Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა


რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისა და სხვა ბრალდებების გამო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ მის კრიტიკასთან არის კავშირში. სასამართლო პროცესისა და განაჩენის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.

კარა-მურზას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მარტში დაიწყო დახურულ რეჟიმში, ვინაიდან მასალები გასაიდუმლოებულია.

კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და დაუფარავად აკრიტიკებს სასამართლო პროცესს.

10 აპრილს კარა-მურზა უკანასკნელი სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა: „ხელს ვაწერ ყოველ სიტყვას, რომელიც ვთქვი“. „არათუ არაფერს ვინანიებ, ვამაყობ ამით“.

ამავე დროს მან გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

მან რუსეთში შექმნილ სამართლებრივ ვითარებას უწოდა XX საუკუნის 30-იანი წლების მსგავსი.

კარა-მურზამ საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი. პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავაც სწამს ქვეყნისა და მისი ხალხის.

კარა-მურზა ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას, რომელიც დისიდენტების წინააღმდეგ არის მიმართული.

41 წლის კარა-მურზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთის დარწმუნებაში, რომ რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციები დაეწესებინათ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის.

6 აპრილს ბრალდების მხარემ კარა-მურზასთვის 25 წლით პატიმრობა მოითხოვა. ეს უფრო მეტია სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადაზე, მაგრამ ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა პოლიტიკოსისთვის წაყენებული სხვა ბრალდებების გამო.

კარა-მურზა გაასამართლა მოსამართლე სერგეი პოგოპრიგოროვმა, რომელიც აშშ-ის მიერ შეყვანილია ე.წ. „მაგნიტსკის სიაში“. ვლადიმირ კარა-მურზა აქტიურად ლობირებდა „მაგნიტსკის სიის“ მიღებას. სწორედ ამ სიის შედგენაში მონაწილეობა შედის ოპოზიციონერის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორის.

ვლადიმირ კარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან იმყოფება წინასწარი დაკავების საკანში. მარტის დამდეგს სასამართლომ მას პატიმრობა კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელა. პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული: სახელმწიფო ღალატისთვის, „ფეიკებისთვის“ და არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის ხეშეწყობისთვის.

XS
SM
MD
LG