Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია ესტემიროვა - განუკითხაობის კიდევ ერთი მსხვერპლი


ნატალია ესტემიროვა
ნატალია ესტემიროვა
15 ივნისს რუსეთში ცნობილი უფლებადამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობას ბევრი ქვეყნიდან მოჰყვა გამოხმაურება. ესტემიროვას კოლეგები ფიქრობენ, რომ მისი მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ იყო სანქცირებული - ესტემიროვას მიერ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ასახვის პასუხად. ამ მკვლელობის ფონზე, ბევრი სვამს შეკითხვებს - რამდენად თვითნებურად მოქმედებს კადიროვი ჩეჩნეთში და მისი კრემლისგან დამოუკიდებლობა ზრდის თუ არა ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობის ხარისხს.

ნატალია ესტემიროვა 50 წლის იყო - ის გროზნოში, პატარა ბინაში, ცხოვრობდა და მარტო ზრდიდა 15 წლის ქალიშვილს.

ესტემიროვა უფლებადამცავ ორგანიზაცია ”მემორიალში” მუშაობდა და წლების მანძილზე აღრიცხავდა ჩეჩნეთში ადამიანების გაქრობის, წამებისა და მკვლელობის შემთხვევებს.

როგორც ”მემორიალის” ხელმძღვანელმა ოლეგ ორლოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ერთგული რაზმების მიერ ადამიანების გატაცების ფაქტების გამოძიება ესტემიროვას განსაკუთრებულ საფრთხეში აგდებდა:

”რამზან კადიროვი პირადად იყო უკმაყოფილო ნატაშა ესტემიროვას მოღვაწეობით. პირად საუბარში რამზან კადიროვი მას პირდაპირაც დამუქრებია. ნატალიამ გვიამბო, რა უთხრა მას კადიროვმა: ”დიახ, მე ხელები სისხლში მაქვს და ამის არ მრცხვენია. მე ვანადგურებდი ცუდ ადამიანებს და ამას მომავალშიც გავაგრძელებო”. შემდეგ კი მან ნატალიას შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებებით მიმართა.”

ესტემიროვა ოთხშაბათს მოკლეს. ის გროზნოში სახლიდან გასვლისას გაიტაცეს და მოგვიანებით ინგუშეთში იპოვეს მოკლული.

რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა ხუთშაბათს მოსკოვში შემდეგი განცხადება გააკეთა მკვლელობის შესახებ:

”მას ორი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. ის ძალის გამოყენებით ჩასვეს თეთრი ფერის ვაზ-2107 მარკის ავტომობილში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით - ამავე დღის 16 საათსა და 30 წუთზე - მიაგნეს ესტემიროვას გვამს, რომელსაც თავისა და გულმკერდის არეში ნატყვიარები ჰქონდა. გვამი ფედერალურ გზატკეცილ ”კავკაზიდან” რამდენიმე მეტრის მოშორებით, გზაზე იპოვეს, სოფელ ღაზი-იურტის სიახლოვეს, ნაზრანის რაიონში, ინგუშეთის რესპუბლიკაში.”

ესტემიროვას მკვლელობას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ვაშინგტონში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის ამ ფაქტით ”ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია”. ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლის" განცხადებით, მისი მკვლელობა ”რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობაა.”

ესტემიროვას სიკვდილი ბოლო შემთხვევაა კადიროვის კრიტიკოსებისა თუ კონკურენტების მკვლელობათა სერიაში. აქ შედიან ესტემიროვას კოლეგა, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, და კადიროვის ყოფილი მცველი, რომელსაც ვენის ერთ-ერთ ქუჩაზე დაედევნენ და მოკლეს.

პრინციპულობით ცნობილი ”ნოვაია გაზეტას” რედაქტორი დმიტრი მურატოვი ამბობს, რომ ესტემიროვას უკანასკნელად იანვარში ესაუბრა - კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსის, სტანისლავ მარკელოვის, მოსკოვში მკვლელობის შემდეგ:

”ვუთხარი, ნატაშა, სასწრაფოდ გაეცალე მანდაურობას-მეთქი, სასწრაფოდ. არავინ გიშველის. მათ უკვე აღარაფერი ზღუდავს. ჩქარა, ჩქარა გაასწარი-მეთქი. მიპასუხა, მესმისო.”

მიმდინარე წელს მოსკოვმა ჩეჩნეთში ე.წ. ”კონტრტერორისტული ოპერაცია” დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ მას შემდეგ ჩეჩნეთსა და მის მოსაზღვრე რეგიონებში მოიმატა მკვლელობებისა და აფეთქებების რიცხვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ესტემიროვას მკვლელობა დაგმო და გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. მაგრამ, მურატოვის თქმით, ამ მკვლელობის ფონზე, ბევრი განახლებული ინტერესით სვამს შეკითხვას, მაინც რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებს კადიროვი ჩეჩნეთში:

”ამ მკვლელობის ირგვლივ ორი ძირითადი ვერსია გავრცელდება. პირველი - რომ ის კადიროვმა მოკლა, და მეორე - რომ ის კადიროვის დადანაშაულების მიზნით მოკლეს. და მერე ყველა გაუთავებლად ილაპარაკებს ამ ორ ვერსიაზე. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს საგანგებო ტერიტორიები, სადაც კონსტიტუცია არ ვრცელდება, იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს.”

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ესტემიროვა აცხადებდა, რომ კადიროვის ძალებმა მოუხშირეს ადამიანების გატაცებასა და მკვლელობებს, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. მისი ბევრი თანამოაზრისთვის თავად ესტემიროვას მკვლელობა ამის უტყუარი დასტურია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG