Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გახარიას თქმით, წულუკიანი და სხვები ემხრობოდნენ მელიას დაკავების გადავადებას, ივანიშვილის ჩარევის შემდეგ კი აზრი შეიცვალეს

გახარიას თქმით, წულუკიანი და სხვები ემხრობოდნენ მელიას დაკავების გადავადებას, ივანიშვილის ჩარევის შემდეგ კი აზრი შეიცვალეს


„ოცნების“კომისიაზე გახარიას გამოკითხვის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს „ქართული ოცნების“ ჩატიდან „სქრინებს“.
„ოცნების“კომისიაზე გახარიას გამოკითხვის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს „ქართული ოცნების“ ჩატიდან „სქრინებს“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში ყოფნისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავების გადადებას თავდაპირველად თეა წულუკიანი და სხვა ლიდერები ეთანხმებოდნენ.

თუმცა, გიორგი გახარიას თქმით, როგორც ჩანს, „უჩინარი კაცი“, - ბიძინა ივანიშვილი, - „ჩაერთო პროცესების მართვაში“: „თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი, ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა“.

14 აპრილის საღამოს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა „სქრინები“ პლატფორმა Whatsapp-ის მიმოწერიდან, ჩატიდან, რომელშიც, ტელეარხის ცნობით, ასახულია მაშინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას დასაბუთება და პოლიტსაბჭოს წევრების გამოხმაურებები.

ამ „სქრინების“ მიხედვით, 2021 წლის 17 თებერვალს, 23:59 საათზე - გადადგომის წინა საღამოს, - გიორგი გახარია ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ დაკავება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.

„სქრინების“ თანახმად, გახარია მელიას ამ პირობებში დაკავებას მიიჩნევს „უკიდურესად არაგონივრულად“ და „გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებლად“, რადგან:

  • „პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება“;
  • „ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება“;
  • „ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოჰყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია“;
  • „დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში, მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც დღეს ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია“ და ა.შ..
"სქრინშოტი" „პოლიტსაბჭოს“ ჩატიდან. წყარო: "ფორმულა"
"სქრინშოტი" „პოლიტსაბჭოს“ ჩატიდან. წყარო: "ფორმულა"

„სქრინებში“ ჩანს, რომ ამ წერილზე პასუხად თეა წულუკიანი წერს: „სრულად ვიზიარებ“.

აქვე ჩანს სხვა პოლიტიკოსების, პოლიტსაბჭოს წევრების სავარაუდო გამოხმაურებები:

  • სოზარ სუბარი: „100% ასეა! ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს“;
  • წულუკიანი, სავარაუდოდ, ხუმრობით: „იუსტიციის მინისტრს შეუძლია ბრძანება და მაგ ოფისს მიანიჭოს პენიტენციური დაწესებულების ნომერი“;
  • პარლამენტარი ნიკა სამხარაძე: „სრულად ვეთანხმები“.
  • აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე: „აბსოლიტურად“ [სტილი დაცულია].
"სქრინშოტი" „პოლიტსაბჭოს“ ჩატიდან. წყარო: "ფორმულა"
"სქრინშოტი" „პოლიტსაბჭოს“ ჩატიდან. წყარო: "ფორმულა"
"სქრინშოტი" „პოლიტსაბჭოს“ ჩატიდან. წყარო: "ფორმულა"
"სქრინშოტი" „პოლიტსაბჭოს“ ჩატიდან. წყარო: "ფორმულა"

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ პრესცენტრს კითხვით, ადასტურებს თუ არა გიორგი გახარია ამ ჩანაწერების ავთენტიკურობას, რაზეც პარტიიდან მოგვწერეს:

„გიორგი გახარიას ეგ ჩატები დიდი ხანია წაშლილი აქვს და ვერ გადაამოწმებს“.

პარტიაში შინაარსის დადასტურებასთან დასმულ კითხვაზე აღარ უპასუხიათ. ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ „ქართულ ოცნებაში“.

გიორგი გახარიამ დღეს „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებით ის გაახსენა თეა წულუკიანს, რაც ამ ჩატშიც ჩანს:

„ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და მიგაჩნდათ, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა“, - უთხრა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს 14 აპრილს.

„თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, „უჩინარი კაცი“, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი. ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG