Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კარა-მურზა - მორიგი "კარგი რუსი" თუ არასწორი ციტირება?!

კარა-მურზა - მორიგი "კარგი რუსი" თუ არასწორი ციტირება?!


ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლიტპატიმარი
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლიტპატიმარი

ვლადიმირ კარა-მურზას პასუხმა აღშფოთება გამოიწვია როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთის ე.წ. ლიბერალურ წრეებსა და რუსეთის „ეროვნულ უმცირესობებში“.

2025 წლის 10 აპრილს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმირ კარა-მურზა სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პარლამენტის წინაშე, სადაც სენატორ კლოდ მალიურეს კითხვაზე პასუხის გაცემისას მოიშველია „კოლეგა-უფლებადამცველის“ სიტყვები, რომელთა საშუალებითაც სცადა აეხსნა, რატომ არიან რუსეთის ჯარში ასეთი დიდი რაოდენობით „ეროვნული უმცირესობების" წარმომადგენლები.

"ის [„კოლეგა-უფლებადამცველი“ - რ.თ.] ესაუბრა ბევრ უკრაინელ სამხედრო ტყვეს, რომლებიც გათავისუფლდნენ რუსეთიდან. ასევე ესაუბრა რუს ტყვეებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან. მითხრა, რომ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომში იწვევს „ეროვნული უმცირესობების" ბევრ წარმომადგენელს - იმიტომ რომ, როგორც აღმოჩნდა, რუსებს ნამდვილად უჭირთ ფსიქოლოგიურად უკრაინელების დახოცვა. იმიტომ, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. ეს ძალიან ახლო ხალხებია, როგორც ყველასთვის ცნობილია.

გვაქვს თითქმის ერთნაირი ენა, ერთი და იგივე რელიგია, საერთო ისტორიის მთელი საუკუნე. სხვა კულტურის ადამიანი რომ იყოს, თითქოს უფრო იოლი იქნებოდა. ეს არის ის, რაც ამ კოლეგამ მითხრა გუშინ. ადრე ამაზე არ მიფიქრია. მეგონა, რომ მიზეზები, პირველ რიგში, ეკონომიკური იყო. მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ მეც დავიწყე ამაზე ფიქრი", - კრიტიკოსები ავრცელებენ ვლადმირ კარა-მურზას გამოსვლის იმ ფრაგმენტს, რომელშიც ის „კოლეგა-უფლებადამცველის“ გამოცდილებას ახსენებს.

ვლადიმირ კარა-მურზა - რუსი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი, ცნობილია კრემლის რეჟიმის ღია კრიტიკით და დემოკრატიის მხარდაჭერით. იყო ბორის ნემცოვის, ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, ახლო მოკავშირე. ჩართული იყო საერთაშორისო დიპლომატიურ საქმიანობაში, მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვს მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ მიღებაში. ამ კანონის საფუძველზე სანქციები უწესდებათ ადამიანის უფლებების დამრღვევ რუს მაღალჩინოსნებს. 2022 წლის აპრილში კარა-მურზა დააპატიმრეს მოსკოვში, მას შემდეგ, რაც საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრა. 2023 წლის აპრილში მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფო ღალატისა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით. 2024 წლის აგვისტოში კარა-მურზა მოულოდნელად გაათავისუფლეს საერთაშორისო ტყვეთა გაცვლისას. გათავისუფლების შემდეგ მან მოუწოდა დასავლეთის ლიდერებს, არ დაეშვათ პუტინის რეჟიმის ლეგიტიმაცია. 2024 წელს კარა-მურზამ მიიღო პულიცერის პრემია კომენტარის კატეგორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ კარა-მურზა თავის გამოსვლაში სხვა ადამიანის სიტყვებს ეყრდნობოდა, მისმა „ფორმულირებამ“ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უკრაინელმა დეპუტატმა ირინა გერაშჩენკომ ("ევროპული სოლიდარობა") Facebook-ში გამოქვეყნებულ კომენტარში დაწერა, რომ არ გაჰკვირვებია კარა-მურზას ამგვარი ფორმულირებები.

„დღეს კარა-მურზამ თქვა, რომ რუსებს "ფსიქოლოგიურად უჭირთ უკრაინელების დახოცვა"... საერთოდ არ მიკვირს ასეთი რამ, რადგან "კარგი რუსები" არ არსებობენ, თუნდაც პუტინის ციხეში იყვნენ ნაჯდომი. ისინი ვერ თავისუფლდებიან უპირატესობის, შოვინიზმისა და იმპერიალიზმისგან. ყველა ეს ლიბერალი მთავრდება უკრაინის საკითხზე. არ შეუძლიათ აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა", - დაწერა ირინა გერაშჩენკომ.

მართალია, კარა-მურზას არ დაუსახელებია კოლეგა-უფლებადამცველის გვარი, მაგრამ მისი განცხადებით გამოწვეული რეზონანსის გამო, „კოლეგა-უფლებადამცველმა“, ანასტასია შევჩენკომ, თავად გადაწყვიტა გამოჩენილიყო.

"მე და ჩემმა კოლეგამ ვლადიმირ კარა-მურზამ სტრასბურგში განვიხილეთ რუსეთის არმიაში რეკრუტირების გეოგრაფია და მიზეზები, თუ რატომ მიდის ომში ამდენი ადამიანი ეთნიკური რესპუბლიკებიდან. თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს იყო კერძო საუბარი ფინჯანი ყავის გარშემო ოფიციალურ შეხვედრებს შორის შესვენებაზე. არც კი გამახსენდებოდა ეს საუბარი, რომ არა მისი ნაწილის გამეორება საფრანგეთის პარლამენტში.

მესმის, რომ მან არაერთმნიშვნელოვნად გაიჟღერა და ბევრ ადამიანს შეეხო. მეც ვიკამათებდი მასთან [კარა-მურზასთან] შეხვედრის დროს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას განვიხილავთ. მაგრამ მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმირი არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი და პატიოსანი პოლიტიკოსი", - დაწერა ანასტასია შევჩენკომ თავის Facebook-გვერდზე.

უკიდურესად კრიტიკული იყო რუსი მწერალი და პუბლიცისტი ეკატერინა მარგოლისი:

„ახლა გაირკვა, რომ კარა-მურზამ უბრალოდ გაიმეორა სხვისი სიტყვები იმის შესახებ, თუ რამდენად უჭირთ რუსებს ფსიქოლოგიურად უკრაინელების დახოცვა, რადგან ერთი ხალხია, ხოლო ბოროტ ბურიატებსა და ჩეჩნებს ეს იოლად და სიამოვნებით გამოსდით. სოლიდარობასა და თანაგრძნობას შორის განსხვავების ვერდანახვა და კრიტიკისა და ანალიზის ერთმანეთისგან გამიჯვნის შეუძლებლობა - ეს არის ერთ-ერთი კოგნიტიური ლოგიკური მახე, რომელიც იწვევს არასწორ გადაწყვეტილებებსა და შეფასებებს იმავე რუსული იმპერიალიზმისა და მესიანიზმის შესახებ, რომლითაც ერთნაირად ავადდება როგორც ყველა "პუტინისტი", ასევე ბევრი "ანტიპუტინისტი".

უკრაინელი უფლებადამცველი ოლექსანდრა დვორეცკაია მიიჩნევს, რომ ვლადიმირ კარა-მურზას სიტყვებმა შემთხვევით არ გაიჟღერა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პარლამენტში, რადგან იქ უჭირთ განსხვავების დანახვა "რუსებსა" და „რუსეთელებს“ შორის.

„პირველ რიგში, ეს ყოფს რუსულ საზოგადოებას რუსებად და რუსეთელებად. დასავლელი ადამიანებისთვის რთულია ამის გაგება, რადგან მათ ქვეყნებში ასეთი განსხვავება უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ ის აპელირებს იმაზე, რომ არსებობენ რუსეთის მოქალაქეები ანუ რუსები, რომლებიც, უკრაინელებთან ერთად, ერთი ხალხია და გარდა ამისა არსებობენ რუსეთის ვიღაც სხვა მოქალაქეები, რომლებიც მთლად რუსები არ არიან და საკუთრივ სწორედ ისინი არიან ყველაზე სასტიკები და მეტად მიდრეკილები უკრაინელთა მკვლელობისკენ.

ანუ ის ამბობს, რომ „ნამდვილ რუსს“ ფსიქოლოგიურად არ სიამოვნებს უკრაინელების დახოცვა, ამიტომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახდენს იმ რუსების მობილიზებას, რომლებსაც უფრო იოლად შეუძლიათ უკრაინელების დახოცვა", – უთხრა ოლექსანდრა დვორეცკაიამ რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას.

ოლექსანდრა დვორეცკია, უკრაინელი უფლებადამცველი
ოლექსანდრა დვორეცკია, უკრაინელი უფლებადამცველი

უფლებადამცველთა ნაწილი ეჭვობს, რომ ასეთი რიტორიკა შესაძლოა მიუთითებდეს ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერის სისტემურ მუშაობაზე ევროპელებთან, დაითანხმონ ისინი, სანქციები მოუხსნან ომის მოწინააღმდეგე რუსებს.

ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის 12 ივლისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“, რომელშიც პუტინი ამტკიცებს, რომ რუსები, უკრაინელები და ბელარუსები წარმოადგენენ ერთ ხალხს, რომელიც საერთო ისტორიულ ფესვებზე — ძველ რუსზეა დაფუძნებული. „უკრაინის დამოუკიდებლობა დასავლეთის გავლენის შედეგია და მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ანტირუსეთის“ შექმნას.

რუსეთის ეთნიკური უმცირესობების რეაქცია

ოლექსანდრა დვორნიცკაიას თქმით, უკრაინასთან ომის პარალელურად მიმდინარეობს რუსეთის ძირძველი ხალხების ნამდვილი განადგურება:

„სწორედ „რუსული" მოსკოვი ხოცავს უკრაინელებს არა "საკუთარი რუსებით", არამედ რუსეთის დამონებული ხალხებით. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა (10 000 შრომისუნარიან მამაკაცზე გათვლით) ტივაშია - 108, შემდეგ მოდის ბურიატია - 81, ალტაი - 77, სახალინის ოლქი - 60, ჩუკოტკა - 56, ამიერაბაიკალეთი - 51. მოსკოვში ეს მაჩვენებელი 3-ია, პეტერბურგში - 6. ანუ მოსკოვისა და ტივას მონაცემები 35-ჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან. დაღუპულებს შორის არიან ისეთი ძირძველი ხალხების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება 5000-ს. სულ 687 ნგანასანი ცხოვრობს რუსეთში - მათგან 3 უკვე დაიღუპა ომში. 1325 უდეგელიდან ომში დაიღუპა 7. ალტაის მკვიდრი ტელენგიტებიდან (სულ 2730 ადამიანია) უკვე დაიღუპა 28. ეს არის ძირძველი ხალხების ამოწყვეტა, განადგურება შესაძლებლობისა, იბრძოლონ თვითგამორკვევისათვის, თავიანთი კულტურის, ენის, იდენტობის შენარჩუნებისთვის“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიტყვებზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ხალხების წარმომადგენლებს. იჩქერიის (ჩეჩნეთის) პოლიტიკური მოძრაობის, "ერთიანი ძალის" ლიდერმა ჯამბულატ სულეიმანოვმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კარა-მურზას სიტყვებს "რეალობისა და ისტორიული სიმართლის დამახინჯება" უწოდა.

„ვლადიმირ კარა-მურზას განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა საფრანგეთის სენატში, ასევე მისი გამონათქვამები ციხიდან გათავისუფლების პირველ დღეებში, წარმოადგენს რეალობისა და ისტორიული სიმართლის აშკარა დამახინჯებას - განსაკუთრებით რუსეთის ექსპანსიონიზმის და იმ ხალხების (ჩეჩნების, ქართველების, უკრაინელების) კონტექსტში, რომლებიც უკიდურესად დაზარალდნენ სხვა რუსი პოლიტიკოსებისა და მათი პოლიტიკის გამო. დასავლეთში მცხოვრები ვლადიმირ კარა-მურზა ხელს უწყობს რიტორიკას, რომელიც მიმართულია მედიაში იმგვარი ნარატივების ფორმირებისკენ, რომლებიც ირიბად ამართლებენ პუტინის რეჟიმსა და რუსულ ელექტორატს თავისი მილიტარისტული მსოფლმხედველობით. ის ჯიუტად უგულებელყოფს იმ აშკარა ფაქტს, რომ პუტინს მხარს უჭერს რუსების უმრავლესობა", - დაწერა ჯამბულატ სულეიმანოვმა.

ჩეჩენი საზოგადოებრივი აქტივისტი, ჟურნალისტი და მწერალი ზარა მურთაზაევა, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან ამბობს, რომ ის არ ელოდა ვლადიმირ კარა-მურზასგან ასეთი სიტყვების მოსმენას.

„რამდენჯერმე მოვისმინე მისი გამოსვლა - მან ნამდვილად წარმოთქვა ეს სიტყვები საფრანგეთის პარლამენტში. ეს საშინელებაა. ეს არის კრემლის ნარატივების პირდაპირი ტრანსლაცია: „ჩვენ იქ არ ვართ, ეს ყველაფერი ბურიატებმა, ჩეჩნებმა და იაკუტებმა გააკეთეს"... ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინ ჩაიდინა მკვლელობები ბუჩაში? რუსეთის არმიის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეებმა (უკრაინის პროკურატურის მონაცემებით - რ.თ.), რომლებსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი ჩუბარიკინი. ვინ უშენს რაკეტებს უკრაინის ქალაქებს?“

ზარა მურზალიევას თქმით, უპასუხისმგებლობაა ხალხის ეროვნული ნიშნით დაყოფა, მით უმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც თავად იყო დაკავებული უფლებადამცველობითი საქმიანობით.

„ხდება ყველაფრის გადაბრალება კავკასიელებზე, ღარიბი რესპუბლიკების წარმომადგენლებზე, რომლებსაც თურმე "ძალიან ადვილად შეუძლიათ უკრაინელების დახოცვა", რადგან ისინი ღარიბები არიან და ომში ფულის საშოვნელად მიდიან. ეს ტრაგედიაა უმცირესობებისთვის - ჩეჩნებისთვის, ბურიატებისთვის, იაკუტებისთვის. ასეთი ფორმულირებები ძალიან სამწუხაროა, რადგან ხდება ხალხების "კარგებად" და "ცუდებად" დაყოფა ეროვნული ნიშნით. თუ თქვენ ამბობთ და აცხადებთ ასეთ რამეებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სტატისტიკა - გვიჩვენეთ რამდენი რუსია, რამდენი ბურიატი, რამდენი იაკუტი. მოიტანეთ ფაქტები", - განაცხადა ზარა მურზალიევამ.

ვლადიმირ კარა-მურზამ საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გამოაქვეყნა ახსნა-განმარტებითი პოსტი, რომელსაც თან დაურთო თავისი გამოსვლის სტენოგრამა.

„საუკეთესო პასუხი ტყუილებზე, მანიპულაციებსა და ცილისწამებაზე არის ფაქტები. ამიტომ სანამ რაიმეს დაამატებთ, წარმოგიდგენთ ჩემი პასუხის სრულ და ზუსტ სტენოგრამას. სენატორმა კლოდ მალიურემ მკითხა, თუ რატომ არის „რუსი სამხედროებისა და ომში დაღუპულთა უმრავლესობა" ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და როგორია ამჟამად სიტუაცია ამ რესპუბლიკებშიო“, - დაწერა კარა-მურზამ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა როგორც თავისი გამოსვლის ფრანგული ორიგინალი, ასევე პასუხის რუსული თარგმანი:

„<...> აბსოლუტურად სწორია, რომ რუსეთის არმიის უკრაინაში მებრძოლი ბევრი სამხედრო მართლაც ამ რესპუბლიკებიდანაა: კავკასიიდან, აღმოსავლეთიდან, ციმბირიდან და ა.შ. მიზეზები უფრო ეკონომიკურია, რადგან ძალიან ღარიბი რეგიონებია. რა თქმა უნდა, ბევრად ღარიბი, ვიდრე მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, მაგრამ ისინი ცენტრალური რუსეთის რეგიონებზეც ბევრად ღარიბები არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მათ სთავაზობს დიდ ფულს, რათა ისინი წავიდნენ ამ ომში. შორეულ და ღარიბ რეგიონებში მცხოვრები ეს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფული და პერსპექტივა, თანხმდებიან ამ ფულის აღებასა და ომში წასვლაზე.

კიდევ... გუშინ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვესაუბრე კოლეგას, რომელიც ბევრს მუშაობს ორივე მხრიდან დატყვევებულ სამხედროებთან. ის ესაუბრა ბევრ უკრაინელ სამხედრო ტყვეს, რომლებიც გათავისუფლდნენ რუსეთიდან. ასევე ესაუბრა რუს ტყვეებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებიან. მითხრა, რომ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომში იწვევს დიდი რაოდენობით „ეროვნული უმცირესობების" წარმომადგენელს - იმიტომ რომ, როგორც ჩანს, რუსებს თითქოსდა უჭირთ ფსიქოლოგიურად უკრაინელების დახოცვა. იმიტომ, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. ეს ძალიან ახლო ხალხებია. გვაქვს თითქმის ერთნაირი ენა, ერთი და იგივე რელიგია, საერთო ისტორიის მთელი საუკუნე. სხვა კულტურის ადამიანი რომ იყოს, თითქოს უფრო იოლი იქნებოდა. ეს არის ის, რაც ამ კოლეგამ მითხრა გუშინ. ადრე ამაზე არ მიფიქრია. მეგონა, რომ მიზეზები, პირველ რიგში, ეკონომიკური იყო. მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ მეც დავიწყე ამაზე ფიქრი."

სტენოგრამის ტექსტის ციტირების შემდეგ ვლადიმირ კარა-მურზა წერს:

„ამ მოსმენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაცის უხილავმა, მაგრამ ძალიან მცოდნე ხელმა ფრთხილად ამოჭრა ჩემი პასუხიდან სიტყვები "თითქოს" და "ისინი თითქოს ამბობენ, რომ"; ხოლო ფრაზა "ძალიან ახლობელი ხალხები" ჩაანაცვლა "რუსეთი და უკრაინა ერთი ხალხიათი" და ამ სახით გაუშვა სოციალურ ქსელებში. ასე, ხელის ერთი მოხერხებული მოძრაობით, ჩემი ნათქვამი მიაბა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქსენოფობიურ ლოგიკას და მომაწერა მე პუტინის სიტყვები „ერთ ხალხზე“, რომლითაც ის ამართლებდა უკრაინაში შეჭრას“. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი "რედაქტირების" შემდეგ ჩემი ფრაზა - "მეც დავიწყე ამაზე ფიქრი" - შეიძლებოდა ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც „მეც ასე დავიწყე ფიქრი“. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი (და ახლაც ვფიქრობ) იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება რეკრუტირების პოლიტიკაში შეიძლება ხელმძღვანელობდეს ამგვარი მოსაზრებებითაც“.

ვლადიმირ კარა-მურზას გამოექომაგა რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი. მისი თქმით, ოპონენტები ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან ნათქვამს და „მეტყველებაში გამოყენებულ ციტატას".

„ვლადიმირ კარა-მურზას ახლა იმავე საზიზღარ ნომერს უკეთებენ, რაც ორი წლის წინ მეც გამიკეთეს „ჩვენს ბიჭებთან" დაკავშირებით. ატრიალებენ ზეპირ მეტყველებაში გამოყენებულ ციტატას. თითქოს ვერ ამჩნევენ ბრჭყალებს. მიზანმიმართული უყურადღებობის პროფესიონალები. მეც მომაკერეს ოკუპანტებისადმი თანაგრძნობა და გულმოდგინედ თვეების განმავლობაში ატრიალებდნენ ამ თემას... ახლა აქტივისტებს სიხარულის ახალი საბაბი აქვთ: შეუძლიათ ვლადიმირ კარა-მურზა იმპერიალისტად და ნაციონალისტად გამოაცხადონ...“

2023 წელს ვიქტორ შენდეროვიჩი მკაცრად გააკრიტიკეს ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერებული ამ ფრაზის გამო: „ჩვენი ბიჭები! დიახ. ხანდახან ისინი მკვლელები არიან..."

მწერალმა არ უარყო, რომ „ჩვენს ბიჭებში“ ის რუს ჯარისკაცებს გულისხმობდა, თუმცა მან ასევე განმარტა, რომ ციტირებდა სხვის ნათქვამს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG