Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი, რამდენი ფოიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია


ფოტოილუსტრაცია: ლუკა ძიძიგური 1 დეკემბერს რუსთაველზე დასა და დის მეგობართან ერთად იყო, როცა სპეცრაზმელებმა დააკავეს
ფოტოილუსტრაცია: ლუკა ძიძიგური 1 დეკემბერს რუსთაველზე დასა და დის მეგობართან ერთად იყო, როცა სპეცრაზმელებმა დააკავეს

4 დეკემბრისთვის პროევროპულ აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული - მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა.

რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ლუკა ძიძიგური 1 დეკემბერს, გამთენიისას, 6 საათიდან 7 საათამდე რუსთაველის გამზირზე დააკავეს

ახალგაზრდა კაცი საპროტესტო აქციაზე დასა და მის მეგობართან ერთად იყო და უკვე სახლში წასვლას აპირებდა, როცა პოლიციამ კიდევ ერთხელ გაუშვა ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტების დასაშლელად.

ახალგაზრდებმა თავი ეზოს შეაფარეს, სადაც 15-20 წუთს გაჩერდნენ, სანამ კვამლი გაიფანტა. ამის შემდეგ მათ ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები ზურგჩანთებში ჩაილაგეს და კვლავ რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

"რობოკოპები კი იდგნენ, მაგრამ ჩვეულებრივად გამოგვატარეს, ჩვენც სახლში მივდიოდით. 20-30 მეტრი გვქონდა გამოვლილი, როცა მივხვდი, რომ ვიღაც მოგვდევდა. მალევე დამიჭირეს უკნიდან ორმა ადამიანმა. წინააღმდეგობას აზრი არ ქონდა, მარტო ის ვკითხე, რატომ მიჭერთ, სახლში მივდივარ-თქო. უნდა გადავამოწმოთ, აქციაზე იყავი თუ არაო და წამათრიეს.

ვინც დამაკავა, ახალგაზრდები იყვნენ. მერე მოვიდა ერთი შედარებით ხნიერი კაცი, რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი, რამდენი ფოიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო, დამცინავი ტონით მელაპარაკებოდა.

ვუთხარი, რომ პირველად გამოვედი და ისიც ჩემი დის გამოსაყვანად. იქით მოყევი მაგ ზღაპრებს, გიყურებთ, ვიცით რეებს აკეთებთო, მითხრეს და მივხვდი, რომ აზრი აღარ ქონდა ლაპარაკს.

უცბად გვერდიდან ჩოჩქოლი მომესმა, ვიღაც კაცი ქუჩაში მოსიარულე ქალებს აგინებდა და იძახდა, ესენი დასაკავებლები არიანო. უცბად მე დამინახა, წამოვიდა ჩემსკენ, თავზე ქუდი მეფარა, ის ბოლომდე ჩამომაფხატა სახეზე და ასე ქუდჩამოფარებულს კბილებში მომარტყა მუშტი. ტუჩი გამისკდა, პირი სისხლით ამევსო.

მერე ჩანთის ჩხრეკა დაიწყეს, შპრიცი და ფიზიოლოგიური მედო, გამოსაცვლელი შარვალი და დასალევი წყლის ბოთლი. ეს შპრიცი რომ ნახეს, ნარკომანი ხომ არ ხარო. მერე წყლის ბოთლის გახსნის ხმა გავიგონე და უცბად კისერში ჩამასხეს, აჰა, გაცივდი ბარემო. მეორემ უთხრა, წინაც ჩაასხი, უფრო ესიამოვნებაო... ორლიტრიანი ბოთლი ჩამაცალეს", - ჰყვება ლუკა. სანამ სპეცრაზმი ლუკას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადააბარებდა, კიდევ რამდენჯერმე სცემეს.

"მუშტებს რომ მირტყამდნენ, იმ შედარებით ხნიერმა კაცმა დაუწყო ახალგაზრდებს გინება, დაწყნარდით, რას აკეთებთო და სანამ მე ვიფიქრე, რომ გამომექომაგა, უთხრა, აქ თუ დასარტყამია, მე დავარტყამ, ხომ იცით, ყველაზე კარგად მე ვურტყამო და უცბად კეფაში ისე დამარტყა, რომ ფეხებში ძალა დავკარგე, ფაქტობრივად გავითიშე.

რომ დაინახეს, ვეცემოდი, ადექიო მითხრეს და ფეხი ჩამარტყეს წელში. მთელი ეს პერიოდი ქუდი მეფარა სახეზე და ვერაფერს ვერ ვხედავდი. რომ მიხვდნენ, რომ ვერ ვდგებოდი, გადაიყვანეთო, თქვეს, ჩამსვეს რაღაც მანქანაში, სადაც პირველი რამდენიმე წუთი ისევ ქუდი მქონდა ჩამოფარებული და ვერაფერს ვხედავდი.

დიღმის სამმართველოში მიმიყვანეს. იქ ერთი ბიჭი ისეთი ნაცემი იყო, სახე არ უჩანდა, მგონი საბა ერქვა, ეგრევე კლინიკაში გადაიყვანეს. ორივე თვალი დახუჭული ქონდა, საერთოდ ვერ იხედებოდა", - იხსენებს ლუკა. დიღმის სამმართველოში ოქმის შედგენისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ადვოკატი ამ ეტაპზე დიდად არ სჭირდებოდა, სასამართლოში გადაყვანამდე მაინც ვერაფერში დაეხმარებოდა. იქვე ჰკითხეს, რატომ ჰქონდა ცარიელი ზურგჩანთა. როცა უთხრა, რომ ნივთები სპეცრაზმელებმა გადმოუყარეს, უთხრეს, გასაგებია, რომ ამოგივარდა რაღაცეები აქციაზეო.

იმის გამო, რომ თბილისსა და მის შემოგარენში წინასწარი დაკავების იზოლატორები გადავსებულია აქციაზე დაკავებულებით, რომლებსაც, როგორც წესი, 48 საათით ტოვებენ, ლუკა ზესტაფონში გადაიყვანეს.

"ზესტაფონში მალე ჩავედით, მაგრამ დაახლოებით 6 საათი ვიჯექით მანქანაში იმიტომ, რომ იზოლატორში ადგილი არ იყო. მე სულ სველი ვიყავი, ზოგი დასისხლიანებული იყო, ზოგს ტანსაცმელი ქონდა შემოხეული, ყველა ნაცემები ვიყავით", - გვიყვება ლუკა და ამატებს, რომ საკანში გატარებული დღეების განმავლობაში ყველაზე სასიამოვნო, იზოლატორთან დაკავებულების მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეების ხმების გაგონება იყო.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფოიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ლუკა ნათია ძიძიგურის დაა - ნათია აქტიურადაა ჩართული საპროტესტო აქციებში. 19 ნოემბერს, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას დაკავების შემდეგ ნათიამ ღიად ილაპარაკა პოლიციელის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე.

თბილისსა და საქართველოში პროევროპული დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG