Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროპის ქვეყნები გააფრთხილეს, მონაწილეობა არ მიიღონ მოსკოვში, 9 მაისის აღლუმში

ევროპის ქვეყნები გააფრთხილეს, მონაწილეობა არ მიიღონ მოსკოვში, 9 მაისის აღლუმში


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი

ევროკავშირმა წევრი და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნები გააფრთხილა, რომ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმსა და სხვა ღონისძიებებში.

ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დაადასტურა 14 აპრილს, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ლუქსემბურგში იმყოფებოდნენ დასავლეთ ბალკანეთიდან კანდიდატი ქვეყნების მინისტრებიც.

კალასის ინფორმაციით, მკაფიოდ ითქვა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინის მხარდასაჭერად რაც შეიძლება ხშირად ჩავიდნენ კიევში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არიან სერბეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები.

სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ პუტინმა 9 მაისს მოსკოვში მიიწვია და ეს მიწვევა „სიხარულით მიიღო“.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 14 აპრილს ლუქსემბურგში შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 9 მაისს უკრაინაში მიიწვია და მოუწოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი აგრესიის ფონზე ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენონ.

DW-ს ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ უკრაინის მიწვევას უწოდა შესანიშნავი იდეა და შესაძლებლობა, აჩვენონ, რომ ამ დღეს ევროპა უკრაინის გვერდით დგას და არა მოსკოვში, პუტინის მხარეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG