კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრებში ექსპერტიზამ ხელყუმბარების ფრაგმენტები აღმოაჩინა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა 5 ოქტომბერს „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა. პუტინი აცხადებს, რომ ამის შესახებ მას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა აცნობა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ალკოჰოლზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პეტერბურგში პრიგოჟინის ოფისში ხუთი კილოგრამი ნარკოტიკი და 10 მილიარდი რუბლი ნაღდი ფული იპოვეს.
- 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
- თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.