Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პრორუსული ეკლესიის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზია სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა


უკრაინის უშიშროების თანამშრომლები კიევ-პეჩერის ლავრაში. 22 ნოემბერი, 2022 წელი
უკრაინის უშიშროების თანამშრომლები კიევ-პეჩერის ლავრაში. 22 ნოემბერი, 2022 წელი

20 აგვისტოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მეორე წაკითხვით, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიიღო რუსეთთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონი.

დოკუმენტი, რომელსაც მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა, სახელმწიფო ორგანოებს უკრაინაში მოქმედი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) საქმიანობის აკრძალვის საშუალებას აძლევს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ), რომელიც ადრე მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, სიტყვიერად რუსეთის ეკლესიას გამოეყო, მაგრამ ოფიციალურად ავტოკეფალია არ გამოუცხადებია და, როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, არც მოსკოვთან გაუწყვეტია კავშირები.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ვერხოვნა რადის მიერ კანონის მიღებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა "ძირფესვიანად ანადგურებს ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას" და "კვაზიმართლმადიდებელ ეკლესიას" ქმნის.

"ამზადებდა დარტყმას ხარკოვში მდებარე უკრაინის არმიის ეშელონზე"

პრორუსული ეკლესიის მართლმადიდებელი მოძღვრებისა და იერარქების წინააღმდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურში 70-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოსკოვის მხარდაჭერისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით.

1 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურის (სბუ) თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) მღვდელი. სამართალდამცველთა ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი აღმოჩნდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც მიღებული დავალებით ამზადებდა თავდასხმას ხარკოვის ოლქში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ეშელონზე.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრეს უკრაინის უშიშროებაში, დაკავებული სასულიერო პირი აღმოჩნდა პრორუსული მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) ხარკოვის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომამდე გადაიბირეს.

გამოძიების თანახმად, სასულიერო პირს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტატიანი თანამშრომლის მითითებით, ხარკოვის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო ძალების კუთვნილი სამხედრო ეშელონების გადაადგილების გრაფიკისა და მარშრუტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა. ამ ამოცანის შესასრულებლად მართლმადიდებელმა მოძღვარმა საქმეში ჩააბა თავისი ერთ-ერთი ნაცნობი მამაკაცი, რომელიც უკრაინის რკინიგზის („უკრზალიზნიცა“) ადგილობრივ ფილიალში მუშაობდა.

სამართალდამცველთა თანახმად, სწორედ ამ მოხელემ მისცა სასულიერო პირს დაშვება მისთვის საჭირო ინფორმაციაზე, რომელიც მღვდელს თავისი კურატორისათვის მესენჯერის ანონიმური ჩათის საშუალებით უნდა გადაეგზავნა.

„კონსპირაციისათვის ისინი იყენებდნენ ციფრულ სიმბოლოებს, მაგალითად, მიმოწერას იწყებდნენ წინასწარ შეთანხმებულ დროს და წინასწარ შეთანხმებული ე.წ. ღიმილაკების გაგზავნით. და ყოველი კავშირის შემდეგ ფიგურანტები შლიდნენ მიმოწერას“, - იუწყებოდა უკრაინის უშიშროების სამსახური.

ჩხრეკის დროს მათგან ამოიღეს მობილური ტელეფონები და SIM ბარათები სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის მტკიცებულებებით.

უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა მანამდეც არაერთხელ განაცხადეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების ეჭვმიტანილად ცნობისა და მათი დაკავების შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის თქმით, აპრილის მეორე ნახევრიდან სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) 61 სასულიერო პირის წინააღმდეგ, ხოლო სასამართლოებმა უკვე გამოიტანეს შვიდი განაჩენი ზოგიერთი იმ სასულიერო პირის მიმართ, რომლებიც, მალიუკის თქმით, "მტრის მხარეზე გადავიდნენ."

ლიტურგიის დროს გაცემული უკრაინის არმიის ბლოკ-საგუშაგოების ადგილმდებარეობა

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 2024 წლის 23 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ეჭვმიტანილად ცნო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) სვიატოგორსკის ლავრის მიტროპოლიტი არსენი (იგორ იაკოვენკო).
უკრაინის უშიშროება ამტკიცებს, რომ სასულიერო პირმა შეფარულად მიაწოდა რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი სამხედრო ხასიათის ინფორმაცია.

ერთ-ერთი ლიტურგიის დროს ეჭვმიტანილმა მიტროპოლიტმა ვიდეოკამერის წინ დეტალურად ჩამოთვალა დონბასის რაიონში, ქალაქ კრამატროსკში მდებარე უკრაინის არმიის ბლოკ-საგუშაგოების ზუსტი ადგილმდებარეობა. მგრძნობიარე ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერი კი ლავრის ადგილობრივი ტელეგრამის არხზე აატვირთვინა.

სბუ-მ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) მიტროპოლიტი არსენი უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებაში ცნო ბრალდებულად. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, ასევე 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) ჩერკასკის ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარს, პიოტრ ტარანენკოს, რომელიც წირვის დროს ამართლებდა რუსეთის მასშტაბურ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

შარშან შემოდგომიდან უკრაინის უშიშროების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ (МП)) კუთვნილ ობიექტებში. სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, სამართალდამცავებმა ეკლესიებში აღმოაჩინეს "დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა", ხოლო ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელობაში რუსეთის მოქალაქეობის მქონე არაერთი სასულიერო პირი გამოვლინდა.

ამ ფონზე უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ (МП)) მოუწოდა ხელისუფლებას, რომ "არ გადაეზარდა ეს შიდა დაპირისპირება კონფლიქტში", ხოლო ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდლის კოლაბორაციონიზმში დადანაშაულებას "დაუდასტურებელი და უსაფუძვლო" უწოდა.

მაგრამ უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს დესტრუქციული სასულიერო პირების და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მყოფი აგენტურის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი ქმედებების შეჩერებას.

მიტროპოლიტ პავლეს საქმე

2023 წლის იანვარში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, პავლეს (ერისკაცობაში პიოტრ ლებედი) წინააღმდეგ. მას ბრალად ედება "მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რელიგიური მრწამსის გაუთვალისწინებლად."

ერთ-ერთი ქადაგებისას მან განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოაწყო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა და "ნამდვილი დემონი“ უწოდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ფილარეტს.

მიტროპოლიტი პავლე, რომელსაც ბრალად ედება რელიგიური შუღლის გაღვივება და უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარყოფა, პირველად 2023 წლის 1 აპრილს გაგზავნეს, სულ მცირე, ორთვიან შინაპატიმრობაში, უშიშროების სამსახურის მიერ მის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ.

კიევის ერთ-ერთმა სასამართლომ 29 მაისს მას, სულ მცირე, 1 ივლისამდე გაუგრძელა წინასწარი შინაპატიმრობა.

უფრო ადრე, 2023 წლის 29 მარტს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ჯვრის ამაღლების ეკლესიაში უკრაინულმა (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაატარა თავისი ბოლო ღვთისმსახურება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესია დაავალდებულა, დაეტოვებინა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორია და შენობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადებულმა კიევ- პეჩერის ლავრამ უარი თქვა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისთვის გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება.

უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მომხრეები უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესიას აბრალებენ მოსკოვთან კავშირებს და მიანიშნებენ იმაზე, რომ მან კი გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის შესახებ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მაგრამ ეს არ გაფორმებულა იურიდიულად, მას არ მიუღია ავტოკეფალია და არც მოუთხოვია ის.

უკრაინაში გასული წლის ბოლოს ჩატარებული კვლევების თანახმად, უკრაინელთა ნახევარზე მეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) აკრძალვას ემხრობა, რადგან მას რუსეთის მოკავშირედ თვლის.

როგორ იმუშავებს კანონი?

ამ ფონზე 2023 წლის იანვარში ვერხოვნა რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი ოქტომბერში პირველი მოსმენით მიიღეს. ხოლო 2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინელმა კანონმდებლებმა დოკუმენტი მეორე მოსმენით მიიღეს ხმათა უდიდესი უმრავლესობით.

უკრაინელ სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თანახმად, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 265-მა დეპუტატმა, მოწინააღმდეგე იყო 29.

ვარაუდობენ, რომ კანონი ძალაში შევა მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მრევლს ცხრა თვე ეძლევა "რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გასაწყვეტად." კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აკრძალულია.

კანონი განსაზღვრავს, კონკრეტულად რას გულისხმობს "რუსეთთან კავშირები". ასევე დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც უკრაინაში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავადვე უნდა თქვან უარი ამ კავშირებზე. ამას გარდა, სახელმწიფო ორგანოები იღებენ უფლებამოსილებას, იმუშაონ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებმაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს კანონის მოთხოვნების შესრულება.

კანონის თანახმად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უკრაინის სასამართლოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ეკლესიათა აკრძალვის შესახებ.

ამასთან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ) არის არა ერთი იურიდიული პირი, არამედ შედგება ცალკეული ეპარქიებისა და სამრევლოებისგან, სულ დაახლოებით 9 ათასი იურიდიული პირისგან და თითოეული მათგანისთვის სასამართლოსთვის ცალკე მიმართვა უნდა გაკეთდეს.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ვარაუდობს, შესაბამისად თითოეული პრორუსული ეკლესიის სასამართლო საქმის განხილვა და განაჩენის მიღება შესაძლოა ერთი წელიც გაგრძელდეს.

20 აგვისტოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის საპატრიარქოში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ, განაცხადა, რომ უკრაინული კანონი არღვევს სინდისის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს.

"ეს ნაბიჯი ქმნის იმ კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების სრული ლიკვიდაციის სამართლებრივ საფუძველს, რომლებიც უკრაინელთა უმრავლესობას აერთიანებს. ამ გადაწყვეტილების განხორციელება მილიონობით მორწმუნეზე მასობრივი ძალადობის აქტებს გამოიწვევს", - წერს ტელეგრამის არხში ლეგოიდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG