ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე, რომელიც 12 საათისათვის იყო დანიშნული, ის სოხუმის სანაპიროზე მასპინძლობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს. წინა დღეს, ასევე ბადრა გუნბასთან ერთად მან მოინახულა აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზა და იქ მშენებარე სკოლა სპორტულ კომპლექსთან ერთად.
პუტინის თაფლაკვერები
სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლის ზედამხედველობაც ჩააბარეს, ხელცარიელი არ ჩასულა. საქმე ისაა, რომ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უმარტივებს რუსული მართვის მოწმობების მიღებას აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსული პასპორტები ან ბინადრობის ნებართვა აქვთ. ეს ის საკითხია, რომელიც გუნბამ პუტინთან კრემლში შეხვედრისას წამოჭრა.
სერგეი კირიენკოს თქმით, ვლადიმირ პუტინმა ასევე მოაწერა ხელი ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც აფხაზ პენსიონერებს, რომლებიც რუსულ პენსიას იღებენ, 1 ივლისამდე გადაუვადდებათ ფულის ძველი წესით მიღებაც.
"აფხაზმა პენსიონერებმა სამი თვის განმავლობაში უნდა მოასწრონ "მირ"-ის საბანკო ბარათების გაფორმება", - დასძინა კირიენკომ, რომლის თქმითაც, პროცესში მონაწილეობენ აფხაზეთის ცენტრალური ბანკი, აფხაზეთის სბერბანკი და რუსული პრომსვიაზბანკი, რომლებმაც გახსნეს განყოფილებები სოხუმსა და სხვა ქალაქებში. პუტინის ბრძანებულებამდე, რუსული საბანკო ბარათების აღების ვადა 19 მაისს იწურებოდა.
1 მაისიდან სოხუმის აეროპორტიდან რუსეთისკენ უნდა დაიწყოს რეგულარული ავიარეისებიც.
ბადრა გუნბამ და სერგეი კირიენკომ ისიც განიხილეს, თუ რა პერსპექტივები აქვს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობას.
ინაუგურაცია ხმლითა და ალაბაშჩათი
ბადრა გუნბას ინაუგურაცია გაიმართა სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსის დიდ დარბაზში. ცერემონიას ესწრებოდნენ ე.წ. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ცესკოს წევრები, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პეტრე ტოლსტოი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი, რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი. საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვიეს რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, ნიკარაგუისა და ვენესუელის ელჩებიც.
სტუმრებს შორის ასევე იყვნენ დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა, რომელიც ბადრა გუნბასთან დამარცხდა მეორე ტურში.
ინაუგურაციის ცერემონია შესავალი სიტყვით გახსნა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ, რომლის შემდეგაც ბადრა გუნბამ ხელი დაადო დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას და აფხაზურ ენაზე წარმოთქვა ხალხის ერთგულების ფიცი:
„ვფიცავ აფხაზეთის მთელი მრავალეროვანი ხალხის წინაშე, რომ ჩემს ცოდნასა და ძალას მოვახმარ მის კეთილდღეობას, მშვიდობასა და სიმშვიდეს. ჩემს საქმიანობაში მკაცრად დავიცავ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვიქნები ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მისი უპირობო შესრულების, რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი. დაე, დამატყდეს თავს ხალხის რისხვა, თუ მე გადავუხვევ ამ წმინდა მოვალეობიდან".
ფიცის დადების შემდეგ ლაშა აშუბამ ახალ პრეზიდენტს გადასცა ძალაუფლების ატრიბუტები: შტანდარტი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებიანი ბეჭედი წარწერით "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი", ხმალი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს პრეზიდენტის როლს, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა; კვერთხი „ალაბაშჩა“ - როგორც სახელმწიფო სიბრძნის სიმბოლო.
ბადრა გუნბამ წარმოთქვა მოკლე პროგრამული სიტყვაც, რომელიც გაჯერებული იყო ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის ერთგულებითა და რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სულისკვეთებით.
„აფხაზეთის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა, რომელსაც იზიარებს აფხაზეთის ყველა მოქალაქე. მსოფლიოსა და მათ შორის კავკასიაში საერთაშორისო დაძაბულობის ზრდის პირობებში, სუვერენიტეტის შენარჩუნების კურსი სულ უფრო და უფრო რთული ხდება. საბედნიეროდ ამ გზაზე ჩვენ გვყავს მეგობრები და მოკავშირეები.
ცნო რა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტური ვალდებულება.
აფხაზეთის ხალხი მადლიერია რუსეთის ხელმძღვანელობის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იღებს აფხაზეთი და ყველაზე მთავარი - აფხაზი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნების განხორციელებისთვის - ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის", - განაცხადა ბადრა გუნბამ, რომელმაც თავის გამოსვლაში ასევე ახსენა აფხაზეთის ე.წ. პირველი და მეორე პრეზიდენტები, ვლადისლავ არძინბა და სერგეი ბაგაფში:
"2025 წელი გამოცხადებულია პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას წლად. როგორც დღევანდელი, ასევე მომავალი თაობები წმინდად დაიცავენ თანამედროვე აფხაზური სახელმწიფოს დამფუძნებლის ხსოვნას და გაჰყვებიან იმ იდეებს, რომლებსაც მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება - განუყოფლადაა დაკავშირებული მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაგაფშის სახელთან“.
ბადრა გუნბამ თავის გამოსვლა კვლავ რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრით დაასრულა:
„აფხაზეთი სრულად თავისი სტრატეგიული მოკავშირის მხარესაა, აფხაზი მებრძოლები მხარდამხარ იბრძვიან თავიანთ რუს ძმებთან ერთად სპეცოპერაციის ფრონტებზე. რუსეთი იბრძვის სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის. ეჭვი არ არის, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება".
სერგეი კირიენკო: რუსი და აფხაზი გმირები VS ქართველი ნეონაცისტები
სერგეი კირიენკომ ბადრა გუნბასა და ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეებს ვლადიმირ პუტინის მისალოცი ტექსტი გააცნო:
"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები ვითარდება მეგობრობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით. რუსეთისა და აფხაზეთის ძმურ ხალხებს საერთო ისტორია აკავშირებთ. ჩვენს საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდ სამამულო ომში აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის წვლილს. მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას რუსები და აფხაზები პატივს მიაგებენ გამარჯვებულთა გმირულ თაობას“.
როგორც მილოცვის ტექსტიდან გაირკვა, პუტინმა ბადრა გუნბა მოსკოვში მიიწვია 9 მაისს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად.
პუტინის მისალოცი წერილის წაკითხვის შემდეგ, სერეგი კირიენკომ თავის მოკლე სიტყვაში რუსები და აფხაზები თავისუფლებისათვის მებრძოლ ძმებად გამოიყვანა, ქართველები კი - ნეონაცისტებად. მისი თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს აერთიანებთ აფხაზი და რუსი ერების გმირი შვილები, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
„1992-93 წლებში აფხაზეთი ალბათ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი იყო, ვინც რეალურად შეეჯახა ნეონაციზმს. ჯერ კიდევ მაშინ ნაცისტური ქვედანაყოფები, რომლებიც ახლა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, განადგურებას უპირებდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
რუსეთიდან ჩამოსული მოხალისეები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს აფხაზეთს, რა თქვა უნდა, რუსეთის შვილები არიან და ჩვენ ვამაყობთ მათით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ამაყობთ. ისევე როგორც მრავალეროვნული აფხაზეთის 53 გმირმა თავი გასწირა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას. ჩვენ გვესმის, რომ აფხაზი ხალხისთვის 53 შვილის სიცოცხლე - ეს ძალიან დიდი დანაკარგია", - თქვა სერგეი კირიენკომ, რომელმაც ინაუგურაციის დასრულების შემდეგაც გააკეთა კომენტარი:
„მთავარი გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების მშენებლობაა. უკვე გამოკვეთილია პრიორიტეტები, რომელთა შესახებაც დილიდან მოვასწარით საუბარი ბადრა ზურაბის ძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან“.
სერგეი კირიენკოს თქმით, რუსეთს ბელარუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობის ფარგლებში პარტნიორული ურთიერთობების კარგი გამოცდილება დაუგროვდა, რასაც, მისი თქმით, მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს აფხაზეთთან დაახლოების, სტრატეგიული პარტნიორობის მშენებლობის პროცესში.
აფხაზეთი - ჩასაძირად განწირული „თავისუფლების კუნძული“
ინაუგურაციამდე ორიოდე დღით ადრე რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ეთერში სოხუმის უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ განაცხადა, რომ, კრემლის შეცვლილი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი აპირებს თავისუფალი მოქმედების სივრცის ბოლომდე შეზღუდვას და ეს პროცესი არ შეიცვლება ახალი ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ:
„ეს არის ამ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვის შიში, არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. კრემლში ახლა არავის სჭირდება ისეთი "თავისუფლების კუნძულები", როგორც ბოლო დროს აფხაზეთში იყო. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყველაფრისათვის თავისი ადგილის მიჩენის შესახებ.
ყველამ კარგად ვიცით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მოქმედი პრეზიდენტი არის აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბჟანიას გაგრძელება. მნიშვნელობა არ აქვს, რა ჰქვია მას. ის წარმოადგენს იმ გენერალურ ხაზს, რომელიც ბოლო წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ტარდებოდა... არ მინდა ისეთი ხმამაღალი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა "საოკუპაციო რეჟიმი" და ა.შ., მაგრამ რეალურად ეს არის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გაგრძელება აფხაზეთის ტერიტორიაზე“.
ლევან გერაძის თქმით, ყველა წინა ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის გარკვეული წრეების წარმომადგენელი იყო, უბრალოდ ახლა ყველაფერი კრისტალდება იმის გამო, რაც რეგიონში ხდება.
„ვგულისხმობ არა მხოლოდ ომს უკრაინაში, არამედ ყარაბაღის კონფლიქტის განახლებას, რამაც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანა. სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმჯობესია არ გარისკონ, უმჯობესია სიტუაცია არ გაუშვან კონტროლიდან. რატომ გარისკონ? ურჩევნიათ ასე გააკონტროლონ“, - ამბობს ლევან გერაძე. .
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა და პარლამენტი მალე დაუბრუნდება ყველა იმ კანონპროექტის მიღების საკითხს, რომლებიც რუსეთის ზეწოლით იქნა ინიციირებული და რაც გახდა კიდეც 2024 წლის ნოემბერში ჯერ სახალხო მღელვარების, შემდეგ კი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგმის მიზეზი.
დე ფაქტო აფხაზეთის ყველა ე.წ. პრეზიდენტი და მათი ინაუგურაცია
ბადრა გუნბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რიგით მეექვსე პრეზიდენტია. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პირველად 1994 წელს გაიმართა.
- ვალადისლავ არძინბა
I ვადა - 1994 წლის 6 დეკემბერი. ვლადისლავ არძინბამ კონსტიტუციაზე ფიცი დადო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შენობაში პარლამენტის წევრების, უზენაესი სასამართლოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების თანდასწრებით.
II ვადა - 1999 წლის 6 დეკემბერი. ვლადისლავ არძინბას ინაუგურაციაზე სტუმრებს შორის იყვნენ კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ნიკოლაი კონდრატენკო, ადიღეის პრეზიდენტი ასლან ჯარიმოვი, ყაბარდო-ბალყარეთის პარლამენტის თავმჯდომარე ზაურბი ნახუშევი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი გენადი ბენოვი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სტანისლავ კესაევი, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი როსტისლავ რიბაკოვი, რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი.
- სერგეი ბაგაფში
I ვადა - 2005 წლის 12 თებერვალი. სტუმრებს შორის იყვნენ დელეგაციები კრასნოდარის მხარიდან გუბერნატორ ალექსანდრე ტკაჩოვის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ოსეთიდან პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ხელმძღვანელობით, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან პრეზიდენტ მუსტაფა ბატდიევის ხელმძღვანელობით, ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ნიკოლაი კონდრატენკო, სახელმწიფო დუმის დეპუტატები იგორ როდიონოვი, ზაურბი ნახუშევი, ალექსანდრ კორჟაკოვი, კონსტანტინ ზატულინი.
II ვადა – 2010 წლის 12 თებერვალს სერგეი ბაგაფშმა მეორედ დაიკავა აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობა.
- ალექსანდრ ანქვაბი
I ვადა - 2011 წელს ვადამდელი არჩევნების შემდეგ ალექსანდრე ანქვაბი გახდა აფხაზეთის პრეზიდენტი. ინაუგურაცია გაიმართა 2011 წლის 26 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში. წინა პრეზიდენტის, სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო, გადაწყდა ინაუგურაციის მოკრძალებულად ჩატარება. იშვიათ სტუმრებს შორის იყო რუსეთის ფედერაციის ზედა პალატის სპიკერი ვალენტინა მატვიენკო.
- რაულ ხაჯიმბა
I ვადა - 2014 წელს აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა რაულ ხაჯიმბა. ინაუგურაცია გაიმართა 25 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტის დიდ დარბაზში. სტუმრებს შორის დელეგაციები მოსკოვიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და დნესტრისპირეთიდან.
- ასლან ბჟანია
I ვადა - 2020 წლის მარტში ჩატარდა აფხაზეთის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები. ე.წ. პრეზიდენტად აირჩიეს ასლან ბჟანია. კორონავირუსის პანდემიის გამო ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა სტუმრების გარეშე. ფიცის წარმოთქმის შემდეგ ასლან ბჟანიას გადასცეს საპრეზიდენტო ხელისუფლების სიმბოლოები: შტანდარტი, ბეჭედი, ხმალი და კვერთხი.
ფორუმი