საჭიროა ლიცენზია
ახალი კანონის თანახმად, პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანა, გატანა, წარმოება და გაყიდვა მხოლოდ იმას შეეძლება, ვისაც ლიცენზია აქვს. თუ ლიცენზია არა გაქვს, 5 000 ლარით დაჯარიმდები, თან შეიძლება პიროტექნიკაც ჩამოგართვან.
თუ ლიცენზია გაქვს, მაგრამ ამ ლიცენზიის წესებს არღვევ, ჯარიმა 2000 ლარია.
თუ პიროტექნიკას ისეთი ადამიანი ან კომპანია შეიძენს, რომელსაც შეძენის უფლება არა აქვს, 1000 ლარით დაჯარიმდება.
ვინ გასცემს ლიცენზიას?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება - რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
ვისზე ვრცელდება კანონი?
ეს წესები ვრცელდება როგორც კომერციული, ისე პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ პიროტექნიკაზე.
ლიცენზია ყველანაირ პიროტექნიკას სჭირდება?
ლიცენზია არ სჭირდება იმ პიროტექნიკის გაყიდვას, რომელიც არ ფეთქდება - ეს არის F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკული ნაწარმი, მაგალითად, ბენგალური სანთელი და შუშხუნა. ასევე - P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკაც.
მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვაც
F1 კატეგორიის პიროტექნიკის შესაძენად, სულ მცირე, 16 წლის უნდა იყოთ. F1 კატეგორიის ფეიერვერკის ხმაურის დონე არ აღემატება 120 დბ-ს 1 მეტრის მანძილზე. ის შეიძლება დახურულ სივრცეშიც ისროლო.
F2, F3, F4, T1, T2, P1, P2 კატეგორიის შეძენა მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ 18 წლის ხართ. თან მხოლოდ მაშინ, თუ გაქვთ სერტიფიკატი ან გაყიდვაზე ლიცენზია. ამ კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება (გარდა P1 ქვეკატეგორიისა) მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
არის ვინმე, ვისაც არ სჭირდება ლიცენზია?
კი - სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც აკონტროლებენ თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროებს ან, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ფეიერვერკებს ყიდულობენ ოფიციალური დღესასწაულებისთვის.
რა არის აკრძალული?
აკრძალულია დასახლებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.
დღესასწაულებზეც აკრძალულია?
დღესასწაულებზე შეიძლება:
- ახალ წელს - 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე.
- „ძველით ახალ წელს“ - 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე.
- 9 აპრილს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
- 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს.
ისევ და ისევ, შეზღუდვები არ ეხება სახელმწიფო სტრუქტურებს.
აქციებზე პიროტექნიკის სროლა შეიძლება?
არა, არ შეიძლება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ არა მარტო პიროტექნიკის, არამედ ლაზერის გამოყენება და ალკოჰოლური სასმელებიც.
თუკი პოლიციამ აქციის მონაწილეს პიროტექნიკა აღმოუჩინა, მას 5000 ლარით დააჯარიმებენ ან სულაც 15 დღით დააპატიმრებენ.
პიროტექნიკასთან დაკავშირებით ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და ის ხალხის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა. პიროტექნიკამ ხელისუფლებისა და კანონმდებლების ყურადღება მიიქცია ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა და რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი გამოსვლები მოჰყვა.
ფორუმი