Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი, ნემცოვი, ბერეზოვსკი, პოლიტკოვსკაია... პუტინის კრიტიკოსები, რომლებიც მოკლეს ან გარდაიცვალნენ საეჭვო ვითარებაში


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რადიო თავისუფლება იხსენებს რუსეთის პრეზიდენტთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც მოკლეს ან დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში.

16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გაავრცელა ცნობა ციმბირის ერთ-ერთ კოლონიაში რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.

ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის საკმაოდ ბევრი კრიტიკოსია მოკლული ან გარდაცვლილი ისეთ ვითარებებში, რომლებიც, სულ ცოტა, ეჭვებს უჩენენ პოლიტიკის ანალიტიკოსებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს.

ოფიციალური მოსკოვი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკურ მკვლელობებთან კავშირს. თუმცა, ჯერ კიდევ 2017 წელს რუსმა პოლიტიკოსმა და უშიშროების სამსახურის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენადი გუდკოვმა გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთში დანერგილი იყო პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის პრაქტიკა, რაზეც მიუთითებს ვლადიმირ პუტინის იმ კრიტიკოსებისაგან შემდგარი სია, რომლებიც მოკლეს ან დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში:

ბორის ნემცოვი, 2015 წ.

ბორის ნემცოვი
ბორის ნემცოვი

1990-იან წლებში ბორის ნემცოვი იყო პოსტსაბჭოთა რუსეთის „ახალგაზრდა რეფორმატორების“ პოლიტიკური ვარსკვლავი, რომელიც ერთი ხანობა იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობას და განიხილებოდა პრეზიდენტ ბორის ელცინის მემკვიდრედ - რუსეთის მომავალ პრეზიდენტად. 2000 წელს ელცინი შეცვალა პუტინმა. მართალია, ნემცოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ არჩევანს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლებები და ოპოზიციური პარტიები, ნემცოვმა დაიწყო მისი მწვავე კრიტიკა.

2011 წელს ბორის ნემცოვი აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო, ხელმძღვანელობდა მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებს, წერდა მამხილებელ სტატიებს კორუფციის შესახებ.

2015 წლის 27 თებერვალს ბორის ნემცოვმა მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა მიეღოთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ დაგეგმილ დემონსტრაციაში.

ამ მოწოდებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიტიკოსი მოკლეს.

ნემცოვს უცნობმა თავდამსხმელებმა ზურგში ოთხი ტყვია ესროლეს.

მაშინ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება „პირად კონტროლზე“ აიყვანა.

პოლიტიკოსის მკვლელობაში ბრალი ჩეჩნეთის 5 მკვიდრს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოფიცერს დასდეს. გამოძიებას მკლელობის დამკვეთები არ დაუსახელებია.

The Insider-ის, Bellingcat-ისა და ბი-ბი-სის ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2022 წელს დაადგინა, რომ ბორის ნემცოვს მკვლელობამდე ერთი წლის განმავლობაში უშიშროების ფედერალური სამსახურის იგივე თანამშრომლები აკვირდებოდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვა ოპოზიციონერების ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და დმიტრი ბიკოვის წინააღმდეგ მოწყობილ თავდასხმებთანაც არიან დაკავშირებული.

ბორის ბერეზოვსკი, 2013 წ.

ბორის ბერეზოვსკი, მილიარდერი, ოლიგარქი, მიეკუთვნებოდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის ახლო გარემოცვას 1990-იანი წლების ბოლოს.

მიჩნეულია, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის პუტინის ხელისუფლებაში მოსვლაში (მასვე მიეწერება მედიაკამპანიის წარმოება, რომელმაც ბორის ნემცოვის რეპუტაცია შელახა).

ახალი პრეზიდენტის პირობებში ბერეზოვსკიმ ვერ შეძლო იმ გავლენის მოპოვება, რომლის იმედიც ჰქონდა.

პუტინთან კონფლიქტმა გამოიწვია მისი რუსეთიდან გაქცევა და საცხოვრებლად გადასვლა ინგლისში, სადაც იგი პერიოდულად იმუქრებოდა რუსეთში ხელისუფლების შეცვლით.

ბერეზოვსკიმ ასევე დაადანაშაულა კრემლი 2009 წელს რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრისა და მამხილებლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის ორგანიზებაში.

67 წლის ბერეზოვსკი 2013 წლის 23 მარტს იპოვეს გარდაცვლილი დიდ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში, ჩაკეტილ აბაზანაში, ყელზე მარყუჟით.

რუსეთში ბერეზოვსკიზე ძებნა იყო გამოცხადებული, სადაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე.

სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა, 2009 წ.

ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი ცნობილი იყო იმით, რომ სასამართლოებში წარმოადგენდა ჩეჩენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც უჩიოდნენ რუსეთის არმიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

ის ასევე წარმოადგენდა სასამართლოებში პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, მათ შორის - „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტს ანა პოლიტკოვსკაიას, რომელიც 2006 წელს მოკლეს.

მარკელოვი კრემლის მახლობლად ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა მოკლა.

ანასტასია ბაბუროვა, ასევე „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, მოკლეს, როდესაც სასიკვდილოდ დაჭრილი მარკელოვის დახმარებას ცდილობდა.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მკვლელობის უკან იდგა ერთ-ერთი ნეონაცისტური დაჯგუფება, რომლის ორი წევრი მოგვიანებით დააკავეს და გაასამართლეს.

სერგეი მაგნიტსკი, 2009 წ.

ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა საპყრობილეში, მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს და უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე.

მაგნიტსკი მუშაობდა ბრიტანულ-ამერიკელ ბიზნესმენ უილიამ ბრაუდერთან, იძიებდა საგადასახადო თაღლითობის მსხვილ საქმეს.

მაგნიტსკი სავარაუდოდ დააკავეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ მასშტაბურ თაღლითობაში.

2012 წელს, გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, მაგნიტსკი დამნაშავედ ცნო რუსეთის სასამართლომ გადასახადებისგან თავის არიდებაში.

სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის გამო 2012 წელს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა მის სიკვდილში მონაწილე პირებს.

შეიქმნა ე.წ. მაგნიტსკის სია. 2016 წელს უკვე გლობალური მაგნიტსკის აქტით აშშ-ის მთავრობას მიეცა უფლება მსოფლიოს მასშტაბით დაეწესებინა სანქციები ადამიანის უფლებათა დამრღვევებზე, გაეყინა მათი აქტივები, არ შეეშვა აშშ-ში. დღეისათვის მაგნიტსკის გლობალურ სიაში რამდენიმე ასეული ადამიანია შესული.

სერგეი მაგნიტსკი
სერგეი მაგნიტსკი

ნატალია ესტემიროვა, 2009 წ.

ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა იძიებდა ჩეჩნეთში ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებს.

რუსეთის უშიშროების ძალები სასტიკ რეპრესიებს ატარებდნენ ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ, რუსეთში მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერაქტის გამო.

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მსგავსად, ესტემიროვა აშუქებდა იმ სამოქალაქო პირების სავალალო ყოფას, რომლებიც ხშირად ისრისებოდნენ ორ სასტიკ მხარეს შორის.

ნატალია ესტემიროვა გაიტაცეს მისი სახლის სიახლოვეს, რამდენჯერმე ესროლეს, მათ შორის თავშიც და ცხედარი დააგდეს მახლობელ ტყეში.

ნატალია ესტემიროვას მკვლელობის გამო არავინ გაუსამართლებიათ.

ანა პოლიტკოვსკაია, 2006 წ.

ანა პოლიტკოვსკაია იყო „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი, რომელმაც თავის წიგნში „პუტინის რუსეთი“ კრემლის ლიდერი დაადანაშაულა რუსეთის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევაში.

პოლიტკოვსკაია ასევე ბევრს წერდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ.

მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს საკუთარი კორპუსის ლიფტში.

ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული იყო ხუთი ადამიანი.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რისთვისაც 150 ათასი დოლარი იქნა გადახდილი, თუმცა დამკვეთის ვინაობა „ვერ დადგინდა“.

პუტინმა უარყო კრემლის მონაწილეობა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში და თქვა, რომ „მისი სიკვდილი უფრო მეტ ზიანს აყენებს ხელისუფლებას როგორც მოსკოვში, ასევე ჩეჩნეთში... ვიდრე მისი საქმიანობა“.

ალექსანდრ ლიტვინენკო, 2006 წ.

ალექსანდრ ლიტვინენკო - კგბ-ს ყოფილი აგენტი, რომელიც გარდაიცვალა ლონდონში პოლონიუმ-210-ით გაზავებული ჩაის დალევიდან სამი კვირის შემდეგ.

ბრიტანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოწამლეს რუსმა აგენტებმა ანდრეი ლუგოვოიმ და დმიტრი კოვტუნმა, რომლებიც მოქმედებდნენ „სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებული ბრძანებით“.

რუსეთმა უარი თქვა მათ ექსტრადირებაზე. მეტიც, 2015 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ლუგოვოის მედალიც კი გადასცა „სამშობლოს სამსახურისთვის“.

ფსბ-დან წასვლის შემდეგ, ალექსანდრ ლიტვინენკო აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის სპეცსამსახურს, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობდა.

ლიტვინენკომ ასევე დაადანაშაულა რუსეთის უსაფრთხოების სამსახური 1999 წელს რუსეთის ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებების სერიის მოწყობაში, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აფეთქებებს მოჰყვა რუსეთის არმიის შეჭრა ჩეჩნეთში და მასთან ერთად პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა.

სერგეი იუშენკოვი, 2003 წ.

სერგეი იუშენკოვი - რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, ინფორმაციის ყოფილი მინისტრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი.

მას ახალი დარეგისტრირებული ჰქონდა თავისი მოძრაობა „ლიბერალური რუსეთის“ პოლიტიკურ პარტიად, როცა მოსკოვში საკუთარი სახლის წინ მოკლეს (გულ-მკერდის არეში ესროლეს).

იუშენკოვი აგროვებდა მტკიცებულებებს, რომლებიც, მისი აზრით, მიუთითებდა იმაზე, რომ 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებების უკან პუტინის მთავრობა იდგა.

2002 წელს მოსკოვშივე ასევე მოკლეს ვლადიმირ გოლოვიოვი, რომელიც, ისევე როგორც იუშენკოვი, პარტია „ლიბერალური რუსეთის“ თანათავმჯდომარე იყო.

იური შჩეკოჩიხინი, 2003 წ.

იური შჩეკოჩიხინი
იური შჩეკოჩიხინი

იური შჩეკოჩიხინი - ჟურნალისტი, რომელიც წერდა კრიმინალსა და კორუფციაზე.

შჩეკოჩიხინი იძიებდა 1999 წლის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებებს „ნოვაია გაზეტასათვის“, როდესაც 2003 წლის ივლისში იდუმალი ავადმყოფობა შეეყარა და გარდაიცვალა - შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.

რუსეთის ხელისუფლებამ მისი სამედიცინო დოკუმენტაცია საიდუმლოდ გამოაცხადა და არ გაასაჯაროვა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG