ახლა ძალიან რთულია, შესაძლოა ეს ტოქსინები „სოფლის ნობათის“ ზოგ პარტიაში იყო, ზოგში არა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, პროდუქციის სისტემატური და სანდო კვლევების ჩატარება.

თუკი ხანგრძლივად მივიღებთ აფლატოქსინით დაბინძურებულ რძეს, ამან ზრდასრულებშიც და ბავშვებშიც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა მივიდეს ღვიძლის კიბომდეც.

ბავშვებში ამას ყველაფერს ემატება ისიც, რომ შესაძლოა წარმოიქმნას განვითარების შეფერხება, შეიქმნას იმუნური სისტემის პრობლემები. აფლატოქსინის ხანგრძლივ პერიოდში მოხმარებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს გონებრივი და მენტალური განვითარების შეფერხება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

რაც შეეხება მშობლების მიერ დასმულ კითხვას, სად უნდა ჩაუტარონ კვლევები შვილებს, რომ დაადგინონ, არის თუ არა მათ ორგანიზმში AFM1 ანუ, აფლატოქსინ M1, კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ასეთი კვლევები საქართველოს ლაბორატორიებში არ ტარდება.

რას ამბობს გასტროენტეროლოგი და ტოქსიკოლოგი?

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა ხსნის, რატომ არ ტარდება კვლევები ორგანიზმში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის შესახებ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებში.

ის ამბობს, რომ მისი გამოვლენა ორგანიზმში, თუკი პაციენტი ჯანმრთელია და სიმპტომები არ აქვს, არაფერს ცვლის:

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა
გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა

„პირველი კითხვა, რაც გაჩნდა, იყო ეს - როგორ შევიმოწმოთ, გვაქვს თუ არა აფლატოქსინები. ეს შემოწმება არაფერს გვაძლევს და ამიტომ ასეთი ტიპის კვლევა ხელმისაწვდომი არ არის ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.

მისი ჩატარება სპეციალურ შემთხვევებში, ტოქსიკოლოგიური კვლევის ფარგლებშია შესაძლებელი. ასეთი კვლევას ყოველდღიურ პრაქტიკაში, ექიმები არ ვატარებთ, რადგან არ გვჭირდება.

აფლატოქსინების საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს. აფლატოქსინის აღმოჩენით თქვენს ორგანიზმში ვერაფერს იზამთ, თუკი ხართ უსიმპტომო, ჯანმრთელი ადამიანი“.

ამავეს ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯიაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი, რომლითაც აფლატოქსინს ორგანიზმიდან გამოდევნი ან შეამცირებ მის რაოდენობას:

„არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ მისმა აღმოჩენამ ორგანიზმში შეიძლება რაიმე ღირებული ინფორმაცია მოგვცეს. რომც აღმოჩნდეს ეს ტოქსინი და ამ კვლევებს ატარებდნენ ლაბორატორიები, მისი მკურნალობაც კი არ არსებობს.

მე მაგალითად, ვიცი, როგორ გამოვაძევო ტყვია ორგანიზმიდან, როგორ შევამცირო დარიშხანი, ვერცხლის წყალი, მაგრამ აფლატოქსინი, თუკი ასეთი არსებობს ჩვენს ორგანიზმში, მისი შემცირების არანაირი მტკიცებულება და მეთოდი არ არსებობს".

„ძალიან საშიში ნივთიერება“ - ასე აფასებს ოთარ დიხამინჯია აფლატოქსინს და ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებში, იქნება ეს რძე თუ სხვა პროდუქტი, მისი შემცველობა სისტემატურად უნდა იზომებოდეს.

აფლატოქსინის შემცველობის ზღვრული ნორმა მკაცრად აქვს დადგენილი ევროკავშირის დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ევროკავშირის ქვეყნებში, რძეში აფლატოქსინის დასაშვები ნორმა მხოლოდ 0,05 ერთეულია. მაშინ, როდესაც აშშ-ში დასაშვები ზედა ზღვარი უფრო მაღალი - 0.5 ერთეულია.

ოთარ დიხამინჯიას თქმით, საქართველო ევროკავშირის რეგულაციებს ექვემდებარება, შესაბამისად, „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილი აფლატოქსინის 0,2 ერთეული, დასაშვებ ზღვარზე მაღალი აღმოჩნდა და სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო მოეთხოვა ამ პროდუქტის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება.

ტოქსიკოლოგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღევანდელი მონაცემებით, აფლატოქსინით მწვავე მოწამვლის შემთხვევები აღწერილი არ არის:

„მაგრამ ეს არის ძალიან საშიში ნივთიერება, რადგან მისმა ქრონიკულმა ზემოქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლის სიმსივნე. ამიტომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში მონიტორინგის აწყობილი სისტემა, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს მავნე ნივთიერებებთან.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ აფლატოქსინი უნდა იყოს 0, ამას არავინ ამბობს. მისგან მთლიანად თავისუფალი პროდუქტი არ გვხვდება გარე სამყაროში, მაგრამ არსებობს ზღვრული ნორმები და ეს ნორმები მკაცრად უნდა იყოს დაცული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოთარ დიხამინჯია.

აფლატოქსინის ბუნებრივი წყარო სხვადასხვა სახის სოკოა, რომლებიც უფრო მეტად თბილ ქვეყნებში, სხვადასხვა კულტურულ ნათესზე გვხვდება. შეიძლება ის იყოს თხილში, განსაკუთრებით, მიწის თხილში, ნიგოზში.

ამ ტოქსინის არსებობის რისკი ასევე მაღალია სახლის პირობებში დამზადებულ ჩირსა და ჩაიში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც პროდუქტი ინახება ტენიან და მაღალი ტემპერატურის პირობებში.

რას ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და „სოფლის ნობათი“?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის წერილობითი კომენტარი „სოფლის ნობათის“ რძეში აფლატოქსინის შემცველობის თაობაზე, მედიასაშუალებების ელექტრონულ ფოსტაზე გვიან ღამით მოვიდა.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ აფლატოქსინის ის რაოდენობა, რაც რძის ნიმუშში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს:

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

„მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობას რძის ნიმუშში საშიში ნივთიერების აღმოჩენის შესახებ 3 აპრილს გამოეხმაურა კომპანია „სოფლის ნობათი“.

მათი განცხადების თანახმად, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა „აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიაში“.

„ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება“, - თქვეს ორგანიზაციაში.

სურსათის ეროვნულის სააგენტოს გავრცელებულ ფოტოებში, რაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველ პროდუქციას ეხება, ჩანს, რომ ეს პროდუქცია იყიდებოდა „სოფლის ნობათის“ ბრენდით. კერძოდ აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა ნანახია შემდეგ ხუთ ნიმუშში:

  • სასმელი რძე "საბავშვო", ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠ სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.


რადიო თავისუფლებამ სხვადასხვა ქსელური მარკეტის რამდენიმე ფილიალი მოიარა. 4 აპრილის 18 საათის მონაცემებით, ამ მარკეტებში „სოფლის ნობათის“ არცერთი პროდუქტი, არც რძე და არც რძის სხვა ნაწარმი დახლებზე არ დაგვხვდა. მაღაზიებში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „სოფლის ნობათის“ პროდუქტი დღეს არ მიუღიათ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 აპრილს ბრიფინგზე გამოეხმაურა ბოლო დღეებში რძისა და რძის პროდუქტების ხარისხზე ატეხილ საყოველთაო მსჯელობას და თქვა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებს და საკვები შესაძლოა, არ იყოს უსაფრთხო:

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი

„რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ადამიანი, მოქალაქე, იყოს დაცული არა მხოლოდ რეგლამენტებით, რომლებზეც ხელი მოწერილი აქვს „ქართულ ოცნებას“ ასოცირების ფარგლებში. ხელის მოწერა არ ჰყოფნის, მერეც უნდა შეასრულონ. უნდა არსებობდეს ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც არ გვაქვს.

ეს სააგენტო, როგორც ყველა სააგენტოები და ინსტიტუტები, მათზეა [ქართულ ოცნებაზე] დამოკიდებული და არანაირად არ ასრულებს თავის ფუნქციას... ე.ი. ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული და ეს აღმოჩნდა დღეს, ძალიან ნათლად ამ სკანდალით. ჩვენი პროდუქტი არანაირად არ არის დაცული...“

„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშში საშიში ნივთიერების აღმოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე, რადიო თავისუფლების გამოძიებით გაირკვა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი ერთი "ყვარლის ბაგა" , 2018 წელს, ერთი წლის განმავლობაში ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა, რაც მაშინ ევროკავშირში და ახლა უკვე საქართველოშიც აკრძალულია. "ყვარლის ბაგა" რძით ამარაგებდა რძის პროდუქტების ლიდერებს სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და რძის ლაბორატორიას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG