გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის“ ("Важные истории") ცნობით, ამის მიზეზი გახდა ჩეჩნეთის ლიდერის საიდუმლო მოლაპარაკებები არაბულ ქვეყნებთან, რომლებთანაც კადიროვი სავარაუდოდ განიხილავს თავისი ოჯახის უსაფრთხოებისა და აქტივების გადარჩენის გარანტიებს.
„რამზან კადიროვის ახლო აღმოსავლეთის მონარქიებთან მოლაპარაკებების შესახებ ვლადიმირ პუტინს ფსბ-ს (ФСБ - რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) თანამშრომლებმა მოახსენეს“, - წერს „ვაჟნიე ისტორიი“ სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, ჩეჩნეთის ლიდერი ცდილობდა ფედერალური ცენტრისათვის დაემალა თავისი გახშირებული კონტაქტები სხვა სახელმწიფოებთან.
გამოცემის მიხედვით, სავარაუდოდ კრემლის უკმაყოფილების გამოძახილია ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში განხორციელებული საკადრო ცვლილება: 2025 წლის თებერვალში ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა რამზან კადიროვის 26 წლის ქალიშვილმა აიშატმა, რომელიც, ოფიციალური განცხადების თანახმად, ნებაყოფლობითი გადადგა. გარდა ამისა, როგორც "ვაჟნიე ისტორიის" წყაროები ამტკიცებენ, ჩეჩნეთის ლიდერის უახლოეს თანამებრძოლს, სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვსაც უბრძანეს, არ ჩაერიოს არანაირ "ძალისმიერ გარჩევებში, რა თანხაც არ უნდა იდოს ფსონად".
არაბულ ქვეყნებში გარანტიების ძიებას "ვაჟნიე ისტორიი" რამზან კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირებს. ჩეჩნეთის ლიდერის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია 2019 წლიდან ვრცელდება. 2023 წლის სექტემბერში რუსული მედია წერდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა, ხოლო 2024 წლის აპრილის ბოლოს "ნოვაია გაზეტა - ევროპის" ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ, მათი ინფორმაციით, კადიროვს ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაუსვეს „პანკრეასის ნეკროზის“ დიაგნოზი.
ჩეჩნეთის ლიდერი საჯარო სივრციდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბოლოს 2025 წლის იანვარში გაუჩინარდა, რაც ასევე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირეს, თუმცა თავად ჩეჩნეთში ამ ცნობას „დეზინფორმაცია" უწოდეს.
ვლადიმირ პუტინი ბოლოს ჩეჩნეთში 2024 წლის აგვისტოში იმყოფებოდა: რუსეთის პრეზიდენტი გროზნოში ჩაფრინდა, ყვავილებით შეამკო რამზანის მამის, ახმატ კადიროვის საფლავი და დაესწრო ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟის, ადამის ვარჯიშს გუდერმესში მდებარე "სპეცრაზმის რუსულ უნივერსიტეტში", სადაც დაქირავებულ ჯარისკაცებს ამზადებენ ომში მონაწილეობისთვის. ამ ვიზიტის დროს, რამზან კადიროვის დედის, აიმანის სამადლობელი სიტყვების (შვილის მხარდაჭერისთვის) პასუხად პუტინმა თქვა: „ეს ნორმალურია, ასეც უნდა იყოს მეგობრებს შორის. ჩვენ ყოველთვის უნდა დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს".
უსაფრთხოების არანაირი გარანტიები რუსეთში?
რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის (www. kavkazr.com) მიერ გამოკითხულ არც ერთ ანალიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ რამზან კადიროვი თავის მომავალთან დაკავშირებით შეიძლება მართლაც აწარმოებდეს მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ექსპერტების თქმით, მაშინაც კი, თუ კადიროვს კრემლისგან მიღებული აქვს რაიმე სახის გარანტიები, მხოლოდ მათ იმედზე ყოფნა საბედისწერო წინდაუხედაობა იქნებოდა.
„იმის მიუხედავად, თუ რამდენად სერიოზულია კადიროვის დაავადება, მისი შესაძლებლობები, მემკვიდრეობითი გადასცეს ხელისუფლება, შეზღუდულია. თუ კადიროვი ან პუტინი მოულოდნელად გარდაიცვლებიან, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის აბსოლუტურად ვერანაირი გარანტია ვერ იმუშავებს, გარდა იმისა, რაზეც მან შეიძლება დამოუკიდებლად მოილაპარაკოს", - მიიჩნევს ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა ანალიტიკოსი, ჰაროლდ ჩემბერსი რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან საუბარში.
ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი დმიტრი დუბროვსკიც, რომლის თქმითაც, ყველაფერი, რაც ჩეჩნეთს ეხება, ვლადიმირ პუტინის პირადი ამბავი და ისტორიაა:
„ეს ისტორია არ გადაეცემა მემკვიდრეობით. ვინც არ უნდა გახდეს პუტინის მემკვიდრე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ავტომატურად გაუჩნდება სურვილი, დაიცვას ყოველივე ის, რის გარანტიასაც პუტინი იძლეოდა".
ფსბ დიდხანს აგროვებდა კომპრომატებს კადიროვზე
კადიროვი რეგულარულად სთავაზობდა თავის "მომსახურებას" რუსეთის ხელისუფლებას, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა (ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე) „პრობლემების გადაჭრის სპეციალისტი".
„უცნაური იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის მეთაური არ გამოიყენებდა ამ შესაძლებლობებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის“, - მიიჩნევს უფლებადამცველი ცენტრის, "მემორიალის" საბჭოს წევრი ალექსანდრ ჩერკასოვი.
მისი თქმით, რეგიონში კადიროვის საქმიანობა (მაგალითად, "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლების ცოლებისა და შვილების დაბრუნება სირიიდან და ერაყიდან; ჰაჯის ორგანიზება; დიპლომატიური შეხვედრები მონარქებთან და ა.შ.) - შეიძლება კრემლის მიერ აღქმული ყოფილიყო როგორც დასაშვები და ზოგჯერ სასარგებლოც კი.
„მაგრამ გრძნობს თუ არა კადიროვი თავს უსაფრთხოდ? საკითხავი ესაა! კადიროვის ურთიერთობები მოსკოვთან, და უპირველეს ყოვლისა ფედერალურ სპეცსამსახურებთან, რბილად რომ ვთქვათ, უხინჯო ნამდვილად არ არის. არმიისა და ფსბ-ს ძველი კადრები ნაკლებად მიიჩნევენ მას თავისიანად. ხოლო კადიროველების მცდელობები, წინასწარ განეჭვრიტათ პუტინის სურვილები და შესაბამისად ემოქმედათ, ზოგჯერ საპირისპირო ეფექტს იძლეოდა. გავიხსენოთ ბორის ნემცოვის მკვლელობა, რომელიც ჩაიდინეს კადიროვის კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურების წარმომადგენლებმა. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო პუტინის პირდაპირი ბრძანება - პირველ თვეებში კრემლს არ უცდია მომხდარის გამართლება. თანაც ნემცოვი მოკლეს კრემლის კედლიდან ას მეტრში, რამაც უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ფსბ და ფსო (ФСО - სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახური). ასე რომ, ჩეჩნეთის ლიდერის რთულ ისტორიაში რუსეთის სპეცსამსახურები ასევე დაინტერესებული მხარეა, რომელიც თავის თამაშს თამაშობს", - ამბობს ალექსანდრ ჩერკასოვი.
რამზან კადიროვსა და ფედერალურ სპეცსამსახურებს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე საუბრობს დმიტრი დუბროვსკიც:
„ჩვენ კარგად ვიცით, როგორ სძულთ ბატონი კადიროვი პუტინის ხალხს, რადგან კადიროვმა შექმნა სახელმწიფო სახელმწიფოში, სადაც ფსბ-საც კი არაფრის გაკეთება არ შეუძლია მისი ნებართვის გარეშე. ვფიქრობ, კადიროვსა და „სპეცებს“ ურთიერთობების გრძელი ისტორია აქვთ. ამიტომ, სულაც არ გამიკვირდება, თუ ფსბ დიდხანს აგროვებდა კომპრომატებს კადიროვზე და ბოლოს შეაგროვა კიდეც".
ღია კარი აღმოსავლეთში
„ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტები არ აზუსტებენ, ვისთან შეიძლებოდა კადიროვს ჰქონოდა საიდუმლო მოლაპარაკებები. ღია მონაცემების მიხედვით კი, ჩეჩნეთის ხელისუფლება ერთდროულად ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნითაა დაინტერესებული.
სამწლიანი პაუზის შემდეგ რამზან კადიროვმა კვლავ გააქტიურა კონტაქტები ბაჰრეინის მეფესთან. 2024 წლის თებერვალში მანამას სტუმრობდა კადიროვის შვილი ადამი, რომელიც ცნობილია მრავალრიცხოვანი ჯილდოებით, პატიმრობაში მყოფი ნიკიტა ჟურაველის ცემით და სხვა „საგმირო“ საქმეებით. 2024 წლის მაისში ჩეჩნეთის მეთაური ბაჰრეინის მოქმედ მეფეს, ჰამად იბნ ისა ალ ხალიფას შეხვდა მოსკოვში პუტინთან აუდიენციის წინ. 2024 წლის ოქტომბერში რამზან კადიროვი თავად გაემგზავრა სამეფოში, სადაც მას თან ახლდნენ შვილები - ადამი და ელი.
უცნობია ამ კავშირების როგორც ზუსტი მიზნები, ასევე შესაძლო მოლაპარაკებების შინაარსი. როგორც წესი, კადიროვის ადმინისტრაციის ოფიციალური პრესრელიზები შემოიფარგლება მეგობრული ურთიერთობების მხარდაჭერის ფორმულირებებით.
კადიროვი მსგავს შეხვედრებს მართავს იორდანიის წარმომადგენლებთანაც და მათში ასევე მონაწილეობენ უმცროსი კადიროვები. მიიჩნევა, რომ ამანთან თანამშრომლობა დაკავშირებულია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენასთან, რის ინიციატივასაც თითქოს გროზნო იჩენს. თუმცა პოლიტიკის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ყურადღება ძირითადად მიმართულია საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე.
„კადიროვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფლობს უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს, მისი ოჯახი კარგად იცნობს რეგიონს. ურთიერთობები ყალიბდებოდა, მათ შორის, შეიხ ზაიდის ფონდის მეშვეობით", - ამბობს ანალიტიკოსი ჰაროლდ ჩემბერსი.
საამიროებთან ჩეჩნეთის ხელისუფლების ხანგრძლივ და „ნაყოფიერ" კავშირებზე ლაპარაკობს ალექსანდრე ჩერკასოვიც:
„2009 წელს დუბაიში გრუ-ს (ГРУ - მთავარი სადაზვერვო სამმართველო) ჩეჩნური ბატალიონის ("ვოსტოკ") ყოფილი მეთაურისა და კადიროვის სავარაუდო კონკურენტის - სულიმ იამადაევის მკვლელობის შემდეგ, რესპუბლიკის ხელისუფლება ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მკვლელი აღმოჩნდა მეჯინიბე, რომელიც უვლიდა რამზან კადიროვის კუთვნილსა და დუბაის დოღში მონაწილე ულაყს. როგორც ამტკიცებდნენ, იარაღი მკვლელს გადასცა ადამ დელიმხანოვმა - კადიროვის "მარჯვენა ხელმა". მკვლელი მეჯინიბე დააკავეს, დელიმხანოვზე კი საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა კონფლიქტის მოსაგვარებლად. რადგან საამიროებში მოქმედი შარიათის კანონების თანახმად, მკვლელობა კერძო ბრალდების საქმედ ითვლება, შესაძლებელი გახდა გამოძიების დახურვა "მხარეთა მორიგების" პრინციპით".
ალექსანდრ ჩერკასოვის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კავშირები კადიროველებს ასევე დასჭირდათ 2015 წელს, ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ.
„მაშინ რამზან კადიროვი და მისი უახლოესი გარემოცვა სწრაფად აღმოჩნდნენ „ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების“ გამო საამიროებში, სადაც დარჩნენ მანამ, ვიდრე მოსკოვში არ შეცვალეს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი: იგორ კრასნოვის ნაცვლად დანიშნეს სხვა გამომძიებელი, რომელმაც, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნაცვლად, დაიწყო მისი ჩამოშლა", - ამბობს ალექსანდრ ჩერკასოვი.
მისივე თქმით, ჩეჩნეთის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ „კარი ახლო აღმოსავლეთში" ყოველთვის ღია იყოს როგორც მისთვის, ასევე მისი გარემოცვისთვის. „ახლა ასეთი კარი ფართოდაა გაღებული არაბთა საამიროებში“, - მიაჩნია პოლიტოლოგს.
კადიროვის ოჯახი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. მათ ეკუთვნით:
14.4 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე;
ასევე ექვსი მილიონი დოლარის ღირებულების კიდევ სამი ვილა (დუბაის კონტინენტურ ნაწილში), რომლებიც 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა ჩეჩნეთის ლიდერის ბიძაშვილმა შახრუდი ედილგირიევმა;
აქვე ძვირად ღირებული ბინები ასევე აქვთ მეწარმე რუსლან ბაისაროვს, რომელსაც მედიაში კადიროვის "საფულეს" უწოდებენ, და ხას-მაგომედ თაიმასხანოვს - ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ძმისშვილს.
დუბაის რეგულარულად სტუმრობენ რამზან კადიროვის შვილები. მაგალითად, ელი იქ ვარჯიშობს შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონებთან ერთად. 2023 წელს ხადიჯათ და ახმატ კადიროვებმა მონაწილეობა მიიღეს კლიმატის სამიტში, რომელსაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უმასპინძლეს. აქვე ისვენებენ ხოლმე კადიროვის ოჯახის უმცროსი წევრები, რომლებიც ადგილობრივი კანონების დარღვევაშიც არიან შემჩნეული. მაგალითად ორი წლის წინ ჩეჩნეთის ლიდერის არასრულწლოვანმა შვილებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ისინი მაღალი გამავლობის ავტომობილებს მართავენ ქალაქის ქუჩებში. არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობის თანახმად, მართვის მოწმობა არ გაიცემა 18 წლამდე ასაკის პირებზე.
ჩეჩნეთის ხელისუფლების მჭიდრო კავშირებს აბუ-დაბისთან ასევე ადასტურებს აღმოსავლეთმცოდნე რუსლან სულეიმანოვი, თუმცა ის ეჭვობს, რომ კადიროვის შესაძლო საიდუმლო მოლაპარაკებების საგანი თავშესაფრის მიღების საკითხი იყო.
„ასეთმა თემამ შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასთან, ანუ პუტინთან, რაც მონარქების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ვფიქრობ, რომ უკიდურეს შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს რაღაც უძრავი ქონების არსებობაზე, ერთგვარ სათადარიგო აეროდრომზე კადიროვისთვის, მაგრამ არა კრემლის პოლიტიკიდან გადახვევაზე. ანუ, დიახ, კადიროვს შეუძლია წავიდეს საამიროებში, დარჩეს იქ გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მხარეს დადგება", - ამბობს რუსლან სულეიმანოვი.
დმიტრი დუბროვსკის თქმით კი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან განიხილავდა ჩეჩნეთის ლიდერი თავის მომავალს, ბევრ რამეზე მეტყველებს თვითონ მოლაპარაკების ფაქტი, რასაც „ვაჟნიე ისტორიი“ ამტკიცებს.
„ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მზადაა "პუტინის ერთგული ქვეითი" თავი გასწიროს მისთვის. არა, კადიროვი არ არის მზად მოკვდეს პუტინისთვის. ის მზადაა მისთვის... გაიქცეს. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოხდება, კადიროვი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გაიქცევა. საკუთრივ, სწორედ ამისთვის ირჯება ის", - ამბობს პოლიტოლოგი.
- 2024 წელს რამზან კადიროვი მონაწილეობას იღებდა რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელმძღვანელების მოლაპარაკებებში. ჩეჩნეთის მეთაური, ფაქტობრივად, რუსეთის ერთადერთი გუბერნატორია, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ასეთი დონის შეხვედრებში. კრემლი კადიროვს იყენებს, როგორც შუამავალს ისლამურ სამყაროში თავისი ინტერესების გასატარებლად, კადიროვი კი თავის პოლიტიკურ გავლენას აფართოებს.
- ახმატ კადიროვის ფონდმა, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის "ალტერნატიულ ხაზინასაც" უწოდებენ, აფრიკაში მეჩეთების მშენებლობის ანგარიში გამოაქვეყნა. მანამდე ორგანიზაცია იტყობინებოდა ღაზის სექტორში, სირიაში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კადიროვის ეს საგარეო პოლიტიკური ინიციატივები დაკავშირებულია კრემლის სურვილთან, გამოიყენოს იგი "რბილი ძალის" სახით იმ ისლამურ რეგიონებში, რომლების მიმართაც მოსკოვს მაღალი ინტერესი აქვს.
ფორუმი