„რუსეთი ამზადებს საინფორმაციო საფუძველს ესტონეთის წინააღმდეგ პოტენციური აგრესიისთვის“, - ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, „კრემლი აგრძელებს ნარატივების გამოყენებას, რომლებსაც ის ისტორიულად იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ, რათა შექმნას პირობები ესტონეთის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის გასამართლებლად".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ვრცელი და აგრესიული კომენტარით გამოეხმაურა ესტონეთის პარლამენტის - რიგიკოგუს- გადაწყვეტილებას, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს ავალდებულებს, შეცვალონ წესდება და სრულად გაწყვიტონ კავშირები უცხოურ სტრუქტურებთან, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (РПЦ).
მარია ზახაროვამ ესტონეთი დაადანაშაულა მართლმადიდებლობაზე „ნადირობაში" და მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ბრალდებებს ესტონეთში მართლმადიდებლების დევნისა და შევიწროების შესახებ.
„ესტონეთის პარლამენტმა მიიღო აგრესიულობითა და სამართლებრივი ნიჰილიზმით გამორჩეული უპრეცედენტო გადაწყვეტილება - დაავალდებულა ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესია, "გაწყვიტოს კანონიკური კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან". უარის შემთხვევაში - სასამართლო დევნის მუქარა. ანუ, სხვა სიტყვებით, სახელმწიფო ულტიმატუმის ფორმით მოითხოვს, რომ ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, არა საკუთარი კანონიკური ნორმებისა და სარწმუნოების სწავლების, არა მორწმუნეთა გრძნობების, არამედ პოლიტიკური დიქტატის საფუძველზე, შეცვალოს თავისი მრავალსაუკუნოვანი არსი და გაწყვიტოს კავშირები, რომლებიც ასჯერ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე თავად ესტონეთის ისტორია“, - დაწერა Telegram-არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, ოფიციალური ტალინი „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის" სურვილით ნიღბავს მიღებული გადაწყვეტილების ჭეშმარიტ არსს:
„ესტონეთი შევიდა მართლმადიდებლობაზე ნადირობის გადამწყვეტ სტადიაში, მართლმადიდებლობაზე, რომელიც, სხვათა შორის, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მათ შორის ახალგაზრდებშიც. ფაქტობრივად, საუბარია სახელმწიფო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის ათიათასობით მოქალაქის რელიგიური იდენტობის ძალადობრივ შეცვლას.
ოფიციალურმა ტალინმა უარი უნდა თქვას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა - გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, ასევე სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა ესტონეთში მიმდინარე მოვლენებს უნდა მისცენ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. რწმენის განადგურების, საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში ჩარევისა და „სწორი" რელიგიურობის თავზე მოხვევის მცდელობები ყოველთვის ტრაგიკულ შედეგებს იწვევდა. სწორედ ასეთი ქმედებები უთხრის ძირს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას, იწვევს განხეთქილებასა და გაუცხოებას, თესავს შეუწყნარებლობასა და აგრესიას“.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) და სხვა ანალიტიკური ცენტრები თავიანთ ანგარიშებში ხშირად მიუთითებენ იმაზე, თუ როგორ იყენებს მოსკოვი ჰიბრიდულ ომებში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რელიგიური პროკრემლისტური იდეოლოგიის გავრცელების მიზნით.
„კრემლი დიდი ხანია ქმნის საინფორმაციო პირობებს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაციებისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვის (მათ შორის რელიგიური დევნისგან დაცვის) საბაბით და შესაძლოა შეეცადოს გააერთიანოს და გააძლიეროს ეს რიტორიკული ძალისხმევა“, - ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.
რა ხდება?
ესტონელი დეპუტატების მიერ 9 აპრილს მიღებული კანონის მიხედვით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა, აეკრძალებათ ესტონეთის რელიგიური გაერთიანებების ხელმძღვანელობა, თუკი ეს პირები საფრთხეს უქმნიან ესტონეთის უსაფრთხოებას, კონსტიტუციურ წყობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე მხარს უჭერენ სამხედრო აგრესიას ან გამოდიან ომის დაწყების მოწოდებით.
ექსპერტების შეფასებით, კანონი ავალდებულებს ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტას. კანონის განმარტებისას ითქვა, რომ ესტონეთში მოქმედ ეკლესიას არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს ის პირი ან გაერთიანება, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა და იმყოფება უცხო სახელმწიფოში, თუ ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რელიგიურ გაერთიანებებსა და საზოგადოებებს ორი თვის განმავლობაში მოუწევთ თავიანთი წესდებებისა და მმართველობების შემადგენლობის შეცვლა. თუ ეს არ მოხდება, სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ეკლესიის ან სამრევლოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
„თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის ან სამრევლოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ორგანიზაციას ამოიღებდნენ რეესტრიდან. სამრევლოები და შენობები დარჩება – რიტუალების ჩატარებაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ თავად ეკლესია, როგორც იურიდიული პირი, აღარ იარსებებს. უფრო მეტიც: თუ ეკლესია ლიკვიდირებული იქნება, მისი მთელი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გადაწყვეტს, როგორ განკარგოს ის", – ციტირებს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ესტონეთის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესა და ყოფილ შს მინისტრს, ლაური ლიანემეტსს (Lauri Läänemets).
ესტონეთში მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია (ЭПХЦ), რომელსაც ესტონეთის ანალიტიკურ წრეებში მიიჩნევენ "ესტონეთში რუსეთისა და კრემლის ყველაზე მნიშვნელოვან გავლენის ინსტრუმენტად".
2024 წლის აპრილში ლაური ლიანემეტსმა, როცა შს მინისტრი იყო, განაცხადა, რომ აპირებდა შეეთავაზებინა პარლამენტისთვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოეცხადებინათ ტერორისტულ ორგანიზაციად.
ესტონეთის პარლამენტმა უფრო ადრე მიიღო მთავრობის მიერ ინიციირებული კანონი, რომლის მიზანია, ესტონეთში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები არ იყვნენ გამოყენებული სიძულვილის ან ძალადობის გასაღვივებლად.
როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ესტონეთის მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიას მოუწევს მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირების გაწყვეტა. ეკლესიამ უკვე განაცხადა, რომ მიმართავს პრეზიდენტს ამ საკითხზე შეფასების გასაკეთებლად და რომ ის ასევე მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს.
2025 წლის იანვარში მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, შეეცვალა სახელი „ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიად“. თუმცა რეგისტრაციაზე მას უარი უთხრეს, რადგან ახალი სახელი შეცდომაში შემყვანად მიიჩნიეს, რადგან, ოფიციალური განმარტების თანახმად, ეს ეკლესია არ მოიცავს ესტონეთში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს.
ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მოწინააღმდეგენი ჰყავს არა მხოლოდ კრემლში, რუსეთის საპატრიარქოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ საკუთრივ ესტონეთის პარლამენტშიც, ცენტრისტული და EKRE პარტიების ფრაქციების სახით.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძლევა მკაფიო განმარტებებს. არავინ ამბობს, დაიხურება თუ არა სამრევლოები. ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც დადასტურება და ვერც უარყოფა. ხალხი გაურკვევლობაშია, ხოლო კანონის ინიციატორები არ განმარტავენ შედეგებს. აქ საჭიროა კანონპროექტის გავლენის სრული ანალიზი, რაც, სამწუხაროდ, არ არსებობს", - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის დეპუტატმა ვადიმ ბელობროვცევმა (ცენტრისტული პარტია).
„ბოლო დროს ესტონეთში ნორმად იქცა, რომ ვიღაც წამოიყვირებს "პუტინი, პუტინი" და ჩვენ მაშინვე იოლად ხელვყოფთ ჩვენს კონსტიტუციას, რომელშიც, სხვათა შორის, მკაფიოდ არის გაწერილი რწმენის თავისუფლება. ქრისტიანების დევნა - ეს არის ზუსტად ის, რასაც ეწინააღმდეგება ახალი ხელისუფლება აშშ-ში. ქრისტიანული ეკლესიების დაცვა ამერიკული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ კანონის მიღებით ჩვენ არა მხოლოდ ვაუარესებთ ურთიერთობებს რუსეთთან, არამედ შეერთებულ შტატებთანაც", - განაცხადა ფრაქცია EKRE-ს თავმჯდომარე მარტინ ჰელმემ.
ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა ესტონეთის პარლამენტის 60-მა დეპუტატმა, მხოლოდ 13 იყო წინააღმდეგი. ესტონეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონში ცვლილებები არ გამოიწვევს ეკლესიების ავტომატურ დახურვას ან ესტონეთში რუსული მართლმადიდებლური ტრადიციის აკრძალვას. კანონს მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის, Isamaa-ს ფრაქციამ, რომლის წევრები მიიჩნევენ, რომ საუბარია არა ქრისტიანების დევნაზე, არამედ პოლიტიკური რისკების დაზღვევაზე.
"საქმე ეხება ორგანიზაციას, რომელსაც მოსკოვიდან მართავენ და რომლის ხელმძღვანელმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლეთს. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციის საქმიანობა უნდა დარეგულირდეს ესტონეთის კანონით", - განაცხადა Isamaa-ს ფრაქციის თავმჯდომარემ ესტონეთის პარლამენტში ჰელირ-ვალდორ სეედერმა.
2024 წლის მონაცემებით, ესტონეთში 300 ათასამდე ეთნიკური რუსი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 22%-ია. გეოგრაფიულად, რუსი ეთნიკური უმცირესობა ძირითადად კონცენტრირებულია ტალინსა და იდა-ვირუს მაზრაში, განსაკუთრებით ნარვაში, სადაც მოსახლეობის თითქმის 97% რუსულენოვანია. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, 2023 წლის მონაცემებით, ესტონეთში ცხოვრობდა 83 507 რუსეთის მოქალაქე, რომელთაგან 73 772-ს ჰქონდა გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა. ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ისტორიულად საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა.
კირილესა და რუსეთის საპატრიარქოს პოზიცია
რუსეთის პატრიარქმა კირილემ მკაცრად გააკრიტიკა ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვას. პატრიარქის განცხადებით, ეს ქმედება წარმოადგენს რელიგიური თავისუფლების უხეშ დარღვევას და ეთნიკური რუსების დისკრიმინაციას.
მისი თქმით, ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შემცირებას ქვეყანაში და ეთნიკური რუსების მარგინალიზაციას. პატრიარქმა კირილემ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს და დაიცვას რელიგიური თავისუფლების პრინციპები.
ეს განცხადება კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას ესტონეთსა და რუსეთს შორის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, რომელშიც რელიგიური და ეთნიკური საკითხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის ფორმალური პოზიციით, ის არ მონაწილეობს ესტონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. 2025 წლის აპრილში წმინდა სინოდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეკლესია არ არის ჩართული პოლიტიკაში და არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს.
თუმცა ესტონეთის ხელისუფლება და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება გამოყენებულ იქნას კრემლის გავლენის გასავრცელებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში. განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ესტონეთში გაიზარდა შეშფოთება ეკლესიის შესაძლო პოლიტიკური გამოყენების შესახებ. ესტონეთის ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს მისი გავლენა, რაც იწვევს დაძაბულობას რელიგიური თავისუფლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის.
ფორუმი